#MBFW TBILISI #მოდა

MBFW TBILISI - გაზაფხული-ზაფხულის კოლექციები

გაზიარება:

 | ნანკა კიკალია |

Mercedes Benz თბილისის მოდის კვირეული ახალი სეზონით კვალავ ციფრულ ფორმატში გვიბრუნდება. 6 - 9 მაისს ქართველი დიზაინერები შემოდგომა-ზამთრის კოლექციებს წარადგენენ, მანამდე კი გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებს გაგაცნობთ, რომლებიც ასევე ციფრულ ფორმატში მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის ფარგლებში ქართველმა დიზაინერებმა წარადგინეს.

2020 წლის ნოემბერში MBFW თბილისის ოთხდღიანი ღონისძიება ქართული მოდისთვის ერთგვარ ვირტუალურ გამოცდილებად იქცა. წინასწარ გავრცელებული განრიგის მიხედვით, სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე mbfwtbilisi.online განთავსდა ქართველი დიზაინერების პროფაილები, ჩვენებები, პერფომანსები და ფილმები. ციფრული მოდის კვირეული უნიკალურ გამოცდილებად იქცა ასევე ფართო საზოგადოებისთვის, ნებისმიერ მსურველს შეეძლო დასწრებოდა ქართველი დიზაინერების ჩვენებებს.

LADO BOKUCHAVA

ლადო ბოკუჩავამ ავთენტური ქართული ბრენდი 80-იანი წლების ანდერგრაუნდისა და თანამედროვე სტილების მიქსით 2017 წელს დააფუძნა. დიზაინერის ყოველი კოლექცია იდეალურად წარმოადჩენს კლასიკურისა და ქალაქური სტილების მიქსს და მათ ფუტურისტულ დეტალებს.

ლადო ბოკუჩავა შთაგონებას განსხვავებული სტილის ფილმებსა და წიგნებში პოულობს, ალბათ სწორედ ეს განაპირობებეს მისი ყოველი ახალი კოლექციის განსხვავებულობასა და ორიგინალურობას. გამონაკლისი არც 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის ციფრული ჩვენება ყოფილა, რომელიც თვალისმომჭრელმა ფერებმა და ასიმეტრიულმა ფორმებმა ყველასგან გამოარჩია.

KEBURIA

ქართველმა დიზაინერმა და ცნობილი ბრენდს Keburia-ს დამაარსებელმა, გიორგი ქებურიამ, 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის კიდევ ერთი სიურეალისტური პრეზენტაცია წარმოგვიდგინა. ნათელია, რომ ქებურიასთვის ციფრული ფორმატი კრეატივის მოზღვავების წყარო გახდა და მან მართლაც, რომ შთამბეჭდავი კოლექცია წარადგინა.

გიორგი ქებურიას 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია ამჯერადაც, ფემინურობის იდეალური ინტერპრეტაცია გახლდათ, მასკულინური შტრიხებითა და სწორხაზოვანი დეტალებით.

SITUATIONIST

ირაკლი რუსაძე თვითნასწავლი დიზაინერი და ცნობილი ქართული ბრენდის SITUATIONIST-ის დამაარსებელი გახლავთ. ირაკლიმ საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში, 15 წლისამ გაიკვლია გზა მოდის ინდუსტრიაში, 21 წლის ასაკში კი Mercedes-Benz Fashion Week-ზე პირველი კოლექციაც წარადგინა.

ირაკლი რუსაძის ხელწერის ამოცნობა რთული არასდროსაა, ის ყოველთვის განსხვავებულ და შთამბეჭდავ კოლექციებს გვთავაზობს, რომლებსაც ფონად მუდამ ქართული ისტორიული მემკვიდრეობისა და ავანგარდული ხედვის მიქსი გასდევს. სწორედ, ამ ორი  სტილის თანხვედრა აქცევს SITUATIONIST-ის თითოეულ კოლექციას უნიკალურსა და მდიდარს, რისი თქმაც 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაზეც თამამად შეგვიძლია.

ANOUKI

„პანდემიის პერიოდში დავფიქრდი, გადავაფასე ძალიან ბევრი რამ და მივხვდი, რომ ვარ იმ სფეროში, რომელიც მეორე ადგილას არის, სამწუხაროდ, გარემოს დაბინძურების კუთხით. პირველ რიგში ჩვენ, დიზაინერებმა უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მაქსიმალურად ავუხსნათ მომხმარებელს, რატომ უნდა შეიძინონ ატელიეში დამზადებული პროდუქცია. ეკოლოგიაზე ზრუნვა უნდა გახდეს ჩვენი ყოველდღიური საფიქრალი“.

„წლევანდელ ჩემს კოლექციაში ყველაზე ნაკლები ნაჭერი მაქვს გამოყენებული, ვეცადე, რომ კიდევ უფრო მეტად გამეკეთებინა ისეთ სილუეტზე აქცენტი, რომელიც შეგიძლიათ, რომ სხვა დროსაც ჩაიცვათ“ - განაცხადა ANOUKI-ს ბრენდის დამფუძნებელმა და მისმა კრეატიულმა დირექტორმა ანუკი არეშიძემ 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაზე საუბრისას.

TATUNA

ტატუნა ნიკოლაიშვილმა, ბრენდი TATUNA, 2008 წელს დაარსა, ტატუნამ პირველი შოუ 16 წლის ასაკში წარუდგინა ფართო აუდიტორიას და მას შემდეგ წარმატებით მოღვაწეობს, როგორც ქართულ მოდის კვირეულზე, აგრეთვე უცხოურ შოურუმებში.

TATUNA გონიერი მოდის ნაწილია და მას სხვებისგან ყოველთვის გამოარჩევს ასიმეტრიული თუ ღრმა ჭრილები, ძვირადღირებული ნაჭრები, მინიმალისტური სილუეტები და უჩვეულო ფორმები.

INGOROKVA 

თამუნა ინგოროყვა ტანსაცმლის დიზაინს 2002 წლიდან ქმნის და დიდი წარმატებით არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც საკმაო პოპულარობით სარგებლობს. ინგოროყვა და მისი ნამუშევრები წარმოადგენენ თავდაჯერებული ქალის სახეს, რომელიც თანამედროვეობის, დინამიკურობისა და ინტელიგენციის ხმამაღალი განაცხადია.

2021 წლის გაზაფხული ზაფხულის კოლექციაში თამუნა ინგოროყვამ ნეიტრალურ ფერებთან ერთად, ამ სეზონების რამდენიმე ფავორიტი ფერის - მათ შორის წითლის, ცისფერისა და ღია ყვითელის სილუეტები შემოგვთავაზა.

AVTANDIL 

ქართული მოდის პოდიუმის ერთ-ერთი პიონერი დიზაინერისთვის, ავთანდილ ცქვიტინიძისთვის, ქალურობის და მისი მრავალმხრივი სილამაზის ჩვენება, ჯერ კიდევ 2000-იანი წლებიდან მისი კოლექციების მთავარი სათქმელი გახლდათ. ავთანდილი, ყოველ ახალ ქმნილებას საკუთარ მნიშვნელობას სძენს და წინა ჩვენებებისგან მუდმივად გამოარჩევს.

ავთანდილ ცქვიტინიძე გახლავთ დიზაინერი, რომელმაც იდეალურად აუწყო ფეხი მოდის ყოველ ახალ გადადგმულ ნაბიჯს და თითოეულ ცვლილებასა თუ გარდასახვას მომზადებული დახვდა. 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში, ავთანდილმა საკუთარი ნიშა შეინარჩუნა და მკაცრად თანამედროვე ქალის სილუეტები წარმოგვიდგინა.

AKA PRODIASHVILI 

აკა ფროდიაშვილის სახელი და ბრენდი ქართული მოდის სამყაროსთვის ახალი ხილია, 25 წლის დიაზინერმა მოღვაწეობა სტილისტის ამპლუაში დაიწყო და წლების განმავლობაში საოცარი წარმატებით თანამშრომლობდა როგორც ქართულ, ასევე უცხოურ გამოცემებსა თუ პროექტებთან.

აკამ პირველი ნაბიჯები თბილისის Mercedes Benz Fashion Week-ზე 2019 წელს, გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებით გადადგა და ინდივიდუალური ხედვის, უნიკალური გემოვნებისა და თავდაჯერებული სილუეტების წყალობით აღიარება გამოჩენისთანავე მოიპოვა. აკას კოლექციები, მათ შორის მისი უახლესი ნამუშევარიც, ხაზს უსვამს ფემინურ ესთეტიკას, მასკულინურ შტრიხებსა და შავი კომედიის უსაზღვრო ფანტაზიას.

ზევით