#მოდა

MBFW თბილისის 23/24 წლის შემოდგომა/ზამთრის ჩვენებების განრიგი ცნობილია

გაზიარება:

თბილისი მსოფლიო მოდის რუკაზე ბრუნდება, 4 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით, დედაქალაქში ყველაზე მნიშვნელოვანი მოდური მოვლენა თბილისის Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული ბრუნდება. ორ სეზონიანი პაუზის შემდეგ, მოდის კვირეული განახლებული ძალებით, საინტერესო სიახლეებითა და ახალი თაობის შემოქმედებით ჩატარდება.

თბილისური მოდის ზეიმს ტრადიციისამებრ მსოფლიო მოდის კრიტიკოსები, ბაიერები და საერთაშორისო პრესის წარმომადგენლები დაესწრებიან.

4 მაისს, 23/24 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენებები ოფიციალურად იწყება. თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის მე-15 სეზონის ლოკაციად Factory Tbilisi შეირჩა, რომელმაც მოდის კვირეულის ციფრულ ჩვენებებს ერთხელ უკვე უმასპინძლა. ამჯერად, Factory Tbilisi სტუმრების მისაღებადაც მზად არის. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩვენებები ასევე თბილისის სხვადასხვა ისტორიულ ლოკაციაზეა ჩანიშნული.

თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის მე-15 სეზონი ერთკვირიან ზეიმს უმასპინძლებს, რომელიც კონფერენციებს, გამოფენებსა და პანელის დისკუსიებს მოიცავს. ღონისძიებების მიზანი ქართულ და საერთაშორისო მოდისა და ხელოვნების სცენაზე ყურადღების გამახვილებაა.

MBFW თბილისზე წელსაც გამოვლინდებიან პრესტიჟული საერთაშორისო დიზაინის კონკურსის - BeNext-ის გამარჯვებულები. BeNext-ის მიზანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალგაზრდა, ნიჭიერი დიზაინერების აღმოჩენა, მათი მხარდაჭერა და ბრენდის პოზიციონირების მსოფლიო მოდის ასპარეზზე ხელშეწყობაა.

მოდის კვირეული 4 მაისს, 19:00 საათზე, Factory Tbilisi-ში სწორედ BeNext-ის მონაწილეთა ნამუშევრების ჩვენებით გაიხსნება.  კვირეულის სრული განრიგი შეგიძლიათ იხილოთ კალენდარზე.

4-8 მაისს, თვალი ადევნეთ TheDiary-ს! საქართველოში მიმდინარე ყველაზე მნიშვნელოვან მოდურ მოვლენას წელსაც ჩვენი მკითხველისთვის გავაშუქებთ.

ზევით