#მოდა

მექსიკელმა ანტრეპრენერებმა კაქტუსის ფოთლებისგან ვეგანური ტყავი დაამზადეს

გაზიარება:

თუკი ბოლო წლებში მიღებულ საუკეთესო ცხოვრებისუელ გაკვეთილზე გვსურს საუბარი, უდავოდ, უნდა აღვნიშნოთ ადამიანების სწრაფვა მეტად გაცნობიერებული, რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებისკენ, რომელიც პირდაპირ აისახება ჩვენს გარემოზე, დედამიწაზე. მდგრადობა და ნებისმიერი ახალი წამოწყება, რომელიც ბუნებაზე მინიმალურ ეფექტს ახდენს, ყოველთვის ყურადღების ეპიცენტრში ექცევა. Desserto სწორედ ასეთი ინოვაციური მექსიკური ბრენდია, რომელიც კაქტუსისგან ვეგანურ ტყავს ქმნის.

ადრიან ლოპეს ველარდე და მარტე კაზარესი საერთო იდეის გარშემო რამდენიმე წლის წინ გაერთიანდნენ, ანტრეპრენერებმა მიზნად ცხოველური ტყავის cruelty-free ალტერნატივით ჩანაცვლება დაისახეს. და სწორედ ასე, ადრიანმა და მარტემ, კაქტუსისგან პირველი ორგანული ტყავი შექმნეს, რომელიც არა მხოლოდ cruelty-free ნაწარმია, არამედ აკმაყოფილებს რამდენიმე გიგანტი ინდუსტრიის მოთხოვნებსაც და შესაძლებელია გამოყენებულ იქნას, როგორც მოდაში, აგრეთვე ავეჯსა და საავტომობილო ინდუსტრიაში.

Desserto-ს ტყავი აგრეთვე მოქნილი, სუნთქვადი და გამძლეა, რაც მას ცხოველური და სინთეტიკური ტყავის იდეალურ შემცვლელად აქცევს. „ორწლიანი კვლევის და განვითარების შემდეგ, ჩვენ მოვახერხეთ ისეთი მასალის წარმოება, რომელიც მახასიათებლებითა და ტექნიკური სპეციფიკაციებით შეესაბამება იმ ინდუსტრიების მოთხოვნებს, რომლებიც აქტიურად იყენებენ ცხოველურ და სინთეტიკურ ტყავს" - განმარტა ლოპესმა.

ადრიანმა და მარტემ შეგნებულად აქციეს ტყავი მაქსიმალურად ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმად. ისინი არ იყენებენ სარწყავი სისტემას რანჩოში - კაქტუსი იზრდება წვიმის წყლისა და დედამიწის მინერალების გამოყენებით. კაქტუსზე არ ხვდება ჰერბიციდები და პესტიციდები, რაც მას სრულიად ორგანულს ხდის. „შერჩეული კაქტუსი ძალიან ელასტიკური და ძლიერია - მას შეუძლია გაუძლოს დაბალ ტემპერატურას ზამთარში დაღუპვის გარეშე და მას ეკლების მცირე რაოდენობა აქვს, ამიტომ ჩვენი სოფლის მეურნეობის გუნდისთვის მისი აღება უფრო ადვილი და უსაფრთხოა“ - ამბობს ლოპესი.

ზევით