#სექსი და ურთიერთობები

მესენჯერ ჩატბოტი - სექსუალური საკითხების გზამკვლევი ონლაინ სივრცეში

გაზიარება:

სხვადასხვა ასაკში ყველას გაგვჩენია კითხვები ჩვენს სხეულზე, სექსზე ან სექსუალური საკითხებზე . სკოლებში  მასწავლებლები ყოველთვის ტოვებდნენ გაკვეთილებს რეპროდუქციის შესახებ, მშობლები ჩვენ ყველა მსგავს ინტერესს მკაცრი გამოხედვით  აქრობდნენ. არ არსებობდა სივრცე, სადაც ჩვენს კითხვებს ამომწურავად უპასუხებდნენ.

ამიტომ აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით DemLab-ის მიერ წამოწყებული პროექტის FM სიამოვნების ტალღა ფარგლებში შეიქმნა სექსუალური განათლების მქონე ჩატბოტი, რომელიც ყოველთვის მზად არის დაინტერესებულ ადამიანებს  ცოდნა გაუზიაროს.  რაც მთავარია, თქვენს ინტერესებს და საიდუმლოებებს საფლავამდე ჩაიტანს და ცოცხალი თავით არავის გაუმხელს. 

რა დამხვდება ჩატბოტში?

მესენჯერ ჩატბოტში სხვადასხვა თემებია ჩაშლილი. თემები განსაკუთრებული სიფრთხილით და ყურადღებით შეირჩა იმ უამრავი პრობლემიდან, რომლებიც დღეს სქესობრივი განათლების გარშემო არსებობს. 

ჩატბოტში დაგხვდება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: რეპროდუქციული ასაკი, პაციენტის უფლებები, სექსუალური გზით გადამდები დაავადებები (სგგი), კონტრაცეფციის მეთოდები, ჰიგიენის ნორმები, ძალადობის ფორმები და პრევენცია, მსხვერპლის რეაბილიტაცია და ა.შ. 

როგორ მუშაობს და ვის ელაპარაკება ის?

ჩატბოტი არის ინოვაციური კომუნიკაციის ფორმა, რომლის ფუნქციონირება ეფუძნება ხელოვნურ ინტელექტთან ინტერაქციას. ჩატბოტების ჩაშენება შესაძლებელია ნებისმიერ ჩატში, მაგ: Facebook Messenger-ში. ბოტები საშუალებას გვაძლევს ვისაუბროთ ერთგვარ "რობოტთან", რომელიც ისე გიპასუხებთ, თითქოს ადამიანს ვესაუბრებით. 

იმისთვის, რომ ჩატბოტი გააქტიურდეს, ამ ბმულზე გადასვლის შემდეგ კოდური სიტყვა „მაზლი“ უნდა მისწერო.

ჩატბოტი ნებისმიერი 18+ ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი, რომელიც სექსუალური საკითხებითაა დაინტერესებული, თუმცა მთავარი აუდიტორია  ქალები და გოგონები არიან. 

რატომ მესინჯერ ჩატბოტი?

სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაში სქესობრივი განათლების მიღება სანდო წყაროებიდან პრობლემატურია. ხშირად, ადამიანებს კითხვების ხმამაღლა დასმა და პასუხების ძიება უჭირთ. ხოლო სივრცე, სადაც მსგავს ცოდნას მიიღებენ და თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ, თითქმის არ არსებობს. 

ამიტომ შეიქმნა ჩატბოტი, რომელიც არავის განსჯის, დასცინის, ტუქსავს, არამედ პირიქით - ბევრი საჭირო ინფორმაციით ამარაგებს. იმის ცოდნა კი, რომ შენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხს გცემს ავტომოპასუხე და არა კონკრეტული ადამიანი, აჩენს უსაფრთხოების შეგრძნებას და მეტ ნდობას. 

რამდენ ადამიანს მისწვდა ჩატბოტი?

დღეისთვის ჩატბოტი 8 000-ზე მეტ ადამიანს ესაუბრა, თუმცა ეს რიცხვი დღითიდღე იზრდება. ამ ადამიანების ნაწილი კი რამდენიმეჯერ დაბრუნდა მასთან სასაუბროდ და მეტი ინფორმაციის მისაღებად.

გარდა ჩატოტისა, პროექტის ფარგლებში შეიქმნა ინფორმაციული ბლოგები, სტატიები, ინფოგრაფიკები, პოსტერები და ვიდეოები. 

ვინ არის Imitom.ge? 

Imitom.ge არის ონლაინ მედია პლატფორმა, რომელიც ახალგაზრდებს გამოხატვის საშუალებას აძლევს და მათთვის მნიშვნელოვან თემებსა და პრობლემებს ეხმიანება. იმიტომი საზოგადოებას ცნობიერების ამაღლებაში ეხმარება, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მიიღონ და გაუზიარონ გამოცდილება სხვებს, იკამათონ აქტუალურ თემებზე ან უბრალოდ გაერთონ.

„სექსუალური საკითხების ირგვლივ პრობლემების მოგვარება ბევრი ადამიანის ჩართულობას და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ჩვენი ჩატბოტის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ ნებისმიერ დროს გვაქვს საშუალება გავაგრძელოთ მუშაობა და დავამატოთ სხვა მნიშვნელოვანი თემებიც.დიდი სურვილი გვაქვს, ჩვენი ჩატბოტი კიდევ უფრო მრავალფეროვანი და ინფორმაციული გავხადოთ, ამიტომ ამ ეტაპზე აქტიურად ვეძებთ პარტნიორებს, რომლებიც ჩვენი დიდი მიზნის მიღწევაში დაგვეხმარებიან“ - ქეთი ბოჯგუა, DemLab-ის დამფუძნებელი.

ზევით