#მოდა

მილანის მოდის კვირეული 2022: Fendi, Dolce & Gabbana და Prada

გაზიარება:

მილანის მამაკაცის მოდის კვირეულის - Milan Fashion Week 2022 შემოდგომა-ზამთრის კოლექციების ჩვენება 15-17 იანვარს, მოდის დედაქალაქში გაიმართა. მოდის კვირეულის მიმართ მოლოდინი თავიდანვე მაღალი იყო, თუმცა COVID 19-ის მსოფლიო პანდემიის და ომიკრონის შტამის მძვინვარების და ინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობის ზრდის გამო, არა ერთმა ცნობილმა ბრენდმა გააუქმა ფიზიკური ჩვენებები და ღონისძიებები.

3-დღიანი მოდის კვირეულის განრიგი მნიშვნელოვნად შემცირდა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ 2022 წლის შემოდგომა-ზამთრის ჩვენებები ისეთმა მოდის სახლებმა გააუქმეს, როგორებიც Giorgio Armani, Emporio Armani, Gucci, MSGM და JW Anderson არიან. მიუხედავად ამისა, Milan Fashion Week 2022 მაინც შედგა, რაც დიდწილად Dolce & Gabbana-ს, Fendi-სა და Prada-ს დამსახურებაა, ბრენდების, რომლებმაც თავიანთი ჩვენებებით მსოფლიოს ალაპარაკება მოახერხეს.

დიზაინერმა სილვია ვენტურინიმ Fendi-ს 2022 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციისთვის, შთაგონება 1920-იანი წლებიდან აიღო, მოდის სახლის ახალ კოლექციას, მის სილუეტებს სწორედ ამ ეპოქის გლამური და დახვეწილობა დაჰყვებოდა ფონად. თუმცა, გასული საუკუნის 20-იანი წლების გარდა მოდის სახლის კრეატიული დირექტორისთვის ინსპირაციის წყარო ქალის გარდერობიც აღმოჩნდა.

ჩვენ ქალები, ხშირად ვიცვამთ მამაკაცის ქურთუკებს, ვერ ვხვდები რატომ არ იღებენ ისინი შთაგონებას ჩვენი გარდერობებიდან - განაცხადა სილვიამ.

Dolce & Gabbana-ს ჩვენი იმედები არც ამჯერად გაუცრუებია და მოლოდინები 100%-ით გაამართლა. მამაკაცის ხაზის კოლექცია რეპერმა Machine Gun Kelly-მ მუსიკალური გამოსვლით გახსნა, თუმცა Machine Gun Kelly Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე არ იყო მხოლოდ მომღერალი, რეპის, პანკის, ემოსა და ალტერნატიული მუსიკის მიქსით, რომელიც მის პირად სტილსაც განსაზღვრავს, რეპერი წარმოადგენდა Gen Z-ის თაობას, ახალგაზრდებს რომლებიც მას ეთაყვანებიან.

სიცილიელი დიზაინერებისთვის შთაგონება Gen Z-ის თაობა, მუზა კი მეტავერსი გახდა, მამაკაცის ხაზის ჩვენებაში დიდი როლი მასიურმა სილუეტებმა და გრაფიტის პრინტებმა ითამაშეს.

თუ Dolce & Gabbana-მ პოდიუმი ერთ ვარსკვლავს დაუთმო, მიუჩია პრადამ და რამ საიმონსმა Prada-ს ჩვენებაზე ნახევარი ჰოლივუდი შეკრიბეს და დაუვიწყარი ჩვენება გამართეს. დიზაინერებმა მოდის სახლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია მთლიანად მამაკაცის საოფისე სამოსს მიუძღვნეს, მათ პრესრელიზში სიტყვაც კი არ იყო ნახსენები COVID 19-ზე, პრადამ და საიმონსმა გადაწყვიტეს, რომ მსოფლიო პანდემიაზე კონცენტრაცია უნდა დასრულდეს მოდის სამყაროში და დრო, ენერგია და რესურსი მთლიანად ყოველდღიურ სტილს მოახმარეს.

Prada-ს 2022 წლის ჩვენებაში 10-მა ცნობილმა მამაკაცმა მიიღო მონაწილეობა, შემოდგომა-ზამთრის კოლექცია კაილ მაკლაქლენმა გახსნა, ხოლო ჯეფ გოლდბლუმმა დახურა. ჩვენებაში აგრეთვე მონაწილეობდნენ: ეისა ბატერფილდი, თომას სენგსტერი, ჯეიდენ მაიკლი და სხვები.

ზევით