#მოგზაურობა

მილანში, მილანურად

გაზიარება:

მოგზაურობის სურვილით შეპყრობილი ადამიანებისთვის ცხოვრების მამოძრავებელი ძალა მუდმივად ახლის ძიების პროცესში იმალება და რადგან თავს ერთ-ერთ მათგანად მეც მივიჩნევ, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს პროცესი ჩემი ცხოვრების ელექსირია. თუმცა, არსებობს კიდევ ერთი უცნაური ჩვევა, რომელიც მოგზაურებს აერთიანებთ და მას ერთ, ამოჩემებულ ქალაქში დაბრუნება და მასში განმეორებით ჩაძირვა ჰქვია.

ჩემთვის ეს ქალაქი მილანია, მოდის დედაქალაქი, კულტურული ცენტრი, ხელოვნებისა და მუსიკის ნავსაყუდელი, გასტრონომიული აღმოჩენების ქალაქი, არა მილანი მთლიანად აღმოჩენებისაა, რომელსაც ვერასოდეს ამოწურავთ, ალბათ, სწორედ ეს შეგრძნება, მუდმივად ახლის ძიება და საკუთარი თავის ახლებურად დანახვის პერსპექტივა მხიბლავს ამ მასში ასე ძალიან. 

ჩემი უიქენდური მოგზაურობის სამიზნე ლოკაციად რჩეული ქალაქი შევარჩიე, ჩემოდანი ჩავალაგე და დაუვიწყარი 3-დღიანი თავგადასავლისთვის მოვემზადე, სადაც ახლა თქვენც გაგიყოლებთ, თუმცა გაითვალისწინეთ, ეს ბლოგ-პოსტი არა მილანის ახალწვეულებისთვის, არამედ მათთვისაა, ვინც ისევ და ისევ უბრუნდება ამ ქალაქს და ცდილობს სრულიად ახალი თვალით დაინახოს იგი.

რჩევა #1

თუ კი მილანის კულტურული ღირსშესანიშნაობების დიდი ნაწილი მონახულებული გაქვთ და ახალ თავშესაქცევს ეძებთ, მაშინ  Fondazione Prada თქვენთვის ზედგამოჭრილი იქნება. 1993 წლიდან მოყოლებული, ქალაქის ცენტრში ამაყად მდგარი შენობა, რომლის კედლებიც მსოფლიოში აღიარებული და სახელგანთქმული ხელოვანების შემოქმედებითა და ინსტალაციებით არის შემკული, პირადად ჩემ აღმოჩენად იქცა. არა თუ ერთი საათი, ალბათ, ერთი დღეც კი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ Fondazione Prada-ს თითოეული პავილიონი ფეხით შემოიარო და დატკბე ნანახით.

რჩევა #2

კულტურული მემკვიდრეობის და თანამედროვე ხელოვნების მიერ მონიჭებულ ემოციებზე საუბარს აუცილებლად ოპერით განვაგრძობ, ჩემი მეგობრული რჩევა იქნება, თუ თქვენ გაქვთ იმის დრო და ფუფუნება და ალბათ ცოტა იღბალიც, რომ მილანში თეატრს, ოპერას ან სულაც ბალეტს ეწვიოთ, ეს სიამოვნება არავითარ შემთხვევაში არ გამოტოვოთ. გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ მე გამიმართლა, რადგან ჩემს ვიზიტს ქალაქში, თავად La Scala-ს ბალეტი „დონ კიხოტი“ დაემთხვა.

ცქრიალა ენერგიით, რაფაელ დელ სავიოსა და ანა ანის თბილი ინსტალაციებით, რუდოლფ ნურეევის „დონ კიხოტმა“ სიხარულით, ვირტუოზულობითა და ქორეოგრაფიული სიმდიდრით მართლაც რომ ზღაპრულ ესპანეთში გადამისროლა და ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წუთები მაჩუქა.

რჩევა #3

გამართლებაზე ვსაუბრობდით და მილანში თავი ჰელოუინის დღესასწაულის პერიოდში ამოვყავი და რადგან ზუსტად ვიცოდი, როგორ უნდა აღმოვჩენილიყავი ერთ-ერთ საუკეთესო დახურულ ღონისძიებაზე საღამოს, შანსი ხელიდან არ გავუშვი. Lazzaroni Eventi-ს წინასწარ დავუკავშირდი და ღამე, ნამდვილად დაუვიწყარ წვეულებაზე გავატარე.

რჩევა #4

მილანში მოგზაურობას არაფრის დიდებით არ დავასრულებდი ახალი გემოს აღმოჩენის გარეშე და უნდა ვთქვა, რომ ამ მოგზაურობის განმავლობაში ეს გემო არა იტალიური სამზარეულოს პიკანტური კერძი, არამედ Penelope a casa Milano-ს სასმელი - პროსეკო ბამბის ნაყინით გახდა.

 

რჩევა #5

საყვარელ ქალაქში, საყვარელი ფოტოგრაფის კვალს მივყევი და არც მეტი, არც ნაკლები ჯიან პაოლო ბარბიერის სახლშიც აღმოვჩნდი. ლეგენდარული მოდის ფოტოგრაფი, რომელმაც გასული საუკუნის 60-იან წლებში მიჰყო ხელი საქმეს, რომლის შესახებაც ცოტა რამ იცოდა, თუმცა პედანტური ბუნების წყალობით ყველაფერი აითვისა და მალევე შეუდგა იმ სტიგმებისა და ჩარჩოების ნგრევას, რომელიც მოდის ფოტოგრაფიის გარშემო არსებობდა.

ჯიან პაოლო ბარბიერი ცოცხალი ლეგენდაა, რომლის შავ-თეთრ ნამუშევრებზე მოდისა და კინოს საკულტო ფიგურები, ყველა დროის ყველაზე დიდი დიზაინერები და მათი ქმნილებები, ამბები, ისტორიები და მომენტებია აღბეჭდილი, რომელთა ხილვის პატივი მილანში ყოფნის დროს მერგო. თუმცა, ჩემი და ბარბიერის შემოქმედების ისტორია აქ არ სრულდება, The Diary-ს მკითხველს წინ დიდი სიახლე და ექსკლუზივი ელის, რომელსაც აუცილებლად უნდა დაელოდოთ...

ზევით