#მოდა

მოდის სახლების ხელწერად ქცეული განუმეორებელი ფერები

გაზიარება:

მოდის სამყაროს ყველაზე გავლენიანი მოდის სახლების ისტორიული მემკვიდრეობა ხშირ შემთხვევაში უკავშირდებათ ადამიანებს, რომლებმაც განუმეორებელ მოდის სახლებს ჩაუყარეს საფუძველი და ისინი სამარადისო დიდებულებისთვის გამოძერწეს. პერსონებთან ერთად, მოდის სახლების ისტორიაში თანაარსებობენ ყველასგან გამორჩეული პატერნები, პრინტები და რაც ყველაზე მთავარია ერთადერთი და განუმეორებელი ფერები.

ელფერი, რომელიც სხვაში არასდროს შეგეშლება, რა უნდა იყოს მეტად უფრო დიდებული ხელწერა მოდის სახლისთვის?

დაფიქრდით, რა ასოციაცია გიჩნდებათ Tiffany & Co.-ს ხსენებისას, თუ ეს ბრენდის ნიშად ქცეული ლაჟვარდოვანი ცისფერია, რომელსაც უბრალოდ Tiffany Blue უწოდეს, მაშინ ჩანაფიქრს სწორად მიხვდით, დღეს მოდის სახლების ყველაზე გამორჩეულ ფერებზე და მათი შექმნის ისტორიებზე გიამბობთ.

Tiffany Blue

პატარა ლაჟვარდოვანი ყუთი ყველა ქალის ოცნებად მას შემდეგ იქცა, რაც ოდრი ჰეპბერნმა Breakfast At Tiffany-ში ითამაშა და მაყურებელმა ყუთი იხილა. Tiffany Blue კოდით 1837, ნიუ-იორკში ბრენდის პირველი მაღაზიის გახსნას ეძღვნება. ფერი Tiffany & Co.-ს დამფუძნებელმა, ჩარლზ ლუის ტიფანიმ თავად შეარჩია, ამ ფერს სხვაგან ვერსად აღმოაჩენთ, რადგან ის ბრენდის ექსკლუზიურ საკუთრებაში რჩება.

Valentino-ს წითელი

ისტორიაში მხოლოდ ორმა იტალიელმა მოახერხა ის, რომ მათ სახელს წითელ ფერთან აიგივებენ, პირველი უდავოდ კარავაჯოა, მეორე კი ვალენტინო გარავანი. შთაგონება ვალენტინოს ჯერ კიდევ მაშინ ეწვია, როდესაც ის სტუდენტი იყო, ინსპირაციის წყარო ბარსელონაში, ოპერაში სტუმრობის დროს ნანახი წითელი ფერი აღმოჩნდა, რომელიც ისე ღრმად ჩაებეჭდა გარავანის მეხსიერებაში, რომ წლების შემდეგ, 1959 წელს საკუთარი ატელიეს გახსნასთან ერთად სცადა საკუთარი ხელით შეექმნა ის წითელი გრადაცია, რომელმაც მასში დაუვიწყარი ემოციები აღძრა.

დაარსების დღიდან დღემდე, ვალენტინოს წითელი მოდის სახლის თითქმის ყველა კოლექციაში გვხვდება.

Chanel-ის შავი

სანამ მოდის სამყარო მუდმივად დავობს იმის თაობაზე, ვინ გაათავისუფლა ქალები კორსეტისგან - შანელმა თუ პოიემ, ერთი რამ უდავოა, შავი ფერი მთელი თავისი დიდებულებით კოკო შანელს ეკუთვნის. მოდის რევოლუციონერმა 1920-იან წლებში ხმამაღლა აღიარა პატარა შავი კაბის დიდებულება და სამუდამოდ შეცვალა შავი ფერის მიმართ როგორც ხედვა ასევე დამოკიდებულება.

ქალები ფიქრობენ ფერებზე, თუმცა არა მათ არარსებობაზე. შავ ფერს ყველაფერი აქვს, ისევე როგორც თეთრს, ისინი ერთად იდეალურ ჰარმონიას ქმნიან - კოკო შანელი.

Schiaparelli-ს ვარდისფერი

ელზა სკიპარელის, კოკო შანელის თანამედროვეს და "თანამედროვეობის განსახიერებას" (როგორც ეს ირლანდიელმა პოეტმა ლუი მაკნისმა უწოდა), ყოველთვის სურდა შეექმნა რაღაც შოკისმომგვრელი. ელზას სძულდა მედიდურობა და რუტინა, მან მოახერხა და სალვადორ დალისთან თანამშრომლობით, მნახველი შოკში ნამდვილად ჩააგდო. გარდა სკიპარელის აბსტრაქტული სილუეტებისა, ელზამ ჩანაფიქრს მუქი ვარდისფრის ულამაზესი ელფერითაც მიაღწია, რომელიც მოგვიანებით აქსესუარებსა და სუნამოს შეფუთვებში გამოიყენა.

Schiaparelli-ს ამჟამინდელი კრეატიული ხელმძღვანელი დენიელ როზბერი ელზა სკიპარელის დიდებული ვარდისფერი გრადაციით ყოველთვის ეფექტურად "თამაშობს".

Hermes-ის ნარინჯისფერი

შესაძლოა გსმენიათ ისტორიები, როგორ ყიდულობენ მომხმარებლები სამაჯურებს Hermes-ის მაღაზიებში, რათა ისინი ბრენდირებული ნარინჯისფერი ყუთებით მიიღონ და ამით ოდნავ მაინც შეიგრძნონ ამ ფერის მაგია.

ნარინჯისფერი ფერი მოდის სახლის ისტორიაში მეორე მსოფლიო ომის დროს ჩნდება, როდესაც რესურსების არ ქონის გამო ბრენდს, ოქროსფრიდან - ამ ფერის შესაფუთ ქაღალდებზე გადასვლა მოუწია. თბილი ციტრუსოვანი ტონალობა, რომელიც დინამიზმს, სიხარულსა და თავგადასავლებს გამოხატავს, მოგვიანებით Hermes-ის განმასხვავებელ ნიშნად იქცა. ნარინჯისფერი ოფიციალურად ბრენდის ისტორიაში 1960-იან წლებში დამკვიდრდა და არც მაშინ დაუკარგავს პოპულარობა, როდესაც 90-იანებში ფერი მოდის სამყაროში მასშტაბურად იყო უარყოფილი.

ზევით