#მუსიკა #საზოგადოება

MORE IS MUSIC

გაზიარება:

A2K მუსიკალური ბრენდია, რომელიც პროდიუსერს, მუსიკოსსა და დიჯეის აერთიანებს ერთი ადამიანის, ათუკა ედიშერაშვილის სახით. იბიცა, ნიუ-იორკი, მაიამი, უკრაინა, ბარსელონა და პარიზი, ეს იმ ქალაქების მცირე ჩამონათვალია, რომელთა ცნობილ კლუბებში A2K-ს მუსიკა გაჟღერებულა. მიუხედავად პანდემიით გამოწვეული დაბრკოლებებისა, ახალგაზრდა მუსიკოსი არ ჩერდება და ერთგვარი მუსიკალური მარათონიც კი მოაწყო. ახლა კი ყურებში ყურსასმენები გაიკეთეთ, გადადით beatport.com-ზე, ჩართეთ A2K მუსიკა და სტატიის კითხვა დაიწყეთ.

NEW YORK, NEW YORK

ჩემი ნიუ-იორკში წასვლა იყო სუპერ სპონტანური. დამირეკეს და მკითხეს შევძლებდი თუ არა 1 კვირაში ჩასვლას და კლუბში დაკვრას. გამომდინარე იქიდან, რომ კლუბის მფლობელებს სურდათ მუსიკის განახლება, ხოლო ჩემს ნამუშევრებს ისინი უკვე იცნობდნენ, ზუსტად 5 დღეში მსოფლიოს ყველაზე მაგარ ქალაქში გავჩნდი. მიუხედავად იმისა, რომ ნიუ-იორკში პირველად ვიყავი, ძალიან მალე ავყევი ამ ქალაქის გიჟურ ტემპს.

ათუკა ედიშერაშვილი

BACK TO BASIC 

ნიუ-იორკში ძალიან საინტერესო მუსიკოსები გავიცანი და ბევრი ერთობლივი პროექტები დავგეგმეთ, თუმცა პანდემიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. დაიხურა კლუბები, გაჩერდა ცხოვრება, ნიუ-იორკი გაჩერდა. რა თქმა უნდა ჩემს ნიუ-იორკში გაჩერებას აზრი არ ჰქონდა და თბილისში დავბრუნდი. ერთადერთი პლიუსი რაც ამ პანდემიას ჰქონდა არის ის რომ, ძალიან ბევრი თავისუფალი დრო გამიჩნდა, რაც მოქმედი არტისტისთვის ფუფუნებაა. ამ პერიოდში საკუთარ სახლში პროფესიონალური სტუდია გავაკეთე, ახლა მთელი დღეები აქ ვიკარგები და ვქმნი ბევრ, ახალ და საინტერესო მუსიკას. მოკლედ, იმდენი შევქმენი, რომ 2021 წლიდან დავიწყე გამოქვეყნება და წლის ბოლომდე ყოველ თვე ორ-ორი ტრეკი გამოქვეყნდება ლეიბლებზე Polyptych და Capital Heaven.

პანდემიის მთელი პერიოდი სტუდიაში გავატარე და ძალიან ბევრი მუსიკა შევქმენი

ათუკა ედიშერაშვილი

MORE IS MUSIC

ახლაც ვმუშაობ, არ ვჩერდები. მომღერალ ნინი ცნობილაძესთან ერთად სამ სიმღერაზე ვმუშაობ. ეს მუსიკა ჩემი ჟღერადობისგან განსხვავებული იქნება, ის უფრო პოპის, თანამედროვე დენს პოპის სტილში იქნება და იმედი მაქვს, გაზაფხულის დასაწყისში პრეზენტაციაც შედგება. გეგმაში მაქვს ასევე სოლო ალბომის გამოშვება, რაც ჩემი რიგით მეორე სოლო ალბომი იქნება. მინდა რაღაც განსაკუთრებული შევქმნა, რომ ყველა ტრეკს თავისი განსაკუთრებული ხასიათი ჰქონდეს.

ზევით