#მოდა

MOSCHINO FALL 2022 - ჯერემი სკოტის სიურრეალისტური ზღაპარი

გაზიარება:

2022 წლის შემოდგომის სეზონის ყველაზე თეატრალური ჩვენება, სიურრეალიზმისა და ქემპის ნაზავით, ჯერემი სკოტს და Moschino-ს ეკუთვნის.  ყველაფერი კაბინეტის ესკიზით დაიწყო, რომელიც მოგვიანებით დეფილეზე ჯიჯი ჰადიდმა წარადგინა. ამ კოლექციაში წარმოდგენილი იყო ყველაფერი, რისი პოვნაც სახლში შეგიძლიათ: გუგულის საათი, ძველებური კარადები, უზარმაზარი ოქროს არფები, სარკეები და ულამაზესი პერანგები. როგორც ყოველთვი, დეტალებმა ამჯერადაც განსაკუთრებული როლი ითამაშეს, მაღალი მოდის აქსესუარებით დაწყებული სტეფან ჯონსის თავსაბურავით დამთავრებული.

ჩვენების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სილუეტი შავი ქვედაბოლო გახლდათ, ოქროსფერი დეტალებითა და უკანა ნაწილზე ღრმა ჭრილებით, რომლებიც ოქროსფერი მძივებით იყო დაფარული. აქვე იყო ვერცხლის ლანგარი გადაკეთებული ბიუსჰალტერად, ნახატის ჩარჩო - დახვეწილ კაბად და ოქროსფერი დანა-ჩანგლის ნაკრების შთაგონებით შექმნილი სილუეტები.

„ვფიქრობდი ავეჯზე, რომელსაც სასახლეში შეხვდები: ჩესტერფილდის კომოდი, ბაბუის საათები, სურათების ჩარჩოები, სპარსული ფარდაგები, ჩიტების გალიები“ - განმარტა დიზაინერმა, ჯერემი სკოტმა. პოდიუმი, ფილმ ‘2001: A Space Odyssey-ს რეპლიკას წარმოადგენდა, მოდელები 90-იანი წლების სტილითა და ექსტრა გლამურით მოძრაობდნენ. ჩვენებამდე ჯერემი თითოეულ მოდელს პირადად დაელაპარაკა კულისებში და სამოსის კონცეფცია ცალ-ცალკე აუხსნა, რაც მათ ლუქებზეც ეფექტურად აისახა. 

Moschino-ს მთავარი შტრიხი ის არის, რომ ყველა კოლექცია ვიზუალურად და ესთეტიურად განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ გამაერთიანებელი ფაქტორი მის სახალისო მხატვრულ ხიბლშია. სკოტმა ითამაშა უამრავი კონცეფციით, ბარბიდან ბურგერამდე და მარი ანტუანეტადან პიკასომდე. მაქსიმალისტი ძალიან მწირი სიტყვაა ჯერემი სკოტისა და მისი ხედვის აღსაწერად. მისი ღვაწლი ნამდვილად ფასდაუდებელი აღმოჩნდა ბრენდისთვის.

ზევით