#მოგზაურობა

მსოფლიოს ყველაზე რომანტიკული ადგილები

გაზიარება:

ჩვენს ლამაზ და მრგვალ დედამიწაზე, არსებობს ადგილები, სადაც ჰაერსაც კი სხვანაირი სურნელი აქვს და სიყვარულიც სხვანაირად შეიგძნობა. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებიდან წყვილები სწორედ ამ რომანტიკული ადგილებისკენ მიიწევენ. რამდენად ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, The Diary-ის ტოპ ხუთეულში პირველ ადგილს ქალაქი პარიზი იკავებს. 

პარიზი 

პარიზის ვიწრო ქუჩები, სურნელოვანი კრუასანი, განუმეორებელი ღვინო, მაღალი მოდა ქალაქის ყოველ კუთხეში, უნიკალური არქიტექტურა და კიდევ სხვა უამრავი დეტალი, მსოფლიოს სიყვარულის დედაქალაქს ყოველ სეზონზე განუმეორებელს ხდის. თუ ჯერ კიდევ არ მოგისწრიათ პარიზის აღმოჩენა და მისი თავდავიწყებით შეყვარება, გირჩევთ, როგორც კი საზღვრები გაიხსნება, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ. 

პარიზი

პარიზი შეყვარებულთა ქალაქია, სადაც ყოველი ქუჩა, თუ კუთხე მომაჯადოებელი ფრანგული სულითაა გაჟღენთილი. 

ვენეცია

ტურისტების საყვარელი ადგილი ვენეციაში სან-მარკოს მოედანია, რომელიც ქალაქის შუაგულში მდებარეობს და ეჭვგარეშე იმსახურებს ჩვენი რეიტინგის პირველ პოზიციებს – როგორც ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ადგილი დედამიწაზე. ვენეციური არხებით გარშემორტყმული მოედანი ყოველდღიურად ათასობით ტურისტს იზიდავს. აქ, მთელი დღის განმავლობაში ისმის მუსიკის ჰანგები, რომელიც მოედანზე მდებარე კაფე-რესტორნებიდან გამოდის.

ვენეცია

ვენეციური ნიღბების, მურანული მინისა და ტკბილეულის გამყიდვლები, შეყვარებული წყვილები და მტრედები, სან-მარკოს ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. დიახ, ეს ქალაქი ნამდვილად იმსახურებს იტალიის ყველაზე ლამაზი ქალაქის ტიტულს.  

ვერონა

ვერონა შეყვარებულ პილიგრიმთა რჩეული ადგილია, რომლის პოპულარობაშიც უილიამ შექსპირს დიდი წვლილი მიუძღვის. სწორედ ინგლისელი დრამატურგის დამსახურებაა, რომ იტალიის ეს მშვიდი ქალაქი ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს.

ვერონა
ჯულიეტას სახლი

ვერონას ქუჩები ფეხით უნდა მოიაროთ, აუჩქარებლად დაათვალიეროთ უძველესი შენობები, ხელჩაკიდებულებმა გაიაროთ იმ ხიდებზე, სადაც რომეოს გაუვლია, მიწეროთ წერილი ჯულიეტას და ეამბოროთ თქვენს რჩეულს ჯულიეტას სახლის აივანზე. 

რიო-დე-ჟანეირო  

რიოს სიმბოლო იესო ქრისტეს გიგანტური ქანდაკებაა, კორკოვადოს მთიდან კი საოცარი ხედი იშლება: მთები, ყურეები, სანაპიროები და თავად რიო-დე-ჟანეირო, რომელიც ათობით კილომეტრზეა გაშლილი. რიო გასაოცარი სანაპიროთი, ღამის კლუბებითა და კაფე-ბარებით გამოირჩევა. აქ რაღაც საინტერესოს ყველაზე პრეტენზიული გემოვნების მქონე ტურისტიც მიაგნებს.

რიო

ქრისტეს ქანდაკების დათვალიერების შემდეგ, აუცილებლად გაისეირნეთ კოპაკაბანას ცნობილ სანაპიროზე, შეიარეთ ერთ-ერთ ადგილობრივ ბარში და ეროვნული სასმელი „კაშასე“ შეუკვეთეთ, რომელიც შაქრის ლერწმის ექსტრაქტისგან მზადდება, შემდეგ კი სამბას რიტმს აჰყევით.

მალდივები 

მალდივის კუნძულები დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ ადგილად არის მიჩნეული. უამრავი წყალქვეშა მარჯნისფერი რიფი და გამოქვაბული მალდივის არქიპელაგის მთელ სიგრძეზეა გაშლილი. კუნძულების ხელუხლებელ და უნიკალურ სილამაზეს ტროპიკული მცენარეებიც უსვამს ხაზს, ხოლო უძველესი კულტურის მატარებელი ადგილობრივი მოსახლეობა იდეალური დასვენებისთვის განუმეორებელ ანტურაჟს ქმნის. 

მალდივები

არავითარი ხმაური, რომელიც მეგაპოლისებს ახასიათებს – მხოლოდ ეგზოტიკური ბუნება და ჰორიზონტზე გაშლილი ოკეანე. ნაპირთან ახლოს, წყალში ჩადგმული შეზლონგი, ოკეანის ტალღების ხმა და ფეხებზე მოლამუნე თბილი წყალი... მართლაც იდეალურად ჟღერს, არა?!

ზევით