#კულინარია

ნანაკუსა-გაიუ: ტრადიციული იაპონური კერძი სხეულის დეტოქსისთვის

გაზიარება:

იაპონელი ერის კულტურის სიბრძნესა და სიმდიდრეში ეჭვი ჩვენს მკითხველს ნამდვილად არ ეპარება. Osechi Ryori-ს, იაპონური საახალწლო კერძების სიმბოლური მნიშვნელობების გაცნობის შემდეგ, დროა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი ტრადიცია, რომელიც დღესასწაულის შემდეგ სხეულის გაწმენდას ისახავს მიზნად.

დეტოქსის თერაპიას იაპონელები 7 იანვარს, ტრადიციული კერძით ნანაკუსა-გაიუთი (七草粥) იტარებენ, რომელიც გაზაფხულის შვიდი მწვანილისგან მზადდება. იაპონელები კერძს საუზმეზე მიირთმევენ. მათ ღრმად სწამთ, რომ ბრინჯის ფაფა 7 სხვადასხვა მწვანილით, მათ ორგანიზმს ბუნებრივი ენერგიით აავსებს, მათი სხეულებიდან ავ სულებს განდევნის და მთელი წლის მანძილზე ჯანმრთელობას შეუნარჩუნებს. 

ტრადიციული იაპონური კერძი სიმარტივით გამოირჩევა, ბრინჯისა და მწვანილების წყალობით ნანაკუსა-გაიუ კუჭს საშუალებას აძლევს დატვირთული დღეების შემდეგ ამოისუნთქოს და გამოჯანმრთელდეს.

ნანაკუსა-გაიუს ბრინჯის ფაფა იაპონიის რეგიონებში 7 მწვანილის განსხვავებული ვარიაციებით მზადდება. ტრადიციული რეცეპტის მიხედვით კერძი სერის, ნაზუნას, გოგიოს, ჰაკობერას, ჰოტოკენოზას, სუზუნასა და სუზუშიროს უნდა შეიცავდეს, თუმცა იაპონელები ხშირად ინგრედიენტებს ცვლიან, თუ რომელიმე მწვანილზე ხელი მარტივად არ მიუწვდებათ. 

გამომდინარე იქიდან, რომ ამ მწვანილების შოვნა იანვრის თვეში იაპონელებისთვისაც კი სირთულეს წარმოადგენს, შეგიძლიათ ის სხვა სასარგებლო ბალახეულით ჩაანაცვლოთ.

ზევით