#მოდა

ოდა ფერსა შავსა

გაზიარება:

კარგად გემახსოვრებათ 2019 წელი, როდესაც ყველა დროის, ყველაზე ბრჭყვიალა ღონისძიება „ოქროს გლობუსი" ძაძებით შემოისა და წითელ ხალიჩაზე სრულიად სამსახიობო ჯგუფი შავებში ჩაცმული გამოცხადდა. ეს მოძრაობა Time’s Up Foundation-ის იდეა გახლდათ, რომლის მიზანიც არის კინოსამყაროში გენდერული თანასწორობის დამკვიდრება. 30 იანვარს ამ მოძრაობას აშშ-ს კონგრესის ქალების ჯგუფიც შეუერთდა და შავებში შემოსილი გამოცხადდა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პროფკავშირების წინაშე სიტყვით გამოსვლაზე; თავად ტრამპიც არაერთხელ იყო დადანაშაულებული ქალების სექსუალურ შევიწროებაში. არა, შავი ფერი საპროტესტო ნოტას ნამდვილად არ ატარებს, თუმცა ამ მოძრაობის მესიჯს, ასე მკაფიოდ ვერცერთი ფერი ვერ გაატარებდა.

შავს ფერს უდავო ძალა აქვს. წითელსაც მათ შორის, თუმცა, შავი ფერი ხშირად ასოცირდება გამბედაობასთან, შრომისმოყვარეობასთან, სიძლიერესთან და ამავდროულად ელეგანტურობასთან. შავი ფერი ასევე ხშირად გვხვდება რელიგიურ სამოსში, იგი ბევრ კულტურაში ასევე გლოვის ფერია. თუმცა, შავი ეროტიკული ფერიც არის. არ მაფიქრდება სხვა ფერი, რომელსაც ამდენი ძლიერი მახასიათებლები ჰქონდეს. ალბათ სწორედ ამ თვისებებმა შავ ფერს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა მოდის სფეროში. სტაფილოსფერი კაბა, როგორც ასეთი რამეს გეუბნებათ? ან ვარდისფერი პიჯაკი? მაგრამ პატარა შავი კაბა? რა თქმა უნდა! Black is the new black! ამ ფრაზას უბრალოდ კონკურენტი არ ჰყავს. შავი ფერი ყოველთვის მოდაშია, ყოველთვის ელეგანტურია და ყოველთვის დახვეწილია.

მოდაში შავი ფერის პოპულარობის ოფიციალური თარიღი არ არსებობს. ჯერ კიდე ანტიკური ხანიდან ამ ფერს მწუხარების აღმნიშვნელად იყენებდნენ. თუმცა, მე-16 საუკუნეში შავი ტანსაცმლის მოდა შემოვიდა და ის სიმდიდრის განმსაზღვრელიც კი იყო ევროპაში.

შავი ფერის თანამედროვეობის მოდურ დაბადებად კი შეიძლება ჩაითვალოს მე-20 საუკუნის დასაწყისი. ყურადღების ცენტრში კი ეს ფერი 1926 წელს მოექცა, როდესაც Chanel-ის ცნობილი პატარა შავი კაბა მოევლინა სამყაროს. ამავდროულად Vogue-მა შანელის მარტივი და პრაქტიკული შავი კაბის ესკიზი თავის გარეკანზე გამოაქვეყნა და სწორედ აქ დაიწყო ქალის ტანსაცმლის ახალი ეპოქა.

the little black dress

მას შემდეგ, არაერთმა დიზაინერმა შავი საკუთარი კოლექციების მთავარ ფერად აქცია, მათ შორის ბალენსიაგამ, რომელსაც ის გამორჩეულად უყვარდა. შავი ფერი კრისტობალ ბალენსიაგამ თავისი ელეგანტური, არქიტექტურული სილუეტებისთვის ხაზგასასმელად გამოიყენა, ხოლო ივ სენ ლორანმა ანდროგენული le smoking-ებისთვის. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში შავი აჯანყების ფერად იქცა და ბაიკერებმა შავი ტყავის პიჯაკებზე გადაიტანეს საკუთარი ფილოსოფია. მომდევნო ტალღა კი იაპონელი დიზაინერების გახლდათ, მათ შორის კი იყვნენ ისეი მიაკე, იოჯი იამამოტო და რეი კავაკუბო, რომლებმაც შავი ფერის ხელოვნების ახალი ფორმა შექმნეს.

Yohji Yamamoto Collections FW 2021

შავი მოკრძალებული და ამავდროულად ამპარტავანია, შავი მარტივია და თან იდუმალი, - იამამოტო

საინტერესოა ქართველების სიყვარული შავი ფერის მიმართ. ისტორიულ კადრებს თუ გადავავლებთ თვალს, ქართველს მეტად შავი ფერი ამოსია, შორს რომ არ წავიდე და თბილისის ქუჩებში გაისეირნოთ, შავი ფერი დომინანტობს. რისი ბრალია? ჩვენი ისტორიის? შავი ხომ გლოვის ფერია? თუ დახვეწილი ქართული სულის, შავი ფერის კაბა ხომ ქართველმა ქალმა კოკო შანელამდე ადრე მოირგო და მას შემდეგ არ იხდის. შავი ფერი დომინანტია ქართველი დიზაინერების სამოსშიც. მათ შორის დემნა გვასალია, დავიდ კომახიძე, ავთანდილი, გიორგი შაღაშვილი და სხვა ქართველი დიზაინერები ოდას უძღვნიან ამ ფერს.

David Koma pre fall 2021

 

ზევით