#მოდა

ოდრი ჰეპბერნის საქორწინო კაბების ისტორია და სილუეტები, რომლებიც დღემდე შთაგვაგონებს

გაზიარება:

როდესაც ოდრი ჰეპბერნზე ვფიქრობთ, პირველი რაც გვახსენდება მისი პატარა შავი კაბა და ტიარაა Breakfast at Tiffany’s-დან. ეს აღმოჩნდა ჩაცმულობა, რომელმაც სამუდამოდ აღბეჭდა მსახიობი ჩვენს მეხსიერებაში, თუმცა ოდრის სტილი ეკრანებზე თუ რეალურ ცხოვრებაში მხოლოდ ამ ლუქით ნამდვილად არ განსაზღვრულა. მისი ცნობილი საქორწინო კაბები Funny Face-ში, Roman Holiday-სა და Sabrina-ში წლების განმავლობაში შთააგონებდა პატარძლებს, რომლებიც ცდილობდნენ ხელახლა შეექმნათ ზღაპრული საქორწინო სილუეტები, რომლებიც ჰეპბერნს ეკრანებზე ეცვა. 

კადრი ფილმიდან Funny Face, 1957 წელი

საკულტო გახლდათ ოდრი ჰეპბერნის საპატარძნო კაბები რეალურ ცხოვრებაშიც, ორი ქორწინება (ის იყო დაქორწინებული მელ ფერერზე და ანდრეა დოტიზე) და სამი კაბა, რომელთაგან ერთი ოდრის არასდროს სცმია, სრულად განასახიერებდნენ მსახიობის სტილს: მინიმალისტურს, ელეგანტურს და ოდნავ მხიარულს. 

Fontana-ს კაბა, 1952 წელი

ოდრი ზოი ფონტანას შექმნილი კაბით, ჯეიმს ჰანსონთან ქორწინებისთვის Getty Images

ცნობილი, როგორც საქორწინო კაბა, რომელიც მომავალ პატარძალს არასდროს სცმია. ჯერ კიდევ მანამ, სანამ მსახიობი საერთაშორისო აღიარებას მოიპოვებდა, ოდრი ბრიტანელ ბიზნესმენ ჯეიმს ჰანსონზე იყო დანიშნული, მიუხედავად იმისა, რომ ქორწილი არ შედგა, ჰეპბერნს საპატარძლო კაბა უკვე შეკერილი ჰქონდა. კაბის შეკერვა ოდრიმ რომში დაფუძნებულ  Fontana-ს დებს მიანდო, ამ დროს მსახიობი Roman Holiday-ზე მუშაობდა.

ქორწილის გაუქმების შემდეგ, ოდრიმ სთხოვა დიზაინერებს კაბა, ყველაზე ლამაზი იტალიელი პატარძლისთვის ეჩუქებინათ, რომელსაც მისი შეძენის შესაძლებლობა არ ჰქონდა. აბრეშუმის საპატარძლო კაბამ მალევე იპოვა ახალი მფლობელი. იგივე კაბა, 2009 წელს აუქციონზე 13.800 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.

Balmain-ის კაბა, 1954 წელი

ოდრი ჰეპბერნი და მელ ფერერი თავიანთი ქორწილის დღეს, 1954 წ. ერნსტ ჰასი / Getty Images

იმავე წელს, მარტში, ოდრი ჰეპბერნმა Roman Holiday-ში შესრულებული როლისთვის ოსკარი დაიმსახურა, მსახიობს დაჯილდოების ცერემონიაზე იუბერ დე ჟივანშის თეთრი მაქმანებიანი კაბა ეცვა. დიზაინერი და მომავალი უახლოესი მეგობარი, ოდრიმ 1953 წელს პარიზის ატელიეში გაიცნო. მართალია, მსახიობი გაცნობისთანავე იქცა ჟივანშის შთაგონების მთავარ წყაროდ და მარადიულ მუზად, თუმცა 1954 წელს, მელ ფერერთან ქორწილის დროს ჰეპბერნს არა Givenchy, არამედ Balmain ამშვენებდა. დიდი ზომის სახელობით, გრძელი ხელთათმანებით, მდგრადი საყელოთი და უკან უზარმაზარი ბაფთით, ოდრის ეს კაბა დღემდე ითვლება ინსპირაციად მათთვის, ვინც საკუთარი ქორწილისთვის რაღაც უფრო ორიგინალურს ეძებს.

Givenchy-ს კაბა, 1969 წელი

ოდრი ჰეპბერნი თავის მეორე ქმართან, ანდრეა დოტისთან ერთად, ქორწილის დღეს, 1969 წელი Getty Images

იუბერ დე ჟივანშის, საბოლოოდ მაინც ხვდა ოდრისთვის საპატარძლო კაბის შექმნის პატივი. 1969 წელს, ოდრიმ იტალიელ ფსიქიატრზე, ანდრეა დოტიზე იქორწინა. ჰეპბერნმა ჟივანშის სთხოვა, მისთვის რაღაც მინიმალისტური, არა პომპეზური შეექმნა, შედეგად კი სამყარომ იხილა ვარდისფერი მინი კაბა, გრძელი სახელოებითა და ამავე ფერის თავსაბურავით. კაბა იდეალური არჩევანი აღმოჩნდა შვეიცარიის მერიაში გამართული ქორწინებისთვის. ერთ წელიწადში ოდრის და ანდრეას ვაჟი შეეძინათ, წყვილის ურთიერთობამ 14 წელიწადს გასტანა, ისინი 1982 წელს განქორწინდნენ.

მეორე წარუმატებელი ქორწილების შემდეგ, ოდრიმ კიდევ ერთხელ იპოვა სიყვარული ჰოლანდიელ მსახიობ რობერტ ვოლდერსთან, წყვილი ერთად გარდაცვალებამდე ცხოვრობდა, თუმცა მათ არასდროს უქორწინიათ.

ზევით