#კულინარია

Osechi Ryori: იაპონური საახალწლო კერძების სიმბოლური მნიშვნელობები

გაზიარება:

მაშინ, როდესაც დღევანდელ დღეს მთელი მსოფლიო წინა საახალწლო სამზადისშია თავით-ფეხებამდე ჩართული, იაპონელები დღესასწაულისთვის მზადებას 2 დღით ადრე, 29 დეკემბერს - იღბლის მომტან Fuku no Hi-ს დღეს იწყებენ და ე.წ. Osechi Ryori-ს, კერძების ტრადიციულ ნაკრებს საგულდაგულოდ ამზადებენ. 

Osechi Ryori-ს ტრადიცია მე-8 საუკუნიდან, ჰეიანის ეპოქიდან იღებს სათავეს. სწორედ მაშინ იაპონელებმა, ჯუბაკოს ყუთებში პირველად მოათავსეს სხვადასხვა კერძი, რომელიც თავისი ვიზუალური თუ სიმბოლური დატვირთვით აღნიშნავდა იმ სურვილებს, რომლებსაც მისი შემქმნელები მომავალი წლისთვის ჩაუთქვამდნენ და საახალწლო სუფრის შუაგულში განთავსებით მისულ სტუმრებსაც უზიარებდნენ.

ტოშიკოში სობა (年越しそば )

ტოშიკოში სობა ტრადიციული იაპონური კერძია, რომელსაც ახალი წლის ღამეს მიირთმევენ. კერძი წიწიბურისგან მზადდება, რაც ტოშიკოში სობას მოყავისფრო შეფერილობას სძენს. მისი თითოეული ინგრედიენტი სიმბოლურია: ნუდლსის სიგრძე წლის ხანგრძლივობას წარმოადგენს, მათი მარტივად მოჭრის ტექნიკაში კი მცირე საიდუმლო იმალება - ეს პროცესი განასახიერებს იმ ნეგატივს, რომელიც ცხოვრებიდან ისევე მარტივად უნდა მოვიშოროთ, როგორც ამ ნუდლსს ვჭრით.

წელიწადის დასრულება ასეთი სიმბოლური და გემრიელი კერძით ცუდი იდეა არ არის, ნეგატივის წარსულში დატოვება კი უბრალოდ გენიალური მიგნებაა.

კო-ჰაკუ კამაბოკო (紅白かまぼこ)

კამაბოკო სრულიად ნატურალური ინგრედიენტებით მზადდება და მიუხედავად უცხო შეფერილობისა, ის არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს. მის შემადგენლობაშია: თეთრი თევზის ფილე, მარილი, შაქარი და იაპონური საკე. ნახევარმთვარის ფორმის თევზის პასტა მზის ამოსვლას ასახიერებს. წითელი ფერი სიხარულს აღნიშნავს, თეთრი კი სიწმინდესთან ასოცირდება.

დატემაკი (伊達巻き)

დატემაკი ტკბილი ომლეტია, რომელიც გრაგნილს წააგავს. ის ცოდნის სიმბოლოა. დატემაკი ძირითადად კვერცხისგან კეთდება, სიტკბოსთვის კი თაფლს უმატებენ ან ბრინჯის ტკბილ სიროფს. დაქუცმაცებულ თევზის ფილეს კვერცხს უმატებენ, შემდეგ კარგად აურევენ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებენ. აზავებენ ტკბილი სიროფით და ბოლოს აცხობენ. სუშის მსგავსად,მასაც ახვევენ რგოლებად და ცხელსვე ჭრიან, რათა ფორმა არ დაკარგოს. დატემაკის დაჭრილი რგოლი უსწორმასწორო ფორმებითა და შუაგულში გაჩენილი ხვეული ხაზებით, ბევრს განსწავლულობისა და სიბრძნის ასოციაციას უჩენს. 

კური-კინტონი (栗きんとん)

კური კინტონი წაბლისა და ტკბილი კარტოფილის კომბინაციაა. იაპონური ტკბილი კარტოფილი მუქი ყვითელია და გაცილებით უფრო ტკბილია, ვიდრე ჩვეულებრივი კარტოფილი. წაბლს კი ტკბილ სიროფში აჩერებენ და შემდეგ უმატებენ ტკბილი კარტოფილის პიურეს, ზემოდან კი მორჩენილ სიროფს ასხამენ და ცოტაოდენ მარილს და ბრინჯის ტკბილ სოუსს, მირინს უმატებენ. დაშაქრულ ოქროსფერ წაბლს და ტკბილ კარტოფილს წარმატება მოაქვს. 

კურომამე (黒豆)

კურომამე სოის შავი მარცვლებია, რომლებიც ტკბილ სიროფშია მომზადებული. ტკბილი, შავი სოიოს მარცვლები სიჯანსაღესა და ძალას შეგინარჩუნებთ. ეს მოკრძალებული კერძი თავის სიმბოლურ მნიშვნელობას მართლაც ამართლებს: ის ძლიერი ანტი-ოქსიდანტია და რკინითაც გამდიდრებულია. 

კაზუნოკო (数の子)

ქაშაყის ხიზილალა მაგიდაზე შთამომავლობის კეთილდღეობის სიმბოლოა. მისი სუფრაზე მოთავსება ბევრ შვილსა და ოჯახურ იდილიას მოასწავებს. თვითონ დასახელებაც ამაზე მიუთითებს: "კაზუ" რაოდენობას, რიცხვს აღნიშნავს, ხოლო "კო" ბავშვს ნიშნავს. მისი მომზადებისას კი, ჯერ ქაშაყის ქვირითს გამოაცალკევებენ და სიმლაშეს უქრობენ, შემდეგ კი ამარინადებენ დაშის ბულიონში; კმაზავენ სოიოს სოუსით და ბონიტოს - სხვადასხვა სახეობის თევზის ან თინუსის ფანტელებით. 

კერძებით გადმოცემული სიმბოლიზმი ის იშვიათი ტრადიციაა, რომელიც მსოფლიოს საუკუნეების განმავლობაში აღაფრთოვანებდა, რას იტყვით, იქნებ მნიშვნელოვანი დეტალის დამატება თქვენს საახალწლო სუფრაზე არც ახლაა გვიანი?

ზევით