პარიზი - მაღალი მოდის, ბულანჟერიებისა და ხელოვნების მექა

პარიზის ვიწრო ქუჩები, სურნელოვანი კრუასანი, განუმეორებელი ღვინო, მაღალი მოდა ქალაქის ყოველ კუთხეში, უნიკალური არქიტექტურა და კიდევ სხვა უნიკალური დეტალები მსოფლიოს სიყვარულის დედაქალაქს ყოველ სეზონზე განუმეორებელს ხდის. თუ ჯერ კიდევ არ მოგისწრიათ პარიზის აღმოჩენა და მისი თავდავიწყებით შეყვარება, მაშინ გირჩევთ, როგორც კი საზღვრები გაიხსნება, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ. 

სანამ პარიზში გაემგზავრებით, უმჯობესია ზუსტად იცოდეთ, რისი დათვალიერება გსურთ ქალაქში. ეიფელის კოშკი პარიზში ყველაზე მოთხოვნადი ადგილია – რა გასაკვირია, ის ხომ საფრანგეთის სიმბოლოა! ეიფელის კოშკის ულამაზესი ხედი შაიოს სასახლიდან (Palais de Chaillot) იშლება. 

პარიზი - საფრანგეთის დედაქალაქი

შაიოს სასახლე 1937 წელს მსოფლიო გამოფენისთვის აშენდა, მანამდე კი ამ ადგილას ტროკადეროს სასახლე იდგა. შაიოს სასახლეში  რამდენიმე მუზეუმია განთავსებული: ადამიანის, ფლოტის და არქიტექტურის მუზეუმები. შაიოს სასახლე ეიფელის კოშკის პირდაპირ, მდინარე სენის მეორე სანაპიროზე მდებარეობს. აქვეა განლაგებული შესანიშნავი ბაღი-პარკის კომპლექსი, რომელსაც „ტროკადეროს“ უწოდებენ. სასახლე  იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შეტანილი.

Notre Dame de Paris - პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

ნოტერ-დამი ხანძრამდე

საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა პარიზს ღვთისმშობლის ტაძარია, რომელიც აგრეთვე ნოტერ-დამის სახელითაა ცნობილი. ტაძარს ხანძრის გამო ჯერ კიდევ სარესტავრაციო სამუშაოები უტარდება. 2019 წლის აპრილში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, რაც სრული ტრაგედია გახდა მსოფლიოსთვის. ნოტრ-დამი გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ნიმუშია. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი არა მხოლოდ პარიზის, არამედ მთელი საფრანგეთის სიმბოლოს წარმოადგენს. მას საფუძველი ადრეულ შუასაუკუნეებში კუნძულ სიტეზე ჩაუყარეს, საიდანაც პარიზის დაარსება დაიწყო. 

მულენ რუჟი

ფანტასტიკური შოუ, ულამაზესი მოცეკვავეები და სახელგანთქმული ფრანგული „კანკანი“ - ეს მულენ რუჟია. გირჩევთ, ქალაქს ამ გასაოცარი ემოციების გარეშე ნუ დატოვებთ!  კაბარე „წითელი წისქვილი“ 1889 წლის 5 ოქტომბერს, ჟოსეფ ოლერმა და მისმა კომპანიონმა - შარლ ზიდერმა გახსნეს და მსოფლიო ექსპოზიციისა და ეიფელის კოშკის გახსნას დაუკავშირეს. მულენ რუჟში თავს იყრიდნენ, როგორც საშუალო ფენის წარმომადგენლები, ასევე არისტოკრატები და ხელოვანები, მათ შორის პიკაო, ოსკარ უალდი და სამეფო ოჯახის წარმომადგენლებიც.

Moulin Rouge

ლუვრი, ვერსალი, ტრიუმფალური თაღი, ვანდომის მოედანი, ტუილრის ბაღი, ეიფელის კოშკი, დ’ორსეს სადგური, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი... რა ჩამოთვლის?! პარიზი საფრანგეთის ადმინისტრაციული, პოლიტიკური და კულტურული ცენტრია და მიუხედავად ორი მსოფლიო ომისა, დღესაც იწონებს თავს კულტურული ღირსშესანიშნაობებით. შეგიძლიათ გეგმის გარეშე, უბრალოდ გაისეირნოთ ქუჩებში. ცენტრიდან მარჯვნივ წახვალთ, მარცხნივ, თუ პირდაპირ ივლით, რომელიმე ღირსშესანიშნაობას აუცილებლად წააწყდებით. სეირნობისას, სენის ნაპირზე აუცილებლად აღმოჩნდით, აქ წიგნების მოყვარულ ბუკინისტებს აღმოაჩენთ, სიმბოლურად კი ერთი წიგნი მაინც აუცილებლად შეიძინეთ, ეს ამ ქალაქის ტურისტული ტრადიციაც კი არის! 

პარიზის მუზეუმი - ლუვრი

ლუვრის მუზეუმი პარიზის შუაგულში, მდინარე სენის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს

პარიზის ღირსშესანიშაობებზე მოყოლით თავს აღარ მოგაწყებთ, თუმცა, ჩვენს საყვარელ ადგილს პარიზში, გვერდს ვერ ავუვლით. ეს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი წიგნების მაღაზიაა - Shakespeare and Company, რომელსაც ოდითგან არაერთი ცნობილი მწერალი სტუმრობდა და არა მხოლდო სტუმრობდა, არამედ საცხოვრებლადაც იყენებდა: სკოტ ფიცჯერალდი, ერნესტ ჰემინგუეი, ალენ გინზბერგი... ამერიკელი ჯორჯ უიტმენი და სხვ. Shakespeare and Company-ს დამფუძნებელი ამბობდა, რომ ეს არ იყო უბრლო წიგნების მაღაზია, არამედ კარგად შენიღბული სოციალისტური უტოპია, ბოჰემიური რაფსოდია, სადაც ვიზიტორები მიირთმევდნენ წითელ ღვინოს ცარიელი ტუნის კონსერვებიდან.

shakespare & company

ზევით