#მოდა

პარიზის მოდის კვირეული, როგორც რუსეთ-უკრაინის ომის რეფლექსია

გაზიარება:

2022 წლის შემოდგომა/ზამთრის მოდის კვირეულის ჩვენებები ყველაზე უსიამოვნო პერიოდში დაიწყო. რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის და ომის გამოცხადების პარალელურად მილანსა და შემდგომ პარიზში მოდური ჩვენებები იმართებოდა და ორად გაყოფილი სამყარო, არაერთი ხელოვანის შთაგონება და კრიტიკის ობიექტიც კი გახდა. დიზაინერებს ალბათ მსგავსი რეალობის წინაშე აღმოჩენა XXI საუკუნეში ვერც კი წარმოედგინათ, ექსტრემალურ სიტუაციაში ჯორჯო არმანიმ მაინც მოახერხა და მილანის მოდის კვირეულზე, ახალი კოლექციის ჩვენება მუსიკის გარეშე დაიწყო და ამ გზით უკრაინას და უკრაინელებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა პარიზის მოდის კვირეულის მიმდინარეობა, რადგან მოდური ღონისძიებების პარალელურად, ევროპის უდიდესი ქვეყანა, უკრაინა სისტემატურად იბომბებოდა რუსეთის მიერ. დემნა გვასალია პარიზის მოდის კვირეულს მხსნელად მოევლინა, შესაძლოა დიზაინერმა ვერ იწინასწარმეტყველო რა მოხდება მომავალში, თუმცა რეალობის არეკვლა და შენი ჩვენების პერფომანსად ქცევა გვიანი არასდროსაა, ამის ნათელი მაგალითი კი უდავოდ დემნა გვასალია გახლავთ. 

„ეს ჩვენება ახსნას არ საჭიროებს. ის სიმამაცეს, წინააღმდეგობის გაწევის ძალას, სიყვარულისა და მშვიდობის გამარჯვებას ეძღვნება - დემნა გვასალია.

Balenciaga-ს კრეატიულმა ხელმძღვანელმა მოდის სახლის 12.7 მილიონიანი Instagram გვერდი უკრაინელებისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად და შემოწირულებების შესაგროვებლად გამოიყენა, უშუალოდ ჩვენებაზე კი დემნა და მისი შემოქმედებითი გუნდი უკრაინის დროშის მაისურში გამოწყობილები მივიდნენ, ჩვენების დაწყებისას უკრაინული ლექსი გაისმა, რომელსაც პირადად დემნა კითხულობდა. Balenciaga-ს დეფილე თოვლიან, ქარბუქიან პოდიუმზე მოეწყო, რაც თავიდანვე გლობალური დათბობის პროცესების ასახვას ემსახურებოდა, თუმცა ვაღიაროთ, რომ ერთი წუთით ყველას ისიც გვეგონა, რომ ეს დეტალიც ომის სისასტიკეს მიეძღვნა. 

„ჩვენ გხედავთ, ჩვენ ვგრძნობთ თქვენს ტკივილს, ჩვენ გხედავთ - გაისმა დიზაინერის პიერპალო პიჩოლის სიტყვები, Valentino-ს ჩვენების დაწყებამდე, მანამ სანამ პოდიუმს ინდივიდუალურობის და სიყვარულის ზეიმი დაიპყრობდა. დიახ, სწორედ ინდივიდუალურობა და სიყვარული აღმოჩნდა Valentino-ს კრეატიული ხელმძღვანელის ამომავალი წერტილი და ვარდისფერი ფერის დომინირებით, მან ეს მოახერხა კიდეც.

ვარდისფერი, უფრო ზუსტად კი Pink PP-ს გრადაცია იყო ყველგან Valentino-ს 2022 წლის შემოდგომის ჩვენებაზე, მათ შორის კოლექციაში, აქსესუარებში, ფეხსაცმელში, თმაში, მაკიაჟსა და იმ კედლებსა და პოდიუმზე, სადაც დეფილე მიმდინარეობდა.

სტელა მაკარტნის ჩვენება ჯონ კენედის, 1963 წლის ცივი ომის დეტალებით დაიწყო და ჯონ ლენონის Give Peace a Chance-ით გაგრძელდა. ინგლისელი დიზაინერის ხელოვან ფრენკ სტელასთან კოლაბორაციით შექმნილი კოლექცია კი ნამდვილად არის ის, რის შესახებ საუბარიც დაუსრულებლად შეიძლება. ხელოვანის ადრეული ნამუშევრები და ფერადი პრინტები, სტელას მონოქრომულ ხელწერასთან ერთად თანაარსებობდნენ ჩვენებაში. ფემინურობა, ელეგანტურობა და თამამი სილუეტები სტელა მაკარტნის 2022 წლის შემოდგომის ჩვენების მთავარი ჰაილაითები გახლდათ.

შესაძლოა მოდის ინდუსტრია და მასთან ერთად უამრავი დიზაინერიც მიიჩნევდეს, რომ მათ ლექსიკონში სიტყვა ომისთვის ადგილი არ არის, თუმცა დემნა გვასალიას, პიერპალო პიჩოლის, სტელა მაკარტნის და ჯორჯო არმანის მსგავსი ადამიანები გვარწმუნებენ, რომ მოდა მხოლოდ ესკაპიზმი როდია, მან რეალობაც უნდა აირეკლოს.

ზევით