#მოგზაურობა

ფრანგული რივიერა

გაზიარება:

ტურისტული ადგილები ყველაზე მიმზიდველი არატურისტულ სეზონზეა, ასე რომ დაიწყეთ ჩემოდნების გამზადება და ვოიაჟი ევროპულ ქვეყანებში მოიწყვეთ. ჩვენ გირჩევდით გეზი ფრანგული რივიერასკენ აიღოთ, ეს მხარე განსაკუთრებით საინტერესოა სექტემბერ-ოქტომბრის თვეებში, ამ პერიოდში არაერთი გამოფენა იმართება და მათ შორის ყველაზე მასშტაბური Monaco Yacht Show (MYS). 

ფრანგული რივიერა

ლაჟვარდოვანი ნაპირი (Côte d'Azur) – ეს სახელწოდება ფრანგმა მწერალმა სტეფან ლეჟარიემ მოფიქრა, რომელმაც 1887 წელს გამოსცა რომანი „ლაჟვარდოვანი ნაპირი“. ფრანგული რივიერას პოპულარობა უპირობოა და ეს გარკვეულწილად კლიმატის დამსახურებაცაა – აქ თბილი ზამთარი იცის, ხოლო ზაფხულში მზე რბილი და ნაკლებად მწველია. ლაჟვარდოვანი ნაპირი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია მსოფლიოში, რაც ასევე უძრავი ქონების ღირებულებაზე პირდაპირპროპორციულად აისახება.

MENTON

მენტონს მეტსახელად „საფრანგეთის მარგალიტსაც“ უწოდებენ. ლაჟვარდოვანი სანაპიროს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ქალაქი საფრანგეთისა და იტალიის საზღვარზე მდობარეობს და ცნობილია ულამაზესი ბაღებითა და გასაოცარი ხედებით ხმელთაშუა ზღვაზე. მენტონი საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის უკიდურესი კუთხეა, რომელშიც იტალიური  და ფრანგული კულტურა ჰარმონიულადაა შერწყმულია. აქ საუკეთესო რესტორნები სწორედ რომ იტალიურია. ყველა კუთხეში შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი ჯელატოები და ამავდროულად ისიამოვნოთ ფრანგული შიკითა და დახვეწილობით, რომელიც ასე იგრძნობა სანაპიროზე მოსეირნე ფრანგებში.

menton

დამატებითი ინფორმაცია

მენტონში ყოველი წლის თებერვალში ქალაქის ცენტრი ლიმონითა და სხვადასხვა ციტრუსით შექმნილი ქანდაკებებით ფორმდება. აქ ამ დროს ლიმონების ნამდვილი ფესტივალია, თუმცა ციტრუსების სურნელი ქალაქში ნებისმიერ სეზონზე ტრიალებს, რომელიც უდავოდ ლიმონის ხეივნების დამსახურებაა.

MONACO

თუკი ღამის ცხოვრებას, ყველაზე ძვირადღირებული შამპანურით ხელში, გლამურსა და შიკს მოწყურებული ხართ, თქვენ არდადეგები სწორედ მონაკოში უნდა დაგეგმოთ. თუ მსოფლიოში ტენდენციები იცვლება და სამყაროს ანდერგრაუნდი იპყრობს, მონაკო უცვლელი რჩება. ქალბატონებისთვის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის, ხოლო მამაკაცებისთვის სმოკინგის გარეშე აქ ყველაზე პრესტიჟული კარები დახურული რჩება. მდიდრული ვილა ფრანგულ რივიერაზე, იახტა და სამორინეს ფსონი – ეს სწორედ ისაა, რის გარეშეც მონაკო სრულიად წარმოუდგენელია.

monaco

მსოფლიო ელიტას ფრანგული რივიერას ეს პაწაწინა სახელმწიფო მდიდრული სასტუმროებისა და სამორინეების, შოპინგისა და გართობის გამო იზიდავს. ძვირადღირებული მანქანებით თავის მოწონება და წვეულებები იახტებზე შაპანურის შადრევნებით, აქ ყოველდღიურობის ნაწილია.

დამატებითი ინფორმაცია

მონაკოში ყოველ შემოდგომაზე იახტების ფესტივალი იმართება, სადაც ერთდროულად ასობით იახტა და იახტის მეპატრონე იყრის თავს.

monaco yacht show

Monaco Yacht Show ერთდროულად ყველაზე ინოვაციური, მდიდრული და დიზაინერული კუთხით სრულყოფილი იახტების გამოფენა და გაყიდვაცაა. ასე რომ, თუკი თქვენც, ჩვენს რედაქციასავით გერგოთ პატივი Monaco Yacht Show-ს სტუმრები იყოთ, იახტების თვალიერებაში თავად მონაკოს პრინცი არ გამოგრჩეთ თვალთახედვიდან – შესაძლოა ის თქვენთან ერთად მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული იახტის თვალიერებით ტკბებოდეს.

NICE

ლაჟვარდოვანი სანაპიროს მარგალიტი, დახვეწილი და ელეგანტური – ეს ფრანგული რივიერას ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ნიცაა. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ეს უმშვენიერესი ქალაქი ბერძნებმა ჩვ.წ.აღ-მდე 350 წელს ააგეს და სახელიც გამარჯვების ქალღმერთ ნიკეს სადიდებლად დაარქვეს. ნიცა მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ზღვისპირა ქალაქია – საუცხოო არქიტექტურითა და საუკეთესო რესტორნებით, მრავალრიცხოვანი მუზეუმებით, ძველი ქალაქის ნანგრევებითა და ხეხილის ხეივნებით.

nice

დამატებითი ინფორმაცია

ნიცა მდიდარია სხვადასხვა მუზეუმითა და კოლექციებით, რომლებიც აქ ინახება. მხატვრები საცხოვრებელ ადგილად ხშირად სწორედ ნიცას ირჩევდნენ. ნიცაში თქვენ შეგიძლიათ მატისის სახლ-მუზეუმს ეწვიოთ, სადაც მხატვარმა ცხოვრება 1917 წლიდან გარდაცვალებამდე გაატარა.

CANNES

„წითელი ხალიჩისა“ და კინოსამყაროს წარმომადგენლების თავშესაყრელი ადგილი – ეს პირველი ასოციაციაა, რაც ამ ქალაქთან დაკავშირებით გიჩნდება, და რა თქმა უნდა, ქალაქში ჩასვლისთანავე „წითელი ხალიჩისკენ“ მიეშურები. სამწუხაროდ, ჩვენ ხალიჩა ადგილზე არ დაგვხვდა და კინოფესტივალიც დიდი ხნის ჩავლილი იყო, თუმცა ვიცოდით – კანი ასევე საოცარი სილამაზის ქვიშის სანაპიროებითა და კამკამა წყლით გამოირჩეოდა. ასე რომ, ჩვენც გეზი სწორედ იქით ავიღეთ. ლაჟვარდოვანი სანაპიროს ეს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი წარსულითაც გამოირჩევა. იგი ერთ-ერთი უძველესია ამ სანაპირო ზოლზე არსებულ ქალაქთა შორის. ისტორიული წყაროების მიხედვით, კანის ტერიტორიაზე ქალაქი ქრისტეს შობამდე რამდენიმე საუკუნით ადრე დაარსებულა და მეთევზეების სოფელს წარმოადგენდა, ხოლო XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან, იგი არისტოკრატთა ფავორიტ საკურორტო ადგილად იქცა. დღეს კანი არა მხოლოდ ცნობილი კინოფესტივალის, არამედ სხვადასხვა კულტურული თუ სოციალურ-პოლიტიკური მოვლენის ეპიცენტრია.

დამატებითი ინფორმაცია

ძველი ქალაქი Le Suquet, კანის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც 1035 წელს აშენდა და მოსახლეობას მეკობრეების გაუთავებელი თავდასხმებისგან იცავდა. ეს უძველესი უბანი მართლაც ძალიან მომხიბლავია. რომაული სოფლისგან მხოლოდ რამდენიმე ულამაზესი ქუჩაა შემორჩენილი – ტიპური ხმელთაშუაზღვის სტილის არქიტექტურით, რომელსაც უძველესი ციხე-სიმაგრისკენ მიჰყავხარ. იქ ასევე ეკლესია, მუზეუმი და სათვალთვალო კოშკია განლაგებული.

ზევით