#სამეფო ოჯახი

პრინცესა დაიანას ცხოვრების დაუვიწყარი მომენტები

გაზიარება:

დღეს, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი, უელსისა და "ხალხის" პრინცესა - დაიანა 60 წლის გახდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ლედი დის გარდაცვალებიდან თითქმის 24 წელი გავიდა, ის დღემდე რჩება კეთილშობილების, სიყვარულის, თავგანწირვისა და ბრძოლის სიმბოლოდ. პრინცესა დიანას მტკიცე ხასიათი მისი ცხოვრების ყოველ დეტალში გამოიხატებოდა, სწორედ ინდივიდუალიზმის წყალობით იქცა უელსის პრინცესა დღემდე შთამაგონებელ სტილის კერპად და მისივე წყალობით დაგვამახსოვრა თავი ჯონ ტრავოლტასთან ცეკვით, სკოლის შეჯიბრში მონაწილეობის მიღებითა და სკანდალური ინტერვიუთიც კი.

ცეკვა ჯონ ტრავოლტასთან, 1985 წ.

ეს ფოტო შესაძლოა 80-იანი წლების ერთ-ერთ საკულტო ფოტოსურათადაც მივიჩნიოთ, დაუვიწყარი მომენტი 1985 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში თეთრ სახლში შედგა, სადაც პრინცესა დიანა და პრინცი ჩარლზი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ. დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები ცნობილ ადამიანებთან გულთბილ ურთიერთობაში მანამდეც შემჩნეული  იყვნენ, ამიტომ აშშ-ის პრეზიდენტის რონალდ რეიგანის გარდა, ოფიციალურ შეხვედრას ცნობილებიც ესწრებოდნენ, ერთ-ერთი მათგანი კი საღამოს მთავარი გმირი ჯონ ტრავოლტა გახლდათ.

მთელი საღამო ოცნებას ჰგავდა, სცენაზე ავედი, მას (დიანას) მხარზე ხელი მოვკიდე და ცეკვა შევთავაზე, მეორე წუთს კი სცენაზე ვცეკვავდით, როგორც ნამდვილ ზღაპარში.

 დაუვიწყარი ხელის ჩამორთმევა, 1987 წ.

აივ-ინფექციის კრიზისის ფონზე, შიშმა და დეზინფორმაციამ, ჰომოფობიურ რიტორიკას შეუწყო ხელი და დაზარალებულ ადამიანთა მიმართ სტიგმა შექმნა. თუმცა ყველაზე რთულ პერიოდშიც კი, ადამიანებს, მხსნელად პრინცესა დიანა მოევლინა, 1987 წელს უელსის პრინცესამ გადაწყვიტა განსაკუთრებული მზრუნველობა გამოეჩინა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ჯერ კიდევ დაუდგენელი სენით იტანჯებოდნენ და მეტიც, ფოტოზე აღბეჭდილი ხელიც ჩამორთმევის კადრით, ლედი დიმ სამყაროს გაუქარწყლა მითი იმის შესახებ, რომ დაავადება შეხებით გადაეცემოდა.

სპორტული შეჯიბრი, 1991 წ.

ეს გახლდათ პრინცესა დიანას კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული კადრი, რომელიც 1991 წლით თარიღდება და პრინცების უილიამისა და ჰარის სკოლაშია გადაღებული, დედების შეჯიბრზე, რომელშიც პრინცესა დიანამ ფეხშიშველმა მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებაც მოიპოვა.

კოლაბორაცია ენდრიუ მორტონთან, 1992 წ.

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია სამეფო ოჯახის პირველი წევრები არ არიან, რომლებმაც საკუთარი ისტორიის მოყოლა გადაწყვიტეს, პრინცესა დიანამ ეს ყველაფერი 30 წლის წინ გააკეთა, როდესაც ბიოგრაფ ენდრიუ მორტონს დაუკავშირდა და ბესტსელერი წიგნის Diana: Her True Story-ს შექმნაში შეუწყო ხელი.

პანორამა ინტერვიუ, 1995 წ.

თუმცა, ბესტსელერად ქცეული წიგნი, პრინცესა დიანას ცხოვრებაში ყველაზე გახმაურებული მოვლენა როდი იყო, თუ კი საუბარი შოკისმომგვრელ მოვლენაზე გვაქვს, მაშინ აუცილებლად უნდა აღინიშნოს უელსის პრინცესას ინტერვიუ BBC-სთან, რომლის განმავლობაშიც დიანამ საჯაროდ აღიარა პრინცი ჩარლზისა და კამილა პარკერ ბოულსის რომანის შესახებ და სწორედ აქ გაისმა უკვდავი ფრაზა: "ჩვენს ქორწინებაში 3 ადამიანი ვიყავით, ზედმეტი ხალხმრავლობა იყო".

ზევით