პური, როგორც მშვიდობისა და მეგობრობის სიმბოლო უკრაინელებისთვის

ფრანგი მწერლის, ონორე დე ბალზაკის დიდი სიყვარულის შესახებ თუ გსმენიათ უკრაინული შავი პურის მიმართ? 1848 წელს, უკრაინაში ყოფნის დროს ბალზაკმა ქალბატონ შირკოვიჩევას წერილი მისწერა: „ესტუმრეთ უკრაინას, ის სამოთხეა დედამიწაზე, სადაც უკვე აღმოვაჩინე პურის გამოცხობის 77 ხერხი... მეგონა დიდი ცოდნა მქონდა შეგროვებული, თუმცა როდესაც უკრაინული პურის რაოდენობა აღმოვაჩინე, მივხვდი, რომ ჩემი ცოდნა მხოლოდ აისბერგის თავია და მის სიღრმეს დასასრული არ აქვს“ - წერდა ბალზაკი.

გენიალური მწერალი და ნამდვილი გურმანი ონორე დე ბალზაკი უბრალოდ აღფრთოვანებული იყო უკრაინული პურის ცხობის ტექნიკით. მწერლის რჩეული შავი პური იყო, რომელიც ფერს მუქი ჭვავის ფქვილისგან იღებდა, თუმცა დიდი სიამოვნებით აგემოვნებდა ყველა სახეობას. შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ ბალზაკმა ცხობის 77 ხერხი გამოყო, უკრაინაში ხომ პური სიცოცხლის სიმბოლოა, არც ერთი მოვლენა უკრაინაში პურის გარეშე არ ხდება.

ხელნაკეთი პურის ცხობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უკრაინული ტრადიციაა, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემოდა დედისაგან ქალიშვილს. ცხობის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მზარეულის მოწესრიგებულობასა და სიფრთხილეს.

ჩვეულებრივი ტრადიციული პური მზადდებოდა ჭვავის ფქვილისგან, რომელსაც ქერის ფქვილს, წიწიბურას, ბარდას, სიმინდსა და დაქუცმაცებულ კარტოფილსაც ამატებდნენ. უწინ პურს მხოლოდ კერაში აცხობდნენ, ეს პროცესი გამორიცხავდა სამზარეულოს ნებისმიერი სხვა აღჭურვილობის გამოყენებას, სწორედ ამიტომ სოფლის პური ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი რამ იყო, რაც შეგეძლოთ უკრაინაში გაგესინჯათ.

უკრაინელებისთვის პური ყოველთვის იყო და დღემდე რჩება ადამიანებს შორის მშვიდობისა და მეგობრობის სიმბოლოდ. ის ასევე არის სიწმინდის, მიტევებისა და წარუვალი მეხსიერების სიმბოლო. ამ სიმბოლოში გაერთიანებულია ორი ცნება: ცოცხალი საფუძველი – პური, რომლის წყალობითაც ყველაფერი იბადება და ცოცხლობს, და ცხოვრების არსი – მარილი, რომლის წყალობითაც ყველაფერი მუდმივი და ურყევი რჩება.

სწორედ მარილიანი პური, რომელსაც მასპინძელი სტუმარს ნაქარგიანი ცხვირსახოცით სთავაზობდა, სტუმართმოყვარეობის უმაღლეს ნიშანს წარმოადგენდა. პური და მარილი ერთად მარადიულობას განასახიერებდნენ, მარადიულობას და მშვიდობას, რითაც უკრაინელები საკუთარ სტუმრებს უმასპინძლდებოდნენ. 

ოდესღაც ტრადიციული პურით უკრაინელები ვლადიმერ პუტინსაც გაუმასპინძლდნენ, თუმცა ყველას კარგად მოგვეხსენება რამდენად შორსაა პუტინი ამ ცნებებისგან და მიუხედავად ამისა, მიუხედავად რაკეტების წვიმისა უკრაინის ცაზე, ჩვენ მაინც ვხედავთ უკრაინელი მოსახლეობის სულგრძელობას ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცების მიმართ და მხოლოდ ერთი კითხვა გვიტრიალებს თავში: ნუთუ ნამდვილად შესაძლებელია ამხელა ემპათია მტრის მიმართ?

ზევით