#კულინარია

პურის ხარშო ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტით

გაზიარება:

ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე მეცხრამეტე საუკუნის ქართული კულტურის წარმომადგენელი, ლიტერატურული და საზოგადო მოღვაწე გახლდათ. 62-წლიანი მოღვაწეობის მანძილზე, ბარბარემ მომავალ თაობებს არაერთი ფასეული სიმდიდრე დაუტოვა, რომელთაგანაც ბარბარეს კულინარიული აღმოჩენები, ტრადიციული კერძების კრებული და უძვირფასესი რეცეპტები დღესაც ბევრი კულინარის სამაგიდო წიგნად ითვლება.

ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის პირველი კულინარიული წიგნი 1874 წელს გამოიცა და მთელი ტირაჟი სრულად გაიყიდა. მეორედ იგი „სრული სამზარეულოს“ სახელწოდებით ტფილისელმა მწერალმა და მთარგმნელმა, მიხეილ ახპატელოვმა გამოსცა; მესამედ კი, უკვე 1914 წელს — თავად ბარბარეს ქალიშვილმა მანანა ჯორჯაძემ. მოგვიანებით კიდევ იყო წიგნის ხელახლა გამოცემის მცდელობა. „სრული სამზარეულოს“ ნებისმიერი გამოცემა თავისი დროის ბესტსელერი იყო და თვალის დახამხამებაში ქრებოდა წიგნის დახლებიდან.

If.ge-მ The Diary-ს მკითხველისთვის ბარბარე ჯორჯაძის ერთ-ერთი რჩეული კერძი, პურის ხარშო შეარჩია. კერძის მომზადება ძალიან მარტივია. მათთვის, ვისაც განსაკუთრებულად უყვარს ქართული სამზარეულო, ეს რეცეპტი შესაძლოა ნამდვილ აღმოჩენადაც იქცეს.

ინგრედიენტები:

  • შოთის პური 1 ცალი
  • ხახვი 1 ცალი
  • ერბო 100 გრ.
  • კვერცხი 4 ცალი
  • მარილი
  • პილპილი
  • წყალი

მომზადების წესი:

ქვაბში მოათავსეთ ერბო და ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, კარგად მოთუშეთ. დაამატეთ კუბიკებად დაჭრილი პური, დაასხით წყალი ისე რომ დაფაროს და აადუღეთ.

დაამატეთ კვერცხი, მოაყარეთ მარილი და პილპილი. შეგიძლიათ თეფშზე მოაყაროთ მწვანე ხახვი სურვილისამებრ.

ზევით