როგორ გავუმკლავდეთ მენსტრუალურ ტკივილს

დღეს, რუბრიკის „გინეკოლოგის კაბინეტი" ავტორი ანა კაშია განიხილავს გოგოებისა და ქალებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს - ტკივილს მენსტრუალური ციკლის დროს.

ანა კაშია

მტკივნეული ციკლი ანუ დისმენორეა - სპაზმური, ყრუ ხასიათის ტკივილია მუცლის ქვედა მიდამოში.

ძალიან ბევრი ქალი განიცდის მენსტრუალურ ტკივილს ციკლის დაწყებიდან რამდენიმე დღით ადრე და უშუალოდ ციკლის პერიოდში. არის თუ არა ეს ნორმალური? დიახ, ციკლის დროს გარკვეული სახის დისკომფორტი და ყრუ ხასიათის ტკივილი ნორმად ითვლება.  

უნდა მოვითმინოთ თუ არა ტკივილი? რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ  გინეკოლოგს და როგორი ხასიათის ტკივილი  არ არის ნორმა? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, ამ სტატიაშივე შევეცდები.

მოგეხსენებათ ტკივილს აღქმა და მისი ზღურბლი ყველა ადამიანისთვის სხვადასხვაა, ამიტომ ტკივილი  სუბიექტური შეგრძნება, რომლის სიძლიერეს შრომის უნარიანობასთან მიმართებაში განისაზღვრება.

თუ ქალს  მენსტრუალური ციკლის პერიოდში  აქვს ისეთი ტკივილი, რომელიც ხელს უშლის ყოველდღიურ აქტიურობაში  და უზღუდავს შრომისუნარიანობას  ეს არ არის ნორმა და ითვლება ძლიერ ტკივილად რომლის უკანაც აუცილებლად უნდა ვეძებოთ გამომწვევი მიზეზი.

ნორმაში მენსტრუალური ციკლის დროს  საშვილოსნო იკუმშება, რათა მარტივად გამოდევნოს ჩამოფცქვნილი ენდომეტრიუმის შრე (რაც ვიზუალურად გამოვლინდება სისხლდენით). საშვილოსნოს შეკუმშვის გაძლიერებასა  და ტკივილის აღმოცენებაში მონაწილეობს  ჰორმონის მსგავსი ნივთიერება პროსტაგლანდინები. რაც უფრო მაღალია პროსტაგლანდინების დონე, მით უფრო  ძლიერია ტკივილი. მენსტრუალური ტკივილი პერიოდის დაწყებიდან 1-3  დღით ადრე იწყება და პიკს აღწევს 24 საათში, შემდგომ მისი ინტენსივობა კლებულობს. ტკივილი შესაძლოა გადაეცემოდეს მუცლის ქვედა მიდამოდან წელის და ბარძაყის მიდამოში.

მენსტრუალური ტკივილის რისკფაქტორები:

• ახალგაზრდა ასაკი <30 წლამდე,

• ჭარბი სისხლიან გამონადენი,

• არარეგულარული ციკლი, 

• ოჯახური ისტორია მტკივნეული ციკლი (დედას, დას), 

• მოწევა.

ფიზიოლოგიურად არსებული მენსტრუალური ტკივილი, რომელსაც რაიმე სხვა გამომწვევი მიზეზი არ აქვს, არის ყრუ ხასიათის და არ ახდენს გავლენას ქალის ყოველდღიურ ცხოვრების რეჟიმზე, იგი რაიმე გართულებებს არ იწვევს. მისი მართვა შესაძლებელია მედიკამენტოზური საშუალებებით (NSAID), რომელიც უშუალოდ ბლოკავს პროსტაგლანდინებს  და ამცირებს ტკივილის შეგრძნებას.

მენსტრუალური ტკივილი, რომელიც ხელს უშლის ქალს ყოველდღიური საქმიანობის შესრულებაში შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა პათოლოგიით, როგორებიცაა: ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს მიომა, მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები, ცერვიკალური სტენოზი (საშვილოსნოს ყელის არხის შევიწროება), ამ შემთხვევაში აუცილებელია გინეკოლოგის კონსულტაცია, რათა  დროულად მოხდეს აღნიშნული დაავადებების დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობა, რადგან ამ დაავადებებმა შესაძლოა სამომავლოდ ისეთი სერიოზული  გართულებები გამოიწვიოს როგორიცაა უშვილობა, ექტოპიური ორსულობა (ენდომეტრიოზი).

ამიტომ, თუ გაწუხებს მენსტრუალური ტკივილი და იგი ცვლის შენი  ყოველდღიური ცხოვრების  სტილს, ნუ მოითმენ ტკივილს, გაიარე კონსულტაცია გინეკოლოგთან ადრეულ ეტაპზე და აღმოაჩინე გამომწვევი მიზეზი.

ზევით