#ჯანმრთელობა #გინეკოლოგის კაბინეტი

როგორ მოვემზადოთ გინეკოლოგთან ვიზიტისთვის?

გაზიარება:

სიტყვა „გინეკოლოგი“️ ყოველთვის უხერხულობასთან, შიშთან და დისკომფორტთან ასოცირდება. თუმცა, შევეცდები საყვარელი გინეკოლოგი ვიყო, რომელიც არანაირ დისკომფორტს გიქმნით, ხოლო იმისათვის, რომ უხერხულობა და შიში მოგიხსნათ, ჩემს პირველ სტატიაში გინეკოლოგთან ვიზიტის შესახებ მარტივი ენით მოგიყვებით.

თუმცა, სანამ სტატიის მთავარ თემაზე გადავალ, გაგეცნობით: მე ვარ ანა  კაშია, 27 წლის. დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტეტი და ამჟამად მეანობა-გინეკოლოგიის ექიმი-რეზიდენტი გახლავართ.

ვმუშაობ კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯიაში" ოპერაციული  გინეკოლოგიისა და ონკოლოგიის განყოფილებაში, ვარ ქირურგის ასისტენტი  და  ყოველდღიურად სხვადასხვა სირთულისა თუ მოცულობის  მაღალტექნოლოგიურ ოპერაციებს ვატარებთ.

ჰო, პარალელურად, ამავე მიმართულებით კლინიკა „ჰელსიკორში” ვმუშაობ.

გაგიმხელთ, რომ ექიმობაზე ყოველთვის ვოცნებობდი. ასევე მსურდა, ჩემს პროფესიაში ჩემი სიტყვა მეთქვა და რაღაც მნიშვნელოვანი გამეკეთებინა  ქალებისთვის, მათი ჯანმრთელობისთვის და განათლებისთვის. სწორედ ამიტომ, მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, პანდემიის პერიოდში, გადავწყვიტე შემექმნა სპეციალური ფეისბუქჯგუფი, სადაც უფასო გინეკოლოგიურ კონსულტაციას გავუწევდი ქალებს, ვისაუბრებდით გინეკოლოგიურ დაავადებებზე, მათი დიაგნოსტიკის მეთოდებსა და მკურნალობის გზებზე, აგრეთვე სექსუალურ  განათლებაზე და ამ თემის ირგვლივ არსებულ პრობლემებზე.  ჯგუფის ქალთა ჯანმრთელობა/Women’s health ათასობით ქალს აერთიანებს და დღემდე ქალთა უფასო კონსულტირებასა და  განათლებას ემსახურება.

მოკლედ, ჩემი მიზანია ასეთია: მსურს გინეკოლოგიასა და  სექსულურ განათლებასთან დაკავშირებული მითები და არასწორი შეხედულებები დავამსხვრიო და ქალებს სწორი, სანდო და მათთვის უსაფრთხო ინფორმაცია მივაწოდო.

მაშ ასე, გაინტერესებთ როგორ უნდა მოვემზადოთ გინეკოლოგთან ვიზიტისთვის? რა უნდა გავითვალისწინოთ და რა პროცედურებს მოიცავს გინეკოლოგის კონსულტაცია?

პირველ რიგში გეტყვით, რომ გინეკოლოგთან ვიზიტი საშიში ნამდვილად არ არის!

აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევა: სწორად შეარჩიეთ პროფესიონალი და ყურადღებიანი გინეკოლოგი️, რადგან თქვენი შთაბეჭდილება პროცედურაზე და ზოგადად გინეკოლოგთან ვიზიტზე სრულიად დამოკიდებულია მასზე. გინეკოლოგის  სწორი შერჩევა უსაფრთხო, უმტკივნეულო და სწორად წარმართული ვიზიტის გარანტიაა.

აქვს თუ არა მნიშვნელობა ციკლის პერიოდს გინეკოლოგთან ვიზიტისას?  დიახ,  მენსტუალური პერიოდი არ უნდა ემთხვეოდეს  გინეკოლოგთან ვიზიტს და უმჯობესია კონსულტაცია დაიგეგმოს ციკლის პირველ პერიოდში.

არსებობს რამდენიმე  საკითხი რასაც უნდა მოერიდოთ გინეკოლოგთან ვიზიტამდე ორი  დღით ადრე: თავი აარიდოთ სექსუალურ კონტაქტს,ლუბრიკანტის გამოყენებას, ვაგინალური დუშის მიღებას, ასევე ტამპონის გამოყენებას, რადგან ისინი ცვლიან  ანალიზის პასუხს, როგორიც არის პაპტესტი და ნაცხის გამოკვლევა.

ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა: შესაძლებელია თუ არა შხაპის მიღება ვიზიტამდე?  დიახ შესაძლებელია! გასათვალისწინებელია რომ არ უნდა მოხდეს საშოს ღრმა და ინტიმური გელებით დაბანა  (ერიდეთ პარფიუმის, დეოდორანტების თუ კრემების გამოყენება) რეკომენდირებულია მხოლოდ თბილი წყლის აბაზანები!

გირჩევთ რომ წინასწარ ჩამოწეროთ ის კითხვები, რომლებზეც პასუხი გინეკოლოგისგან გაინტერესებთ. ეს ყველაფერი  დაგეხმარებათ სრულყოფილი და ნაყოფიერი კონსულტაციის მიღებაში.

ვიზიტის დროს თან იქონიეთ წარსულში ჩატარებული გინეკოლოგიური გამოკლევა თუ ანალიზი.

უნდა მოიშოროთ თუ არა თმა? სრულიად თქვენი გადასაწყვეტია ეს საკითხი გარდა ვულვის პათოლოგიებისა.

გინეკოლოგთან კონსულტაცია იწყება თქვენი  ჩივილების გამოკითხვით და ანამნეზის შეკრებით. როგორც წესი, შემდგომი ეტაპია ვიზუალურად  და პალპაციით (მანუალურად) სარძევე ჯირკვალი შეფასება. მომდევნო ეტაპია გინეკოლოგიური სკამი, რომელიც ბევრს დისკომფორტს უქმნის.  ნუ შეშინდებით, დაძაბულობა გამოკვლევას უბრალოდ  გაართულებს, მოდუნდით! გამოკვლევა იწყება მარტივი პროცედურით, გარეგანი სასქესო ორგანოების  ვიზუალური შეფასებით.  შემდგომ გადავდივართ შინაგანი სასქესო ორგანოების გამოკვლევაზე, რაშიც გენეკოლოგიური სარკე გვეხმარება და ნურც აქ შეგეშინდებათ. თუ კი რჩევა #1 გაითვალისწინეთ და გინეკოლოგი სწორად აარჩიეთ, მაშინ ვერც სარკეს გაიგებთ და ვერც ვერანაირი ანალიზის ჩატარებას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ექიმს პირველ რიგში თქვენ უნდა დაეხმაროთ, არ უნდა იყოთ დაძაბულები გამოკვლევის პროცესში, რადგან ამით  გინეკოლოს ვიზუალიზაცია ქვეითდება, თქვენთვის კი პროცესი მტკივნეული დახდება. მოდევნო ეტაპზე ჩატარდება შესაბამისი ანალიზი, რომელსაც გინეკოლოგი საჭიროებისამებრ დაგინიშნავთ: პაპ-ტესტი/ნაცხის ანალიზი. გამოკვლევა სრულდება ბიმანუალური პალპაციით, ორი თითი თავსდება საშოში, ერთი კი ბოქვენის ზემოკიდესთან მუცელზე და ამით ხდება საბოლოოდ თქვენი  შინაგანი სასქესო ორგანოების შეფასება. ასე  სრულდება გინეკოლოგიური გამოკვლევა. შესაძლებელია  დამატებით თქვენმა გინეკოლოგმა გადაგამისამართოთ ულტრაბგერით კვლევაზე.

პაპ-ტესტისა და  გინეკოლოგიური სარკის გამოყენება საქალწულე აპკის მთლიანობის შემთხვევაში გამოირიცხება.

დიდი იმედი მაქვს, რომ გინეკოლოგთან ვიზიტის უსაფრთხოებაში დაგარწმუნეთ და თქვენთვის სასურველი ინფორმაცია ამომწურავად მოგაწოდეთ. და თუ კი ასეა, გირჩევთ წელიწადში ერთხელ პროფილაქტიკის მიზნით  თქვენს რუტინაში ჩართოთ გინეკოლოგთან კონსულტაცია.

ზევით