AUTHOR გვირჩევს: როგორ შევიძინოთ კლასიკური კოსტიუმი გააზრებულად?

ვინც არ უნდა ამტკიცოს საპირისპირო, ფაქტი ცხადზე ცხადია, კოსტიუმები დღემდე რჩება კლასიკის, ელეგანტურობისა და დახვეწილობის სინონიმად. მამაკაცისთვის კლასიკური კოსტიუმის ქონა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პატარა შავი კაბა ქალის ცხოვრებაში და რადგან ერთი კლასიკური სილუეტი ყველა კაცის გარდერობში უნდა მოიძებნებოდეს, უმჯობესი იქნება მისი შეძენა გააზრებულად მოხდეს. კოსტიუმების საფუძვლების, მორგების წესებისა და საინტერესო რჩევების შესახებ დღეს Author-ის დახმარებით მოგიყვებით.

რა გიხდებათ?

მოდით დავიწყოთ საფუძვლებით, ახალი კოსტიუმი გჭირდებათ, მაგრამ ზუსტად არ იცით რომელი? კლასიკური სამოსის ყიდვა მაღაზიაში არ იწყება, ჯადოქრობა თქვენს გონებაში მზადდება, თქვენზე კარგად არავინ იცის რისთვის გჭირდებათ ახალი ან სულაც თქვენს გარდერობში პირველი კოსტიუმი: პაემნისთვის? ბიზნეს შეხვედრისთვის? ან სულაც ყოველდღიური მოხმარებისთვის? 

როდესაც ზუსტად წარმოიდგენთ რა გჭირდებათ, იმის გაანალიზებასაც მოახერხებთ, თუ რომელი ფერი და დიზაინია თქვენთვის ზედგამოჭრილი.

გირჩევთ არჩევანი ორი მარადიული კლასიკიდან გააკეთოთ: აირჩიეთ ნამდვილი მუქი ლურჯი ან ნაცრისფერი კოსტიუმი. ორივე მათგანი მამაკაცის ტანსაცმლის დიზაინის ყველაზე ნეიტრალური ფერებით გამოირჩევა, რომელთანაც პერანგის, ჰალსტუხისა თუ სხვა სახის აქსესუარების შეხამება პრობლემას საერთოდ არ წარმოადგენს. მუქი ლურჯი ან ნაცრისფერი კოსტიუმები მოგცემენ იმის შესაძლებლობასაც, რომ გასცდეთ ჩარჩოებს და ეს საოცრად კლასიკური სილუეტები თანამედროვე, ყოველდღიურ სამოსთან ტანდემში წარმოიდგინოთ.

შეარჩიეთ პიჯაკის სილუეტი

როდესაც ფერი და თქვენი კოსტიუმის ხასიათი უკვე წარმოდგენილი გაქვთ, შეგიძლიათ მომდევნო მნიშვნელოვან საფეხურზე გადახვიდეთ და პიჯაკის დიზაინი შეარჩიოთ, ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს 2 სილუეტზე:

ერთბორტიანი პიჯაკი თავი საქმეს 100%-ით ასრულებს, ის დახვეწილია, სტრუქტურირებული და ელეგანტური. მაგრამ, თუ ისეთი გაბედული ხართ, რომ 110%-ით გსურთ საკუთარი თავის გამოხატვა, მაშინ ორბორტიანი პიჯაკი ყოველთვის შეგიძლიათ ჩართოთ საქმეში.

სანამ კოსტიუმის ზომის მორგებაზე გადახვალთ, კიდევ რამდენიმე გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. თქვენი სრულყოფილი დიზაინის შენების პროცესში აუცილებლად დადგებით შემდეგი არჩევანის წინაშე: პიჯაკი 2 ღილით გსურთ თუ 3-ით? ხშირ შემთხვევაში პასუხი 2-ია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ შეგიძლიათ 3 ღილიანი პიჯაკის არჩევა, ისევ და ისევ, ყველაფერი თქვენს წარმოდგენაზეა დამოკიდებული.

ახლა დარწმუნდით, რომ კოსტიუმი გერგებათ

არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ძვირადღირებულია კოსტიუმი ან რამდენად განსხვავებული ტექნიკით არის შეკერილი, ერთადერთი რასაც მნიშვნელობა აქვს ეს მისი იდეალური მორგებაა და სამწუხაროდ ეს ბევრ მყიდველს ავიწყდება. რასაკვირველია, ამ კუთხითაც რამდენიმე დეტალია გასათვალისწინებელი, ამჟამად პიჯაკები უფრო მოკლეა ვიდრე ეს 10 წლის წინ იყო, ამიტომ საჭიროა თანამედროვე გზამკვლევით იხელმძღვანელოთ და დარწმუნდეთ, რომ კოსტიუმი მართლაც თქვენთვის არის შექმნილი.

რა უნდა გაითვალისწინოთ:

  • დარწმუნდით, რომ პიჯაკის ნაკერი სრულდება ზუსტად თქვენს მხარზე და მოძრაობის დროს არ იცვლის ფორმას.
  • პიჯაკის საყელო და პერანგის საყელო ერთმანეთს ზუსტად უნდა ემთხვეოდეს, ეს გადასვლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია.
  • პიჯაკის მორგებისას დაბლა დაწიეთ ხელები და დარწმუნდით, რომ თქვენი თითები პიჯაკის ქვედა ნაწილს სწვდებიან.
  • დარწმუნდით, რომ თქვენი პიჯაკი არ ფარავს თქვენს ხელებს და ზედმეტად არ ედება პერანგს.
ზევით