საცურაო აუზები თბილისში, რომლებიც ზაფხულის დღეებს გვიმსუბუქებენ

თუ კი საზაფხულო შვებულება ჯერ კიდევ შორეულ პერსპექტივად გესახებათ და არც დისტანციურად შეგიძლიათ თქვენის საქმის კეთება, მაშინ ტემპერატურის მაღალი ნიშნულის ხილვისთანავე თქვენი გულწრფელად გვესმის. თბილისში ყველაზე ცხელი სეზონის გატარება ნამდვილ სასჯელს ემსგავსება, ერთადერთი გამოსავალი კი გაგრილების საუკეთესო საშუალების პოვნაა.

სანამ ჩვენი გარშემომყოფები გაგრილების ახალ მეთოდებს ტესტავენ, საცურაო აუზის მოყვარულებმა ზუსტად ვიცით რა გვჭირდება ამ დღეებში. The Diary-ს გუნდმა სპეციალურად თქვენთვის თბილისის საუკეთესო ღია აუზები შეკრიბა და ახლა სწორედ მათ წარმოგიდგენთ. 

Holiday Inn

Holiday Inn-ის ღია აუზი სასტუმროს მესამე სართულზეა განთავსებული და დილის 8 საათიდან საღამოს 10 საათამდე ფუნქციონირებს. აუზზე შესვლა კვირის დღეებში 65, შაბათ-კვირას კი 90 ლარი ღირს, რაც შეეხება თვიურ აბონემენტს, მის შეძენას 650 ლარად მოახერხებთ.

Radisson Blu Iveria

ცხელი დღეების გასატარებლად ღია აუზს სასტუმრო Radisson Blu Iveria-ც გვთავაზობს. ორშაბათიდან-ხუთშაბათის ჩათვლით აუზზე სტუმრობის ღირებულება 60 ლარს შეადგენს, პარასკევს 75 ლარს, ხოლო რაც შეეხება უქმე დღეებს, შაბათ-კვირას აუზზე შესვლის ღირებულება 90 ლარი გახლავთ.

შუაგული

თბილისიდან სულ რაღაც 30 წუთის სავალზე, სოფელ წილკანში.  შუაგულის საცურაო კომპლექსი 2021 წლის ზაფხულის სეზონისთვის გაიხსნა. 

 კრწანისის რეზიდენციის კომპლექსი

უკვე რამდენიმე წელია, კრწანისის რეზიდენციის კომპლექსს ერთგული სტუმრები ჰყავს ზაფხულის სეზონზე, წელს აუზზე მოხვედრის მსურველთათვის შემდეგი ფასები მოქმედებს: სამუშაო დღეებში დღიური ვიზიტის ღირებულება 45 ლარია, შაბათ-კვირას კი - 60.

ოლიმპიური აუზი

ოლიმპიური აუზი გახსნის დღიდან ერთ-ერთ ფავორიტ ღია აუზად ითვლება თბილისში. თუ კი აუზზე ვიზიტს გადაწყვეტთ, უნდა გახსოვდეთ, რომ ერთჯერადი ვიზიტის ტარიფები საათებისა და დღეების მიხედვით განსხვავდება. ასე მაგალითად, სამუშაო დღეებში 11:30 სთ-დან 16 საათამდე ვიზიტის ღირებულება 25 ლარს შეადგენს, ხოლო ამავე საათებში უქმე დღეებში ვიზიტი 35 ლარი დაგიჯდებათ.

იმისთვის რომ აუზზე გარანტირებულად გქონდეთ ადგილი, შეგიძლიათ სასურველ დღეს ვიზიტი ან აბონემენტი შეიძინოთ დისტანციურად, ონლაინ, Biletebi.ge-ზე.

Gino Paradise

აღმოსავლეთ ევროპაში პირველი გრანდიოზული აკვაპარკი ვიზიტორებს, როგორც ღია ისე დახურულ აუზებს სთავაზობს. ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით Gino Paradise-ში სტუმრობა 49 ლარი, ხოლო უქმე დღეებში კი 59 ლარი დაგიჯდებათ.

თბილისის ზღვის კლუბი

კიდევ ერთი ღია აუზი ცხელი დღეების დასამარცხებლად თბილისის ზღვის კლუბის კომპლექსი გახლავთ, აქ მოხვედრა, მსურველებს, სამუშაო დღეებში 25 ლარი, ხოლო უქმე დღეებში კი 30 ლარი დაგიჯდებათ.

ზევით