სამხრეთ იტალიის სურნელი სამზარეულოში, პარმიჯანას მარტივი რეცეპტი

პარმიჯანა ტრადიციული, სამხრეთ იტალიური ბადრიჯნის ლაზანიეა. ვინც სამხრეთ იტალიაში ერთხელ მაინც ხართ ნამყოფი, დაგემოვნებული გექნებათ ეს უგემრიელესი კერძი და დაგვეთანხმებით, რომ ის მართლაც კერძთა შორის კერძია! გთავაზობთ რეცეპტს და ვეცდებით სამხრეთ იტალიის სურნელი დავატრიალოთ თქვენ სამზარეულოში.

parmigiano

მომზადების დრო: 20 წუთი

ცხობის დრო: 20/30 წუთი

ინგრედიენტები:

• 1 კგ ბადრიჯანი

• 700 გრ ტომატი

• 450 გრ მოცარელა (შეგიძლიათ უმარილო გახეხილი ყველით ჩაანაცვლოთ)

• 80 გრ პარმიჯანო

• 5/6 ბაზილიკოს ფოთოლი

• 1 მოზრდილი ხახვი

• ზეითუნის ზეთი

• მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

ნელ ცეცხლზე  ზეითუნის ზეთში დაჭრილი ხახვი ჩაშუშეთ, დაამატეთ ქილის პომიდორი და ბაზილიკოს რამდენიმე ფოთოლი (მარილი და პილპილი გემოვნებით) გააჩერეთ დაახლოებით 15/20 წუთი. სანამ პომიდორის სოუსი მზადდება, დაჭერით  ბადრიჯანი ოდნავ სქელ ნაჭრებად და შებრაწეთ ზეთში ორივე მხრიდან. ცეცხლგამძლე ფორმაში მოასხით ცოტაოდენი პომიდორის სოუსი, ერთი ფენა ბადრიჯანი, გახეხილი ყველი, ცოტაოდენი პარმიჯანო, გაიმეორეთ დანმიმდევრობით. ბოლო ფენას კი ბლომად მოაყარეთ გახეხილი ყველი და პარმიჯანო. გამოაცხეთ ღუმელში 180 გრადუსზე 20/30 წუთის განმავლობაში. კერძი სუფრასთან ცხელი მიიტანეთ, თუმცა მეორე დღესაც, შემთბარი ძალიან გემრიელია. ასევე შეგიძლიათ მონო პორციაც გააკეთოთ, იხილეთ სურათები ინსპირაციისთვის.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები.

 

ზევით