სიცოცხლე, სიკვდილი და სერჟი - სილამაზის კერპი სახელად ჯეინ ბირკინი

გაზიარება:

16 ივლისს, საღამოს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრიტანული წარმოშობის ფრანგი მსახიობი და მომღერალი, სტილის კერპი ჯეინ ბირკინი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 76 წლის ასაკში დაგვემშვიდობა ქალი, რომლის მარადიული მიმზიდველობის საიდუმლო არც მის წარმატებაში, არც ხმაში და მით უმეტეს არც მიმზიდველ კაბებში არ იმალებოდა, ჯეინ ბირკინის მომაჯადოებელი უნარი, პირველ ყოვლისა მისი პიროვნული შტრიხებიდან, პროგრესულად მოაზროვნე გონებიდან და თანაგანცდის შესაძლებლობიდან იღვრებოდა.

იშვიათია იპოვო ინგლისელი ქალი, რომელიც ფრანგებსაც ზუსტად ისე უყვარდათ, როგორც თანამემამულეებს. ჯეინმა შეძლო ამ ორი სტილისა და კულტურის გაერთიანება ისე, როგორც მხოლოდ it გოგოს შეეძლო გაეკეთებინა. ფრანგებს ჯეინის აქცენტი იზიდავდათ, ინგლისელები კი მის სტილს ეთაყვანებოდნენ. ეკრანებზე უკანასკნელი გამოჩენიდან გასული წლების შემდეგაც კი ჯეინ ბირკინი რჩებოდა ხასიათის, ინტელექტისა და სიმშვიდის ნიმუშად, ქალად, რომელსაც ეთაყვანებოდნენ და რომელიც თავდავიწყებით უყვარდათ.

თავდავიწყებით უყვარდა ჯეინსაც, მეტიც, მისი და სერჟ გეინსბურგის ურთიერთობა დღესაც ერთ-ერთ საკულტო სასიყვარულო ურთიერთობად რჩება, რომელიც ბედნიერი დასასრულის მიუხედავადაც იქცა ურთიერთპატივისცემის მაგალითად. ინგლისელმა მშვენიერებამ და ფრანგმა ავანგარდისტმა მხატვარმა შეძლეს და გასული საუკუნის ყველაზე მომხიბვლელ შემოქმედებით წყვილად დაგვამახსოვრეს თავი. დანგრეული ოჯახის და განქორწინების შემდეგაც კი სერჟი, ჯეინისთვის რჩებოდა იდეალად, დიდებულ კაცად.

მარტივად რომ ვთქვათ, ჯეინისა და სერჟის წყვილი იმ ბოჰემური ცხოვრების წესის განსახიერებას წარმოადგენდნენ, რომელიც 60-იან წლებში გაჩნდა - ენერგიული, უდარდელი და შესაძლებლობებით სავსე.

ჯეინ ბირკინი და სერჟ გეინსბურგი ერთმანეთს ფილმ „სლოგანის“ გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ, ეს არ იყო ერთი ნახვით შეყვარება, მეტიც ჯეინი, რომელიც ფრანგულად ერთ სიტყვასაც კი ვერ ამბობდა, სერჟის სარკასტული კომენტარების მსხვერპლი გახდა. თუმცა, სადილის დროს ჯეინმა შანსი თავად შექმნა, გეინსბურგი საცეკვაო მოედანზე გაიყვანა და მიუხედავად სერჟის თავდაპირველი წინააღმდეგობისა, მათ მოედანზე მთელი საღამო გაატარეს, მოგვიანებით კი მხიარულება კლუბში განაგრძეს. 

ასე დაიწყო წყვილის ეპიკური მოგზაურობა, პოეტი-მუზის ურთიერთობა, რომელიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული მეგობრობით. 1969 წელს დუეტმა ერთად იმუშავა სიმღერაზე, რომელიც თავდაპირველად დაიწერა გეინსბურგის 1967 წლის სიყვარულის ობიექტისთვის - ბრიჯიტ ბარდოსთვის. თვითგამოცხადებულმა „ეჭვიანმა შეყვარებულმა", ბირკინმა შესთავაზა ბარდოს სიმღერის ნაწილი შეესრულებინა, თუმცა ბარდომ უარყო შეთავაზება იმის შიშით, რომ ეროტიკული ბუნება მის ახალ ქორწინებაში პრობლემებს გამოიწვევდა.

სიმღერა, სახელწოდებით "Je T'Aime", სავსეა სექსუალური ტექსტებით, სათავეში ბირკინის სარეზერვო ვოკალით და ეროტიკული დეტალებით, რომელიც გამოსვლისთანავე განხილვის საგნად იქცა. ტრეკი დაგმო ვატიკანმა და აკრძალა მისი რადიოში გაშვება როგორც ბრიტანეთში, აგრეთვე რამდენიმე სხვა ქვეყანაში. საფრანგეთში მას უკრავდნენ რესტორნებში ღამის 11 საათის შემდეგ, სადაც წყვილი ხშირად სადილობდნენ, მაღაზიებში კი ჩანაწერი პორნო ჟურნალები ერთად იყიდებოდა.

1971 წელს, წყვილს პირველი ქალიშვილი შარლოტა შეეძინა, რამაც სერჟი მამობრივი გრძნობებით აღავსო. ერთ-ერთ ინტერვიუში ბირკინი იხსენებდა: „ის საოცარი მამა იყო და საშინლად აღელდა, როდესაც ჩვენი ქალიშვილი შარლოტა დაიბადა. ის სხვა საავადმყოფოში უნდა გადაეყვანათ და მე არ მომცეს უფლება მასთან წავსულიყავი, რადგან რაღაც დაავადება ავიკიდე. სერჟი ტაქსით წავიდა და ტიროდა პატარა შარლოტასთან ერთად კალათაში“.

როგორც ყველა სხვა წყვილს, მათაც ჰქონდათ თავისი წილი ჩხუბი. შესაძლოა, თუმცა მათი უთანხმოება უფრო დრამატული და საჯარო იყო, ვიდრე ჩვეულებრივი წყვილების შემთხვევაში. 

თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჯეინისა და სერჟის ურთიერთობას არ ჰქონდა მარადიული ბედნიერი დასასრული, წყვილი 1980 წელს განქორწინდა, დაშორების გადაწყვეტილება ჯეინმა, სერჟის ალკოჰოლთან არაჯანსაღი დამოკიდებულების და მოჭარბებული ძალადობრივი ქმედებების გამო მიიღო. თუმცა, მათი მეგობრობა არასდროს დასრულებულა, მაშინ, როდესაც ბირკინს ქალიშვილი შეეძინა ჟაკ დოიონთან, გეინსბურგმა ახალშობილს გაუგზავნა ტანსაცმლის ყუთი ბარათით, რომელზეც ეწერა Papa Deux, მოგვიანებით კი მართლაც გახდა ბავშვის ნათლია. სერჟმა, ჯეინისთვის სიმღერების წერა სიკვდილის ბოლომდე განაგრძო.

„ჩვენი მეგობრობა მის გარდაცვალებამდე გაგრძელდა. მან ერთხელ ლონდონში დამირეკა და მითხრა, რომ დიდი ბრილიანტი მიყიდა, რადგან მისი ნაჩუქარი დავკარგე. მე კი ვუთხარი: „ბოლოს და ბოლოს, შეწყვიტე დალევა სერჟ!“

ზევით