#მოგზაურობა

„სოციალური სივრცე“: სიმწვანეში ჩაფლული მრავალფუნქციური კონცეპტუალური სივრცე

გაზიარება:

2-წლიანი შფოთვის, სტრესით, ჩაკეტილობითა და უკონცერტობით დაგროვებული ენერგიის ამოფრქვევისთვის აგვისტო რომ საუკეთესო პერიოდია ამაში არავინ დავობს; არც იმაში გვეპარება ეჭვი, რომ ბუნებასთან ახლო კავშირი და მუსიკა საუკეთესოდ მოახერხებენ ჩვენში ღრმად ფესვგადგმული ემოციების ზედაპირზე გამორიყვას; ახლა წამით დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, რომ ამ პოზიტიური ტრანსფორმაციისთვის მხოლოდ ერთ სივრცეში მოხვედრაც კი საკმარისია, დამაინტრიგებლად ჟღერს, არა?

„ბლექ სი არენას“ გვერდით, მუსიკოსთა პარკის ბილიკს თუ ჩაუყვებით, თავს სიმწვანეში ჩაფლულ პატარა საოცრებათა ქვეყანაში - „სოციალურ სივრცეში“ ამოყოფთ, რომელიც საშუალებას მოგცემთ ახალი მისნური სამყაროს ორგანულ ნაწილად იქცეთ.

შეკვეთილის მაგნიტური ქვიშის სანაპიროსა და კამკამა ზღვის მახლობლად განთავსებული „სოციალური სივრცე“, რომლის ათვისებისას არც ერთი ხე არ დაზიანებულა, არის მათთვის, ვისთვისაც ბუნებასთან კონტაქტი შინაგანი მოთხოვნილებაა და მათთვისაც, ვისაც ჰარმონიული ცხოვრებისა და პიროვნული წონასწორობის აღდგენის სურვილი ამოძრავებს.

„სოციალურ სივრცეში“ ერთად არის თავმოყრილი სოციალურად გააზრებული აქტივობები - შემეცნებითი და გამაჯანსაღებელი ღონისძიებები, აქ დამსვენებელს შესაძლებლობა ეძლევა წაიკითხოს წიგნი ტყის ბიბლიოთეკაში და კიდევ ერთხელ დაფიქრდეს, რამდენი ბუნებრივი რესურსის დაზოგვას შეუწყობდა ხელს მეორეული წიგნები რომ ეკითხა; შეიძინოს ეკომეგობრული ნივთები კონცეპტუალურ მაღაზიაში და ამ გზით მხარი დაუჭიროს ეკომეგობრულ სტარტაპებს; დააგემოვნოს ორგანული ინგრედიენტებით დამზადებული საკვები და გაიცნოს მრავალი საინტერესო და შთამაგონებელი ადამიანები.

ბუნებასთან ჰარმონიულად შერწყმული ეკომეგობრული გარემოს კიდევ ერთ სიმდიდრეს, მუსიკალური სივრცე წარმოადგენს, რომელიც რეზიდენტი არტისტებით დამსვენებელთა მოჯადოებას სრულად ახერხებს. თუკი „სოციალურ სივრცეში“ სტუმრობას გეგმავთ, გირჩევთ, აუცილებლად გადაავლოთ თვალი მუსიკალურ კალენდარს და თქვენი ვიზიტი დიდ მუსიკალურ მოგზაურობას მოარგოთ, რომელიც ისეთ შემსრულებლებს აერთიანებს როგორებიც მეთ ქეინსი, Allen Hulsey თუ Lee Burridge არიან.

რჩევა TheDiary-სგან: ესტუმრეთ „სოციალურ სივრცეს“ თავისუფალი გონებით, ყველანაირი მოლოდინის გარეშე და თქვენი პოზიტიური ტრანსფორმაცია გარანტირებული იქნება, გვერწმუნეთ, ერთხელ მოხვედრის შემდეგ აქ დაბრუნება კიდევ ძალიან, ძალიან ბევრჯერ მოგინდებათ, „სოციალურ სივრცეში“ ხომ მოგზაურობა არასდროს სრულდება.

ზევით