#მოგზაურობა

Spend 4 seasons in Georgia - ტურისტული ინიციატივით დაწყებული 3-წლიანი მოგზაურობა

გაზიარება:

3 წლის წინ, ივნისის თვეში, მაშინ, როდესაც საქართველოს ტურისტული კამპანია ყველაზე მეტად სჭირდებოდა, ხუთმა ბრწყინვალე გოგომ: ნინი ნოღაშვილმა, ნინი მჭედლიშვილმა, მარიამ გუჯაბიძემ, მარი ჯობავამ და ქეთა გოლეთიანმა, კამპანია სახელწოდებით #SPENDYOURSUMMERINGEORGIA წამოიწყო.

მათვე დააფუძნეს Facebook ჯგუფი Spend 4 seasons in Georgia, რომელსაც რუსეთის მხრიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების აკრძალვა დაედო საფუძვლად. ჯგუფის მთავარ მიზნად ჩვენი უნიკალური ტურისტული ლოკაციების პოპულარიზება იქცა. 

ფოტო: ლუიზა ჩათალაშვილი

2019 წლის ზაფხულის საქართველოში გატარების ინიციატივამ და ჯგუფმა Spend 4 seasons in Georgia, პოპულარობა საოცარი სისწრაფით მოიპოვეს. Facebook ჯგუფის წევრთა რაოდენობა, ყოველდღიურად იზრდებოდა, რაც ხელს უწყობდა საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას. მიუხედავად იმისა, რომ Spend 4 seasons in Georgia-ს სამიზნე აუდიტორიას სწორედ უცხოელები წარმოადგენდნენ, ამ ჯგუფმა შიდა ტურიზმზეც საკმაოდ დადებითი გავლენა იქონია.

ფოტო: ბექა შავიძე

დღეს, Spend 4 seasons in Georgia, მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან, 373 ათასზე მეტ ადამიანს აერთიანებს. 3 წლის შემდეგაც Facebook ჯგუფი იმ საიმედო ადგილად რჩება, რომელსაც გამორჩეული ლოკაციების, დადებითი ემოციებისა და საუკეთესო თავგადასავლების გასაზიარებლად ვიყენებთ. 

Spend 4 seasons in Georgia-ს 3-წლიანი მოგზაურობისა და გლობალური გამოწვევების შესახებ, ჯგუფის თანადამფუძნებელი ნინი ნოღაშვილი გვიამბობს.

დაფუძნებიდან 3 წელი

ჩვენი ინიციატივის  - Spend 4 seasons in Georgia-ს დაბადებიდან უკვე 3 წელი გავიდა. დღემდე არ წყდება კამპანიის მიმართ ინტერესი და ჯგუფის წევრების რაოდენობა დღითიდღე იმატებს. ამჟამად ჯგუფი 373 000 წევრ ითვლის, მათ შორის 35% უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ამ პერიოდის განმავლობაში ორჯერ დავდექით ისეთი გლობალური გამოწვევების წინაშე, როდესაც მოგვიწია ჩვენი და ჯგუფის მიდგომების შეცვლა და გადაწყობა ახალ რეალობაზე.

ფოტო: ზაქარია ჭელიძე

პანდემიის დასაწყისში, როდესაც მთელ მსოფლიოში ყველაზე აქტუალური გახდა მოწოდება - „დარჩი სახლში“ და ერთ სივრცეში მოექცა თითოეული ადამიანისთვის სამუშაო, დასასვენებელი და გასართობი გარემო, გადავწყვიტეთ ჩვენი უცხოელი და ქართველი წევრებისთვის ვირტუალურად გაგვეცნო საქართველო. დავიწყეთ კულინარული რუბრიკა, Facebook ლაივების მეშვეობით, ჯგუფის წევრებს ვასწავლიდით როგორ გაეკეთებინათ კერძები ქართული ტრადიციული სამზარეულოდან, რამაც დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია, ყოველდღე ვხედავდით როგორ აზიარებდნენ ჩვენი უცხოელი წევრები მათ მომზადებულ კერძებს თავიანთი ინტერპრეტაციით.  ვირტუალურად გავაცანით საქართველოს ეროვნული მუზეუმი; პარტნიორებთან თანამშრომლობით, მარტივი ვიდეოების მეშვეობით, ჩვენს უცხოელ ჯგუფის წევრებს ვასწავლიდით ყოველდღიურად გამოსაყენებელ ქართულ სასაუბრო ენას.

დიდი თანამშრომლობა

იაპონიაში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით, განვახორციელეთ პროექტი, „88 დღე საქართველოს საელჩოსთან ერთად“ რისი მეშვეობითაც 88 დღის განმავლობაში, ჩვენს ჯგუფში გენერირებული, შერჩეული ფოტო-ვიდეო მასალა, საელჩოს Twitter-ის მეშვეობით უზიარდებოდათ იაპონიის მოქალაქეებს. პროექტს საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა და დიდი წარმატება მოიპოვა.

ფოტო: მირიან თედორაძე

მეორეს მხრივ, გამომდინარე იქიდან, რომ ფრენები დიდი ხნის განმავლობაში შეჩერებული იყო და აღდგენის შემდეგაც კი, საკმაოდ რთული გახლდათ საერთაშორისოდ მოგზაურობა, ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა შიდა ტურიზმის ხელშეწყობა და ქართველი მოგზაურებისთვის საქართველოს ისეთი ადგილების გაცნობა, რომელიც მათთვის მანამდე უცნობი იყო.

სოციალური პასუხისმგებლობა

წელს, როდესაც პანდემიის მართვა ვისწავლეთ და გაჩნდა პერსპექტივა, რომ ტურიზმი ეტაპობრივად პანდემიამდელ მდგომარეობას დაუბრუნდებოდა, დავდექით ახალი, საკმაოდ რთული და მნიშვნელოვანი  გამოწვევის წინაშე, რომელიც განაპირობა რუსეთის აგრესიამ უკრაინაში.

ფოტო: ზურა ქართველიშვილი

თითოეული ჩვენგანი ვფიქრობდით, რომ პირდაპირ, თუ ირიბად ეს ომი ჩვენც გვეხებოდა, პასუხისმგებლობას ვგრძნობდით. 24 თებერვალს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ  დროებით, შეგვეცვალა ჯგუფის მიზანი და ჩვენი პლატფორმა დაგვეთმო ყველა იმ ადამიანისთვის და კომპანიისთვის, ვისაც სურვილი ქონდა რაიმე ფორმით დახმარებოდა უკრაინაში, თუ საქართველოში მყოფ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს.

ამ გადაწყვეტილებას ქართველი ხალხისგან მოყვა ძალიან დიდი ჩართულობა და ერთობა. ჩვენი ჯგუფის წევრები, აღსანიშნავია, რომ არამარტო ქართველები, ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის მოქალაქეებს სთავაზობდნენ დახმარებას, ტრანსპორტირებას, სამუშაო ადგილებს, მედიკამენტებს, უთმობდნენ საცხოვრებლად ბინებს და ამ ყველაფერს, უანგაროდ აკეთებდნენ.

ფოტო: ბილი ბილიხოძე

უამრავმა უკრაინელმა მოქალაქემ, სწორედ, ჩვენი ჯგუფის საშუალებით, მიიღო დახმარება. ჩვენთვის ძალიან ამაღელვებელია, როდესაც მსგავსი მნიშვნელობის მქონე წამოწყების ინიციატორი ხდები და მეორეს მხრივ, ემოციურია, როდესაც რეალურად ხედავ, თუ რამხელა ძალა  აქვს უანგაროდ სიკეთის კეთებას.

კამპანიის დაწყების დღიდან, ჩვენთვის ყველაზე მთავარი, იყო და არის საქართველოს წარმოჩენა მსოფლიო მასშტაბით, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყნის და ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება ემსახურება ამ მიზანს.

ზევით