#მოდა

სტილის კერპი სახელად - ოდრი ჰეპბერნი

გაზიარება:

 ოდრი ჰეპბერნის სტილის შესახებ წერა და მისი ყოველი დეტალის სიტყვიერად გადმოცემა ამოუხსნელ დავალებას ჰგავს, ოდრის თავშეკავებული ელეგანტურობა, კლასიკური სტილისადმი ერთგულება და იუბერ დე ჟივანშისთან ახლო მეგობრობა მასზე უკვე საკმარისზე მეტს ამბობს.

მოდა ჩემს ცხოვრებაში იუბერის პირველ კაბასთან ერთად შემოიჭრა - წარმოუდგენელი სილამაზის კაბასთან ერთად - ოდრი ჰეპბერნი

ყველა დროის, ყველაზე დახვეწილი სტილის კერპის - ოდრი ჰეპბერნის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მისი საკულტო ჩაცმულობები შევაგროვეთ, როგორც სცენაზე, აგრეთვე რეალურ ცხოვრებაში და ფენომენის სახელად ოდრის სტილს მუდმივობას გავუსვით ხაზი.

თმის სამაგრი

ერთი შეხედვით არაფრისმთქმელი, სადა და უბრალო თეთრი თმის სამაგრი, ოდრის საყვარელ აქსესუარად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობის გარდერობში არა ერთ ძვირფას ტიარას აღმოაჩენდით, ჰეპბერნის ხილვა სადა თმის სამაგრებით უფრო მოსალოდნელი იყო.

ბალერინას ფეხსაცმელები

დაბალძირიანი ფეხსაცმელები ე.წ „ბალეტკები“ ოდრის სტილთან ყველაზე მეტად ასოცირდება. ამ სტილის ფეხსაცმელზე არჩევანის გაკეთების საბაბიც მარტივია და ოდრის ბალეტთან დაკავშირებულ წარსულს უკავშირდება, როგორც მსახიობს არა ერთხელ უხსენებია, ბალერინობა მისი პირველი საოცნებო პროფესია გახლდათ.

თეთრი პერანგი

თავისუფალი სტილის თეთრი პერანგი ოდრის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გახლდათ, რომელსაც მსახიობი აქსესუარებთან და საყვარელ ფეხსაცმელთან ერთად ირგებდა, სწორედ ისე, როგორც ეს ფილმ Breakfast at Tiffany's-შია.

თეთრი კაბა

1954 წელს მსოფლიომ ოდრი ჰეპბერნი ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე თეთრი ფერის, ყვავილების ნაქარგიანი კაბით იხილა, რომელიც იმდენად იღბლიანი აღმოჩნდა მსახიობისთვის, რომ ოდრიმ სახლში კუთვნილი ჯილდოც კი გააყოლა ხელს.

კუბოკრული შარვალი

ოდრი ჰეპბერნი განსხვავებული სტილის შარვლების დიდი მოყვარული გახლდათ, მის გარდერობში აუცილებლად აღმოაჩენდით სხვადასხვა ვარიაციას, თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ ოდრის მონოქრომული, ვარდისფერი კუბოკრული შარვალია, რომელსაც ხშირად პიკნიკის შარვლადაც მოვიხსენიებთ.

წელის ქამარი

1953 წელს გამოსული ფილმი სახელწოდებით Roman Holiday-ს აღმოჩნდა ოდრის ბრწყინვალე კარიერის ამომავალი წერტილი, ფილმში, რომელშიც ჰეპბერნი რომში გაპარული პრინცესის როლს ასრულებს, მსახიობმა არა ერთი ელეგანტური ლუქი მოირგო, თუმცა მათგან აუცილებლად გამოვარჩევდით ამ ჩაცმულობას, რომელსაც სიდიადეს წელის ქამარი სძენს.

თავსაბურავი

ოდრი ჰეპბერნი თავსაბურავების დიდი მოყვარული გახლდათ, მსახიობი როგორც რეალურ ცხოვრებაში, აგრეთვე ეკრანებზე ამ აქსესუარით ხშირად ჩნდებოდა და ბუნებრივია, რომ თავსაბურავებიც უშუალოდ ოდრის იმიჯთან ასოცირდება. 1963 წელს გამოსულ ფილმში ოდრის თრენჩ მოსაცმელთან ერთად სწორედ მისი საყვარელი თავსაბურავი ამშვენებს.

ვარდისფერი კაბა

ოდრის ცხოვრებაში არა ერთი გახმაურებული რომანი იყო, პირველ რჩეულს ჰეპბერნი 1954 წელს გაჰყვა ცოლად, ახალგაზრდა და ნორჩ მსახიობს Batsheva-ს საკულტო მოკლე ვარდისფერი კაბა ემოსა, გრძელი ხელებით.

პატარა შავი კაბა

არ არსებობს ოდრი პატარა შავი კაბის გარეშე და პირიქით! იცოდით, თუ არა, რომ ფილმის „საუზმე ტიფანიში“ მთავარი როლის შემსრულებლად მერილინ მონრო მოიაზრებოდა და არა ოდრი ჰეპბერნი?  თუმცა სიტუაცია სხვაგვარად წარიმართა და მსოფლიომ ჰოლი გოლითლი ჰეპბერნის სახით შეიყვარა. ამ ფილმში ოდრისთან ერთად ერთ-ერთ მთავარ როლს იუბერ დე ჟივანშის მიერ შექმნილი შავი კაბა თამაშობს, რომელიც ამ ფილმის შემდეგ ნამდვილ ლეგენდად იქცა და დღეს ყველა მოდური გოგოს გარდერობში აუცილებელ და ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. 

ზევით