Top Marques Monaco 2022: ყველაზე ექსკლუზიური მანქანების შოუ მსოფლიოში

გაზიარება:

Sufia Kiekbaeva

"ნახე, მართე, შეიძინე!" - ამ სლოგანით Top Marques Monaco-ს დამფუძნებელმა 2004 წელს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზრობა გააცნო საზოგადოებას და მონაკო, მანქანებისა და საათების მოყვარულთა და კოლექციონერთა სამოთხედ აქცია. ღონისძიების დაარსების დღიდან მოყოლებული, მონაკო, მანქანების ინდუსტრიის ყველაზე გავლენიან სახელებს და ისეთი მანქანების მწარმოებლებს აერთიანებს, როგორებიცაა: Bugatti, Ferrari, Lamborghini, Rolls Royce, Bentley, McLaren, Aston Martin, Maserati, Pininfarina და მრავალი სხვა.

საოცნებო სუპერმანქანების უახლესი, ექსკლუზიური მოდელები, ყველაზე ძვირადღირებული და დახვეწილი საათები და სამკაულები - რა გასაკვირია, რომ ამ ღონისძიებამ ჩვენი ყურადღების მიპყრობაც შეძლო და ზაფხულის მშვენიერი შვებულების ზღაპრულ მონაკოში გატარებისკენ გვიბიძგა. Top Marques Monaco მასშტაბურ სანახაობრივ ღონისძიებასთან ერთად საქველმოქმედო მისიასაც ასრულებს, ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილი მონაკოს პრინც ალბერტის მიერ დაარსებულ საქველმოქმედო ფონდში ირიცხება.

9 ივნისს, მსოფლიო პანდემიით გამოწვეული 2-წლიანი შესვენების შემდეგ, Top Marques Monaco მე-17-ედ გაიხსნა, 12 ივნისის ჩათვლით, პრინცმა ალბერტ II წარმოგვიდგინა სანახაობრივი სუპერმანქანები, მოტოციკლები, სუპერნავები და მდიდრული მაჯის საათებისა და სამკაულების დიდი კოლექცია. 

პირველად Top Marques Monaco-ს 17-წლიან ისტორიის მანძილზე, ღონისძიებამ საკუთარი ჰორიზონტი გააფართოვა და ვიზიტორებს შესაძლებლობა მოგვცა 50-ზე მეტი კლასიკური ავტომობილი და 50-70-იანი წლების საკულტო სპორტული მანქანები საკუთარი თვალით გვეხილა. მათ შორის გახლდათ ორი ლეგენდა: Aston Martin DB5 და Ferrari F355 GTS, რომლებმაც  James Bond-ის ფილმების სერიაში გამოჩენით მოიპოვეს პოპულარობა. განყოფილებაში ყველაზე დიდი ტერიტორია ეკავა Boutsen Classic Cars-ს, რომელიც წარმოადგენდა ისეთ ექსკლუზიურ მოდელებს, როგორიცაა 1960 წლის Maserati 3500 GT Superleggera და 1992 წლის Ferrari 512TR.

2022 წლის Top Marques Monaco-ს ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი პრეზენტაცია ნამდვილად Bugatti-ს ეკუთვნოდა. გრიმალდის ფორუმთან მიახლოება და ჩვენი გაოცება ერთი იყო, როდესაც ბრენდის ისტორიაში ყველაზე ძლიერი და ექსკლუზიური წარმოების სუპერ სპორტული მანქანების წყვილი Bugatti Chiron-ის წყვილი საკუთარი თვალებით ვიხილეთ. ელეგანტური შავი მოდელი არის Chiron Sport-ის შეზღუდული გამოცემა 110 ANS BUGATTI. 

ხელით მოხატული დეტალებით Chiron Pur Sport Grand Prix-ის ხილვამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

ზევით