უაინონა რაიდერი Marc Jacobs-ის ახალი ჩანთის სარეკლამო კამპანიაში

უაინონა რაიდერისა და Marc Jacobs-ის მრავალწლიანი თანამშრომლობა გრძელდება, საკულტო მოდურ მომენტებს, რომლებიც წლების განმავლობაში განსაზღვრავდნენ უაინონასა და მოდის სახლის მეგობრობას, კიდევ ერთი კამპანია შეემატა. 90-იანი წლების სტილის სიმბოლომ Marc Jacobs-ის ახალი ჩანთით J Marc-ით ფოტოგრაფ ჰარლი ვეირის ობიექტივში იპოზიორა.

J Marc-ის მხრის ჩანთა დამზადებულია რბილი, ელასტიკური ტყავისგან და გამოირჩევა ბრენდის ხელწერის J ჩამკეტით. ჩანთის ტარება შესაძლებელია სამი გზით: როგორც კლატჩი, ჯვარედინი თასმით, ან როგორც მხრის ჩანთით. ჯაჭვის მკვრივი თასმა შთაგონებას იღებს სახლის Stam ჩანთიდან, რომელსაც მოდელი ჯესიკა სტემის სახელი აქვს.

J Marc-ის კამპანია Stranger Things-ის მე-4 სეზონის პრემიერას დაემთხვა, სერიალში, რომელიც მაყურებელმა 27 მაისს Netflix-ზე იხილა, უაინონა ჯოის ბაიერსის როლს ასრულებს და ამ სეზონში დიდი თავგადასავლების ეპიცენტრში ხვდება.

პირველად უაინონას სახელი მოდის სახლთან სკანდალით დაკავშირდა, 2001 წელს მსახიობს ბევერლი ჰილზში, Saks Fifth Avenue-დან Marc Jacobs-ის კაბის მოპარვაში დასდეს ბრალი. ინციდენტისა და სასამართლო დარბაზში რამდენჯერმე გამოჩენის შემდეგ, უაინონა რაიდერი მოდის სახლმა 2003 წლის გაზაფხული/ზაფხულის კამპანიაში გადაიღო და ამით მრავალწლიან თანამშრომლობასაც დაუდო სათავე.

ზევით