#მოდა

VALENTINO COUTURE - ესთეტიკური დიალოგი პიერპალო პიჩოლისა და ვალენტინო გარავანის შორის

გაზიარება:

პერპალო პიჩოლი კუტურის სამყაროში თავს კომფორტულად გრძნობს, ის თავდაჯერებული, სრულფასოვანი ნაბიჯებით უახლოვდება სრულყოფილებას და ყოველი Haute Couture ჩვენების შემდეგ საკუთარ თავს ახალ თამასას უწესებს. იტალიის მაღალი მოდის კვირეულზე გამართული Valentino Couture ჩვენება ამის ნათელი მაგალითი გახლდათ. რომის ესპანურ კიბეებზე, თითქმის წმინდა ადგილას, მდიდარი ისტორიით, მნიშვნელობითა და სიმბოლიზმით, პიჩოლიმ საკუთარი შემოქმედების ახალი ისტორია დაწერა.

ეს არის ღრმად პერსონალური კოლექცია, რადგან ეს ყველაფერი Valentino-ს ისტორიას ეხება - პიერპალო პიჩოლი.

როგორც პიერპალო პიჩოლიმ აღნიშნა, 2022 წლის შემოდგომის კუტიურ კოლექცია ერთგვარი ესთეტიკურ ენაზე მოთხრობილი დიალოგი იყო მასსა და მოდის სახლის დამფუძნებელს ვალენტინო გარავანის შორის. კოლექციის ნაწილი დიდი ვალენტინოს ხელწერით იყო შემკული, აქ აღმოაჩენდით როგორც მოდის სახლის სიმბოლოს - წითელ ფერსა და ვარდებს, აგრეთვე ლეგენდარული დიზაინერისთვის დამახასიათებელ სილუეტებს, თუმცა კოლექციას გარავანის საკულტო შემოქმედების განმეორებად ვერ მივიჩნევთ, ეს უფრო დიდი ინსპირაციის პიჩოლისეულ ხორცშესხმას ჰგავდა.

თუ რომის ესპანურ კიბეებზე ვნახეთ წითელი, აქვე იყო Valentino-ს კრეატიული ხელმძღვანელის საკულტო ვარდისფერი და სიურრეალისტური სილუეტები. მოდის სახლისთვის მიძღვნილი 23 წლის შემდეგ, ამ Couture კოლექციის პიერპალო პიჩოლიმ დაგვანახა, თუ რამხელა წვლილი აქვს მას შეტანილი თანამედროვე Valentino-ში და რამდენად ღრმადაა თავად Valentino გამჯდარი მის პიროვნებაში.

„კუტიური არის უწყვეტი დასაწყისი, ყოველთვის უნდა დაიწყო თავიდან, წინასწარ განსაზღვრული შაბლონებისა და რუკების გარეშე. ერთი და იგივე დიზაინი შეიძლება განსხვავებულად იქნას განმარტებული მისი შექმნიდან ექვსი თვის ან ექვსი წლის შემდეგ. განსხვავებას ის ადამიანები ქმნიან, რომლებიც მას ატარებენ, ადამიანური მიდგომა - ეს არის ამბავი, რომლის მოყოლაც მიყვარს“ - პიერპალო პიჩოლი.

ზევით