ვინტაჟური კაფე „ქანდარა“ - უნიკალური მულტიფუნქციური სივრცე ძველ თბილისში

გაზიარება:

სულ რაღაც 6 თვის წინ ძველ თბილისში, ბეთლემის #27-ში, შთამბეჭდავი პანორამული ხედებით, გამორჩეული კერძებით, კოქტეილებითა და დიდი მიზნებით კაფე „ქანდარა“ გამოჩნდა. მულტიფუნქციურმა სივრცემ ერთგული ვიზიტორების დიდი არმია გახსნის დღიდან შეიძინა, „ქანდარას“ ორსახოვნობა, რომელიც ენერგიული ღამის ცხოვრების თავშეყრის ადგილიდან - დღის იდილიურ ვინტაჟურ კაფედ გარდასახვას გულისხმობდა, განსხვავებული სურვილებისა და ინტერესების ადამიანებს იზიდავდა.

ქანდარა

ყველაფერი კი ორი მეგობრის, ირაკლი ძნელაძისა და გიორგი აზალაძის, სპონტანური გადაწყვეტილებით დაიწყო. დაუვიწყარი და საოცრად ქაოსური ღამის ცხოვრება „ქანდარაში“ 4 თვეს გაგრძელდა და დროებით ამ თავგადასავალმა პაუზა აიღო, თუმცა განახლებული ენერგიით სულ მალე დაგვიბრუნდება. პარალელურად  „ქანდარამ“ განვითარება და  უგემრიელესი მენიუთი, სასმელებითა და ულამაზესი ხედებით მომხმარებლების მონუსხვა განაგრძო.

ქანდარა

ჯერ კიდევ სტარტაპის ეტაპზე მყოფმა „ქანდარამ“ დღევანდელობამდე მოსასვლელად საკმაოდ დიდი გზა განვლო, სწორედ ამ განვლილი გზის, ჩამოყალიბებული კონცეფციისა და უნიკალური მენიუს შესახებ, „ქანდარას“ დამფუძნებელი ირაკლი ძნელაძე გვიამბობს.

ქანდარას შექმნის ისტორია რომ გვიამბოთ, როგორ გაჩნდა იდეა და როგორ შეირჩა გასაოცარი ლოკაცია?

ყოველთვის ვოცნებობდი პატარა, მყუდრო სივრცე მქონოდა, სადაც სტუმრები სიამოვნებას მიიღებდნენ არსებული სერვისით, ჩვენგან გაცემული ენერგია კი მათ აუცილებლად დააბრუნებდა უკან. ამ მიზნის მისაღწევად, თურმე, ძალიან სპონტანური გადაწყვეტილების მიღება იყო საჭირო, რომელიც მე და ჩემმა მეგობარმა, გიორგი აზალაძემ, დედაენის ბაღში მივიღეთ.

ქანდარა

რაც შეეხება ლოკაციას, ეს ადგილი ადრეც ვიცოდით და თვალსაც მუდამ ვადევნებდით. იმ დღეს გავაგრძელეთ გართობა, მეორე დღიდან კი დაიწყო სრული სიგიჟე. დილიდან აჟიტირებულმა გავიღვიძე და მაშინვე წავედით ადგილის სანახავად. ბოლოს როგორიც გვახსოვდა სივრცე, მისგან სრულიად სახეცვლილი დაგვხვდა და ის მოლოდინი, რომ მაქსიმუმ 1 თვეში შევძლებდით სამუშაო პროცესის დაწყებას, ადგილზევე დაიმსხვრა. 

რა იყო თავდაპირველი ჩანაფიქრი და როგორ მიიღო იდეამ ის ფორმა, რა სახითაც დღეს არის?

ჩვენს თავდაპირველ ჩანაფიქრში ივენთები არ მოიაზრებოდა. პირველ ყოვლისა, გვსურდა კაფე ყოფილიყო იმ სახით, რა სახითაც დღეს არის წარმოდგენილი. დასაწყისშივე ვიცოდით, რომ მულტიფუნქციური სივრცე უნდა გვქონოდა, თუმცა, ამ ფორმატით დაწყებას არ ვაპირებდით. ახალი წელი ახლოვდებოდა და ლოკაციაზე ისეთი ქაოსი გვქონდა, ერთეულ ადამიანებს სჯეროდათ, რომ წლის ბოლომდე გახსნას მოვასწრებდით. თუმცა, სრულიად ლოგიკურად, არეულობისა და შუა რემონტის ფონზე, ჩვენც გვიჭირდა ამის დაჯერება. ის ფაქტი, რომ კაფეს ფორმატში ვერ გავიხსნებოდით, ჩვენც გავიაზრეთ და სწრაფად მოვძებნეთ ალტერნატივა.

ქანდარა

შევთანხმდით, რომ 24 დეკემბერს, პარასკევს, უნდა ყოფილიყო გახსნის ივენთი, 24-მდე კი 5 დღე იყო დარჩენილი. ჩვენივე ხელებით წარმოუდგენელი სამუშაოები ჩავატარეთ, ჩვენს მოტივატორებად კი მეგობრები იქცნენ, რომელთაგანაც შეუფასებელი მხარდაჭერა ვიგრძენით.

ყველაფრის მოსწრების სურვილით, ყოველდღიურ რეჟიმში სრულ სიგიჟეებს ვაკეთებდით. დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო და 24 დეკემბერს გავიხსენით - ძალიან დიდი წარმატებით!

ქანდარა

ამ დღეს მიღებული კომპლიმენტები და ემოციები დღემდე გვახსოვს. ივენთების რეჟიმში მუშაობა 4 თვის განმავლობაში გავაგრძელეთ. შემდეგ კი თავდაპირველი ჩანაფიქრის განხორციელების დრო მოვიდა - ელექტრონული ჟღერადობით სავსე ჯადოსნური ქანდარა ჯაზისა და ჰარმონიული ჰანგებით დატვირთულ კაფედ ქცეულიყო. დღეს უკვე ამ ფორმატით ვართ წარმოდგენილი, სრულიად გამორჩეული სტაფით, სამზარეულოთი, ბარით, უნიკალური ხედით და დიდი მიზნებით. 

როგორია ქანდარას კონცეფცია?

ქანდარა არის მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც, ამ ეტაპზე, 2 სახით გვევლინება. ღამის ცხოვრების მოყვარულთათვის 4 თვიანი დაუვიწყარი ივენთები გვქონდა. სტუმრებს ისეთ გარემოს ვუქმნიდით, რომ დღემდე გვწერენ, თუ როდის დავაბრუნებთ ივენთების სერიას. არც ერთი საღამო არ დასრულებულა ისე, რომ ვინმე არ მოსულიყო და ჩემთვის ან გიორგისთვის პირადად არ გადაეხადა მადლობა. არტისტებსაც ძალიან სათუთად, პირადი გემოვნების მიღმა, რეკომენდაციების საფუძველზე ვარჩევდით.

ქანდარა

პასუხი, თუ როდის დაბრუნდება ივენთების სერია, ასეთია - სექტემბრიდან განახლებული ძალებით ვბრუნდებით, ამ მიმართულებით კი დიდი გეგმები გვაქვს.

ქაოსური და ენერგიული ქანდარა ამასობაში ვინტაჟურ კაფედ იქცა. გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ჩვენი სივრცე ერთ-ერთი შთამბეჭდავია თავისი პანორამული ხედებითა და მთლიანი კონცეფციით. მინდა აღვნიშნო, რომ ივენთების სერიის დროს აღებულ მაღალ თამასას კაფეს სახითაც წარმატებით ვინარჩუნებთ. მაქსიმალურ ძალისხმევას ვდებთ, რომ დაუვიწყარი ივენთებით განებივრებული ხალხი უკვე გამორჩეული კერძებით, კოქტეილებითა და ატმოსფეროთი მოვნუსხოთ.

ქანდარა

როგორც იცით, ქანდარა რამდენიმე სართულს მოიცავს, ამიტომ, კიდევ ერთი ჩანაფიქრი გვინდა რეალობად ვაქციოთ - სალონური საღამოების თანხლებით შევქმნათ საგამოფენო სივრცე დამწყები არტისტებისთვის, ვფიქრობთ, მათთვის ეს ჟესტი ერთგვარი წახალისება იქნება.

რა გამოარჩევს ქანდარას ქართულ ბარ-რესტორნის სივრცეში?

რაც არ უნდა წარმოუდგენლად ჟღერდეს, ჩვენი ამომავალი წერტილი არასდროს ყოფილა „გამდიდრება“. ეს რომ ყოფილიყო ჩვენი მთავარი მიზანი, ბევრად ნაკლებ დროში შევძლებდით კომერციული დაწესებულების გახსნას. მთავარი ორიენტირი ჩვენთვის ხარისხია. ივენთების პერიოდში, როცა 2 კვირის გახსნილები ვიყავით და ბევრ ხალხზე უნდა გვეოცნება, Face control აქტიურად მუშაობდა. ჩვენთვის მთავარი იყო, უნიკალური გარემოს შენარჩუნება - ის, რაც უმეტესად ხიბლავდა ჩვენს სტუმრებს.

ქანდარა

იმას, რომ განსაკუთრებულები არიან, ბევრი სივრცე იტყვის. ამიტომ, ამ კუთხით არ დავიხარჯებით. ერთი რამ, რაც ხაზგასმით გამოგვარჩევს სხვებისგან, არის ძალიან შინაურული, მეგობრული და სახლური გარემო. ეს ფაქტორი კი ყველაზე მეტად ეკომფორტულებათ ჩვენს სტუმრებს. ჩვენი მსგავსი დამოკიდებულება არის ძალიან ბუნებრივი და ორგანული. ასე ვუდგებით ჩვენს საქმიანობას და ბოლომდე, წრფელად გადავცემთ დადებით ენერგიებს. სტუმრებს მუდამ შეუძლიათ გაარჩიონ ყალბი და ბუნებრივი დამოკიდებულება. ეს და სხვა მრავალი, სტაფს მიღმა დარჩენილი დეტალი არის ის, რაც გამოგვარჩევს სხვა ბარ-რესტორნებისგან.

როგორია ღამის ქანდარა?

ქანდარა

ამჟამინდელი სახით, ვფიქრობთ, ერთ-ერთი ყველაზე მყუდრო და რომანტიკული გარემოა საოცარი ხედებით, გემრიელი კერძებისა და ჭიქა ღვინის ფონზე. თუმცა, გარდასახვები არ უჭირს და როგორც აღვნიშნე, პირვანდელ სახესაც ცხადია სექტემბრიდან დავუბრუნდებით. შესაბამისად, სექტემბრიდან ორი სახის ღამის ქანდარა იარსებებს - როგორც ვინტაჟური კაფე და სივრცე, ელექტრონული მუსიკის ჰანგებით.

როგორ იქმნება ქანდარას კერძები?

კერძი მხოლოდ ჭამისთვის არ იქმნება. გამორჩეული გემოს მისაღებად ბევრი ფიქრი და ექსპერიმენტია საჭირო. ყოველდღიურად ვფიქრობთ ერთად და ყოველთვის არის ახალი ინიციატივები. ახალ კერძს ჯერ ჩვენ და სხვა კომპეტენტური ადამიანები ვსინჯავთ, რამდენიმე ეტაპის გავლის შემდეგ კი ვამატებთ მენიუში. ჩვენი მენიუ ძირითადად ქართული კერძებისგან შედგება. მეტი პიკანტურობისთვის, მათ ევროპული ელემენტები და ახალი, არატრადიციული გემოები აქვს დამატებული.
ძველ თბილისში ვართ და ვფიქრობთ, აქ პიცის საჭმელად არ უნდა ამოვიდეს არავინ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც ძალიან გვიყვარს პიცა.

ქანდარა

მომხმარებლებს მუდამ ვეკითხებით აზრს. ძალიან საინტერესოა ყველას შეფასება. თითოეულ უკუკავშირს ინდივიდუალურად ვუდგებით, შემდეგ კი ჩვენი შეფი, დათუნა, ჯადოსნურ ექსპერიმენტებს იწყებს. საოცარ კერძებს აკეთებს და მაინც არ ჩერდება ცოტა ხანი ერთ ადგილას, „მანიაკი“ გვყავს სამზარეულოში.

ქანდარა

დელივერი სერვისი ჯერჯერობით არ გვაქვს და არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა აქ მოსულ სტუმარს დაერეკა და ეთხოვა, რომ კურიერს გამოუშვებდა და მისთვის გაგვეტანა კერძები. ეს ყველაფერი ჩვენი მზარეულის - დავით ჟღენტის დამსახურებაა. 

აქვე უნდა აღინიშნოს ქანდარას კოქტეილები, რომელსაც ვერცერთ სხვა სივრცეში ვერ შეხვდება ჩვენი მომხმარებელი. ბაცუ, ჩვენი ბარ-მენეჯერი გენიალურ კოქტეილებს აკეთებს, რასაც ყველა ჩვენი სტუმარი დაგიმოწმებთ.

რა გამოწვევების წინაშე ხართ ახლა და როგორია ქანდარას სამომავლო გეგმები...

წინ დიდი გეგმები გვაქვს, გვინდა სეზონურად, სხვადასხვა სტრატეგიულ ადგილას წავიდეთ. ცხადია, სადმე ფერდობზე, ქანდარასთვის სახასიათო ადგილას, ლამაზი ხედებით.

ქანდარა

ჯერ-ჯერობით, სტარტაპის ეტაპზე ვართ. პირველ ყოვლისა ვცდილობთ, რომ მომხმარებელს გავაცნოთ ჩვენი თავი, სწორად დავანახოთ ჩვენი ნიშა, სერვისი და პროდუქტი. ორიენტირებულნი ვართ მოდერნიზებულ, ქართულ კერძებზე. ვქმნით თავისუფალ, მყუდრო და მეგობრულ გარემოს. ჩვენი მიზანია, ქანდარა დაუვიწყარი მოგონებებისა და შთაბეჭდილებების წყაროდ იქცეს. 

წლის ნებისმიერ სეზონზე თანაბარი წარმატებით ვმასპინძლობთ ჩვენს სტუმრებს. გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ფანჯრებს ვხსნით და სრულიად ღია სივრცე ვხდებით. ზამთარში კი, ყინვასა და თოვლში, კომფორტულად ხარ სითბოში, თბილისის თავზე, ქანდარაზე წამომჯდარი. 

ზევით