#მოდა

ვიშივანკა - უკრაინული ტრადიციული სამოსი უნიკალური ნაქარგებით

გაზიარება:

უკრაინის სამხედრო და მშვიდობიანი მოსახლეობა უკვე მე-7 დღეა წინააღმდეგობას უწევს რუსეთის ჯარებს. რუსეთ-უკრაინის ომს უკვე უწოდებენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ გეოპოლიტიკურ კრიზისს, რაც კაცობრიობას ბოლო ათწლეულების განმავლობაში ახსოვს. 7-დღიანმა წინააღმდეგობამ მთელი ყურადღება ევროპის ყველაზე დიდი ქვეყნისკენ მიაპყრო და მსოფლიოს მოსახლეობა მთელი ძალებით ცდილობს, რაც შეიძლება მეტი შეიტყოს უკრაინის, მისი კულტურის, წეს-ჩვეულებებისა თუ ცხოვრების წესის შესახებ.

ანა სტენი ვიშივანკაში, 1934 წელი

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასა და მის სუვერენიტეტზე თავდასხმის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციები დედამიწის გარშემო ყოველდღიურად ეწყობა, უკრიანის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განსაკუთრებული მადლობა მაინც ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა დაიმსახურა ტრადიციული უკრაინული კოსტიუმის ვიშივანკას მორგებისთვის.

ვიშივანკა თითოეული უკრაინელის გარდერობში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაციონალური სამოსია, რომელსაც მთელი ერი დღემდე უდიდესი პატივისცემით და მოწიწებით ეპყრობა. ვიშივანკა ტრადიციული ელემენტებით შექმნილი უკრაინული სამოსია, რომლის უნიკალურობას ხელით ნაქარგი ფერადი დეტალები - ორნამენტები განსაზღვრავენ.

ჯიმ მორისონი ვიშივანკაში

ტრადიციული ნაქარგებით შემკული ვიშივანკა უკრაინისთვის თითქმის ეროვნულ სიმბოლოს წარმოადგენს, სათავეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 500 წელს იღებს და ის პირველად სკვითური ტომების მიერ ახლანდელი დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე შეიქმნა. მაშინ ნაქარგებს მხოლოდ ტანსაცმლის გასაფორმებლად იყენებდნენ, თუმცა დროთა განმავლობაში ორნამენტებმა სიმბოლური დატვირთვა შეიძინეს და ვიშივანკას ლეგენდებსა და რწმენებს ჩაუყარეს საფუძველი.

უკრაინული ტრადიციული სამოსი ბერძენი ისტორიკოსის ჰეროდოტეს ჩანაწერებშიც არის მოხსენიებული. ჰეროდოტეს მტკიცებით, სკვითები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, ორნამენტებით მორთულ სამოსს ატარებდნენ.

როგორც უკვე მოგახსენეთ, გარდა დეკორატიული დატვირთვისა, ვიშივანკას ორნამენტებმა მალე შეიძინეს სიმბოლური მნიშვნელობაც. უკრაინელებს სწამდათ, რომ ნაქარგები მის მფლობელებს ბოროტი სულებისგან იცავდნენ, სამოსი ერთგვარ თილისმადაც კი იქცა მოსახლეობაში, ვიშივანკას ჩუქნიდნენ ჩვილებსაც, რათა უპირველესად ისინი ყოფილიყვნენ დაცულები ბოროტი სულებისგან.

ვიშივანკას პერანგებს ყოველთვის ქალები ქარგავდნენ და სწორედ ამიტომ, სამოსი ყოველთვის ემოციურად მძაფრად დამუხტული იყო; ის სიკეთის, სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლო იყო.

ვიშივანკა მარია პრიმაჩენკოს ნამუშევარში

ტრადიციულად, ვიშივანკას ძაფს ბუნებრივი ელემენტების გამოყენებით ღებავდნენ, როგორებიც ფოთლები, ყვავილები და კენკრაა. ამ რიტუალით ნაქარგების ფერებში ადგილობრივი ბუნება სიტყვასიტყვით აისახებოდა. ბუნებასთან ახლო კავშირის აღმნიშვნელი იყო ორნამენტული მოტივები და კომპოზიციები - უშუალოდ მცენარეების, ცხოველების, მინდვრებისა და ზეციური სხეულების გეომეტრიული ნაქარგებით გამოსახულება ვიშივანკაზე.

ვიშივანკაში გამოწყობილი ქალის პორტრეტი, 1821 წელი

უკრაინის ყველა რეგიონს თავისი სპეციფიკური ვიშივანკა ჰქონდა და ეს დღემდე ასეა. ეროვნული სამოსის თავისებურებანი ქარგვის ტექნიკასა და ნაქარგებში მდგომარეობდა, ეს საშუალებას აძლევდა უკრაინის ამა თუ იმ რეგიონის მცხოვრებს თავისი უნიკალური ნაქარგით დაეკვეხნა.

ივან ფრანკო

დროთა განმავლობაში ვიშივანკა უკრაინელი ერის ტრადიცულ სამოსად იქცა, რომლითაც განსაკუთრებულ შემთხვევებსა და სახელმწიფო დღესასწაულებზე იმოსებოდნენ. ივან ფრანკო - უკრაინელი მწერალი, პოეტი და პუბლიცისტი პირველი უკრაინელი იყო, რომელმაც ტრადიციული ვიშივანკა თანამედროვე სამოსთან ერთად მოირგო. პიჯაკის ქვეშ ჩაცმული თეთრი ვიშივანკით ფრანკო 20-გრივნაზეა გამოსახული.

ივან ფრანკომ მე-19 საუკუნეში ვიშივანკა ყოველდღიურ სამოსად დააბრუნა. უფრო მოგვიანებით, მე-20 საუკუნეში კი ტრადიციული უკრაინული ელემენტები მოდის ინდუსტრიაში ნამდვილ მოვლენად იქცა. უკრაინელმა დიზაინერებმა უნიკალური ნაქარგების გამოყენება აქტიურად დაიწყეს სხვადასხვა სილუეტში, მათ შორის კაბებსა და პერანგებში და ამ ტრენდს დღემდე დიდი პატივით აგრძელებდნენ. ვიშივანკას ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ ბოჰემიურ სამოსად ქცევამ ტრადიციული უკრაინული სამოსის პოპულარობის ზრდა გამოიწვია, ამ გზით დიზაინერებმა არა მხოლოდ პატივი მიაგეს საუკუნოვან ტრადიციებს, არამედ ის მსოფლიოს დიდი სიამაყით წარუდგინეს.

უკრაინელები დღემდე უდიდეს პატივს სცემენ ტრადიციულ სამოსს და მაისის ყოველ მესამე ხუთშაბათს ვიშივანკას დღეს აღნიშნავენ. წელს ვიშინკას დღე 19 მაისს აღინიშნება, ვიმედოვნებთ, რომ მის აღნიშვნას უკრაინელები თავისუფალ, ბედნიერ და გაბრწყინებულ ქვეყანაში მოახერხებენ, სახეზე ღიმილით.

ზევით