#დეკორი

ივ სენ ლორანის ნორმანდიული შატო ჰორსტ პ.ჰორსტის ობიექტივში

გაზიარება:

1983 წელს მარაკეშის სიცხისგან დაღლილმა ლეგენდარულმა დიზაინერმა ივ სენ ლორანმა პიერ ბერჟესთან ერთად ახალი თავშესაფრის პოვნა გადაწყვიტა და ძიების პროცესში Château Gabriel აღმოაჩინა. სახლმა დიზაინერის ყურადღება ნახვისთანავე მიიპყრო, პანორამულმა ხედმა დოველის ყურეზე ივ სენ ლორანს სიმშვიდის და კომფორტულობის განცდა გაუჩინა და დიდებული ნორმანდიული შატოს შეძენისკენაც უბიძგა.

ნეოგოთიკური სტილის სახლის დეკორატორად ივ სენ ლორანმა, ერთგული მეგობარი ჟაკ გრანგი აირჩია, რომელსაც დიზაინერთან მუშაობის გამოცდილება ამ დრომდეც ჰქონდა და ზუსტად იცოდა რას მოითხოვდა ლორანი მისგან - ლუკინო ვისკონტისეულ ატმოსფეროს, რეჟისორის საკულტო ფილმებიდან გადმოსულ ინტერიერსა და მარსელ პრუსტის ლიტერატურული წარმოსახვების ხორცშესხმას.

1983 წელს გამოცემა Vogue-ისთვის ივ სენ ლორანისა და პიერ ბერჟეს სახლი ექსკლუზიურად გერმანელ-ამერიკელმა ფოტოგრაფმა ჰორსტ პ.ჰორსტმა გადაიღო და იდეალურად ასახა ატმოსფერო, რომელიც ამ სახლში მოსვლით ივ სენ ლორენმა თან მოიტანა. სახლის მისაღები ოთახის კომფორტულობაზე პასუხისმგებლობას ხავერდისა და აბრეშუმის წითელი სავარძლები იღებდნენ, მათთან ერთად სრულ ჰარმონიაში იყო წარმოდგენილი ედუარდ ბურნ-ჯონსის ნახატი და პოლ მერიგეს კედლის მხატვრობა, ყველაფერ ამას კი დიდებული ოქროსფერი ფარდები და აღმოსავლური ხალიჩა ერწყმოდა თან.

ზამთარში ივ სენ ლორანს პირადი ოაზისი ჰქონდა მოწყობილი, პალმის ხეებით, ამარილისებითა და გვიმრებით გარემოცულ ოთახში, დიზაინერი უდავოდ იღებდა შთაგონებას შეექმნა რაღაც ახალი, სრულიად განსხვავებული და ორიგინალური.

მისაღები ოთახის ავეჯი საგულდაგულოდ გახლდათ შერჩეული მე-19 საუკუნის სკამისა და ნაპოლეონ II-ის სავარძლის კონტრასტული კომბინაციით, რომელსაც თან ერთვოდა ოქროსფერი მდიდრული შანდლები და აგრეთვე მე-19 საუკუნის ნახატები კედლებზე.

მუსიკალური ოთახი მწვანისა და ყავისფრის კომბინაციით იყო შექმნილი, ფერების იდეალური ბალანსითა და ბუნებრივი განათების სიუხვით ოთახში საუკეთესო განწყობა იქმნებოდა.

ივ სენ ლორანის სასადილო ოთახის დომინანტი ფერი დიდებული ოქროსფერი გახლდათ, პოლ მერიგეს დამსახურებით. ამ ოთახშივე შეხვდებოდით ჩინურ კონსოლებს, ირანულ კერამიკულ ლარნაკებსა და უზარმაზარ მცენარეებს.

ზევით