ზამთრის ყველაზე ლამაზი ტბები

​​​ცნობილია, რომ წყალი ამშვიდებს. განსაკუთრებით თუ კი წყალსატევი ბუნების წიღშია და ზამთრის მშვიდი და თოვლიანი სითეთრითაა მოცული. ამ დროს ყველაფერი უფრო მეტად მშვიდი და გაწონასწორებული ხდება. და იქნება ეს იტალიის ფირუზისფერი წყლები თოვლიანი მთის მწვერვალებით გარშემორტყმული, თუ საქართველოს ულამაზესი ტბა - რიწა, თითოეული მათგანი ზამთარში ჯადოსნურ სილამაზეს იძენს.

ბლედის ტბა, სლოვენია

ბლედის ტბა, სლოვენია

სლოვენია ცნობილია ტბების სიჭარბით, თუმცა მათ შორის ბლედის ტბას გამოვარჩევდით, რომელიც როგორც ადგილობრივების, ასევე ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი  ადგილია.  ბლედის ტბა თავისი სილამაზის გამო ფოტოგრაფების ობიექტივში მუდამ ხვდება და ერთ-ერთი პოპულარული Instagram ჩეკინის ადგილია. ტბის შუაგულში ამავე სახელწოდების პატარა კუნძული მდებარეობს, რომელზეც რამდენიმე შენობაა განთავსებული, ერთ-ერთი მათგანი კი ღვთისმშობლის მიძინების ტაძარია. კუნძულზე თუ მოხვდებით, აუცილებლად ჩამორეკეთ „სურვილების ზარი“. ლეგენდის მიხედვით, თუ ზარს სამჯერ ჩამოჰკრავთ, თქვენი სურვილი აუცილებლად ასრულდება.

 

ლუიზის ტბა, კანადა

ლუიზის ტბა, კანადა

ყოველწლიურად 3,6 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს კანადასა და ლუიზას ტბას. ვიზიტორების უმრავლესობა ზაფხულის პერიოდში სტუმრობს ულამაზეს მთებში ჩამალულ ამ სიმშვიდით აღსავსე ლურჯ ტბას, თუმცა, რა საოცრებაზე ამბობენ უარს ადამიანები, რომ ზამთარში არ სტუმრობენ მას, ალბათ თვითონაც არ იციან! ზამთარში, როდესაც ლუიზის ტბა საკმაოდ გაყინულია, შეგიძლიათ ტბის ცენტრში გახვიდეთ და თავი ისე იგრძნოთ, თითქოს ყინულის სამყაროს ცენტრში ხართ და ირგვლივ სხვა არაფერია.

 

ლაბერჟის ტბა, კანადა

ლაბერჟის ტბა

წარმოიდგინეთ უზარმაზარი, გაყინული ტბა და ტბაზე მოცეკვავე ჩრდილოეთის ციალა. და ამ დროს არ იცი ცაში იყურო თუ გაყინულ წყალს უყურო. ეს საოცრება ლაბერჟის ტბის თავზე, კანადაში ხდება. ზამთარში ამ ადგილას მზე, მხოლოდ 5 საათი ანათებს, შესაბამისად, თუ ვიზიტს ლაბერჟის ტბაზე ზამთარში გადაწყვეტთ, ამ ჯადოსნურობების ნახვის შესაძლებლობა ძალიან ბევრი გექნებათ.

Aurora-forecast-ის მეშვეობით შეგიძლიათ მარტივად შამოწმოთ თუ რომელ საათზე იქნება მოცემულ ღამეს პოლარული ციალი. შეეცადეთ ზუსტaდ იმ დროისთვის იყოთ ლაბერჟის ტბის ნაპირას და დატკბეთ ფერების ციალით, როგოროც ცაში ასევე გაყინული ტბის ზედაპირზე და რაც მთავარია, შეეცადეთ ისუნთქოთ, ვინაიდან ბევრს სუნთქვა ეკვრება ამ დროს!

 

გარდას ტბა, იტალია

გარდას ტბა, იტალია

ჩრდილოეთ იტალიაში, ალპური მწვერვალებით გარშემორტყმული ულამაზესი ტბა მდებარეობს. ზამთარის სუსხი მას ვერაფერს ვნებს, მისთვის დამახასიათებელ ფირუზისფერს ინარჩუნებს მზიან დღეებში, ხოლო ღრუბლიანი ამინდის დროს უფრო ჟანგისფერს იძენს. საინტერესო, ლამაზი და ფერადია ერთ-ერთი ქალაქი, რომელიც ამ ტბას ემიჯნება - ქალაქი სირმიონე. აქ გირჩევთ აუცილებლად შეხვიდეთ ადგილობრივ რესტორანში და დააგემოვნოთ ლოკალური სამზარეულოს მარგალიტები, ასევე ადგილობრივი მაჭარი. თუმცა იმისათვის, რომ ამ უზარმაზარი და ულამაზესი ტბის სილამაზე სრულად აღიქვათ, შემოუარეთ ყველა მხრიდან და მოინახულეთ ყველა მომიჯნავე ქალაქი, რომელიც სილამაზითა და კულტურით ერთმანეთს ეჯიბრება.  

 

რიწის ტბა, საქართველო

რიწის ტბა

რიწის ტბა აფხაზეთში მდებარეობს და მას ულამაზესი და ამავდროულად ტრაგიკული ლეგენდა უკავშირდება. ლეგენდის თანახმად, აღნიშნულ ადგილას ცხოვრობდა ულამაზესი ქალი, რიწა, თავის სამ ძმასთან ერთად.  ტბის ნაცვლად კი ხეობა იყო, სადაც მდინარე ჩამოედინებოდა. ყოველდღიურად ძმები სანადიროდ მიდიოდნენ და რიწას მარტო უწევდა დარჩენა. ერთ დღესაც ნადირობისას, ძმებს შინ დაბრუნება დააგვიანდათ. რიწას მოენატრა საკუთარი ძმები და სიმღერა დაიწყო. მისი ხმა ტყის ყაჩაღებმა გაიგონეს და ქალი მოიტაცეს. რიწას კივილი ძმებს შემოესმათ და დის საშველად გამოემართნენ. ერთ-ერთმა ძმამ ხმალი ესროლა ყაჩაღს,  მაგრამ ხმალი აცდა და ხეობაში დაერჭო, სადაც ტბა წარმოიშვა. თავად რიწა კი ყაჩაღს ხელიდან დაუსხლტა და ტბაში გადავარდა. რიწას გადარჩენა ძმებმა ვეღარ შეძლეს. ლეგენდის თანახმად, ძმები მთებში დაბრუნდნენ და დღესაც იცავენ დის განსასვენებელს. რიწის ტბა ამიერკავკასიის ყველაზე ღრმა ტბაა, რომელსაც ირგვლივ ულამაზესი მთები აქვს შემოკრული და აფხაზეთის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა.  რიწის დაცული ტერიტორიაც კი შეიქმნა.  ტბის გარშემო ბუნება მდიდარია  წიწვოვან ნაძვთა ნაირსახეობით.  

 

ზევით