ზურა თორია: „კიოლნის პრაიდი - სანახაობა, რომელიც უნდა ჩანიშნო შენს კალენდარში“

ავტორი: ზურა თორია

 

ყველაზე ჭრელი და ყველაზე ცხელი დღეები გერმანიაში სწორედ ივნისშია. ერთმანეთის მიყოლებით გერმანული ქალაქები ქვიარ ადამიანების პრაიდს მასპინძლობენ, სადაც მსოფლიოს ყველა წერტილიდან მილიონობით მონაწილე იყრის თავს. ყველა ქალაქსა თუ ადგილს აქვს სავიზიტო ბარათი, სწორედ ასეთი ბარათია გერმანიისათვის კიოლნი, რომელიც გარდა სილამაზისა და კოლორიტისა, თავისუფლების სურნელით და ცისარტყელას ფერებით არის გაჟღენთილი.

წლის განმავლობაში კიოლნში არაერთი ფესტივალი ტარდება, იქნება ეს მუსიკის, ნაციონალური თუ სხვა ხასიათის. არ არსებობს უიქენდი  როდესაც იგი ისვენებს, აქ სულ უხარიათ და ყოველ შაბათ-კვირას მთელი ქალაქის მოსახლეობა დაუვიწყარი გართობისთვის ემზადება. სწორედ ასეთი განსაკუთრებული სანახაობაა კიოლნის პრაიდი, რომელიც მსოფლიოშია ცნობილი თავისი მასშტაბურობით და მისტიკურობით.

უზარმაზარი ქალაქი მთლიანად მორთულია ფერადი სიყვარულის დროშებით, თითქოს იგი დროებით ზღაპრულ სამყაროს ემსგავსება. უზარმაზარი მსვლელობის წინა დღეს ტრადიციულად ქალაქში არაერთი კონცერტი თუ სანახაობა ტარდება, ქალაქის არცერთი კუთხე არ მოგცემს მოწყენის საშუალებას, ყველგან ისმის მუსიკა, ყველგან არის ცეკვა და ყველგან არის სიყვარული რომელსაც არ აქვს გენდერი და სქესი უბრალოდ ადამიანები გამოხატავენ სიყვარულს და მსოფლიოს აჩვენებენ, რომ სიყვარული არის სიყვარული! აქ არავის ეშინია ამ სიყვარულის „გადადების“.

ხალხი, ოჯახებთან ერთად ესწრება და მონაწილეობს მსვლელობაში, ასაკი შეუზღუდავია. შეხვდებით მშობლებს, რომლებიც შვილებს ტოლერანტობას, შემწყნარებლობას და მიმღებლობას ასწავლიან.

შეხვდებით ასაკოვან ადამიანებს, რომლებიც მიუხედავად რთულ დროში ცხოვრებისა იზიარებენ სხვათა სიხარულს და მათი ბედნიერების მონაწილენი ხდებიან. აქ ყველა თავს დაცულად გრძნობს და ამაყობს საკუთარი პიროვნებით. ამაყობს, რომ შეუძლია თამამად იყოს ამ დღის ნაწილი და გამოხატოს საკუთარი თავი ისე  როგორც მას სურს.

პრაიდის სანახაობრივი ნაწილი მართლაც გაგაოცებთ თავის მასშტაბურობით. ფეხით მოსიარულეთა და მანქანების უზარმაზარი კოლონები არ წყდება. ისინი წრეზე გადაადგილდებიან და ყველას ამცნობენ, რომ ქალაქი ფერადი სიყვარულის დღეს აღნიშნავს. ისმის სხვადასხვა მუსიკა, შეხვდებით უამრავ დრაგ ქუინს რომელთა კოსტიუმებიც მართლაც შთამბეჭდავია, შეხვდებით არაერთ პერფორმანსს, ახალ ცეკვებს, მუსიკალურ თუ საცეკვაო ნომრებს.

ცა გადავსებულია ფერადი ბუშტებით, მთლიანად ქალაქი მოგაგონებთ ერთ დიდ ფესტივალს რომელიც ისევეა ჭრელი და მხიარული, როგორც მასში მონაწილე თითოეული ადამიანი. პრაიდი რამდენიმე საათს გრძელდება, რადგან მასში ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობს. მსვლელობის დასრულების შემდეგ კი, ქალაქი არ ისვენებს, უამრავ ლოკაციაზე ხალხს ელოდება დაუვიწყარი გართობა, გემრიელი სასმელები, მუსიკა რომელიც არ მოგცემთ მოწყენის საშუალებას, რთულია შეხვდე ისეთ ადამიანს ვინც არ გაგიღიმებს და ბედნიერ დღეს არ გისურვებს.

ამ დღეს, გადამდები მხოლოდ ეს ფერადი ემოციებია, რომლებიც გეხმარება დაინახო რა ბედნიერი, თავისუფალი და მრავალფეროვანია ის ხალხი, ვისი მიმღებლობაც, სამწუხაროდ ჯერ კიდევ ბევრ საზოგადოებას არ აქვს ჩვენ გარშემო. კიოლნის პრაიდი, ნამდვილად არის ის სანახაობა, რომელიც უნდა ჩანიშნო შენს კალენდარში და ესტუმრო ზღაპრული ქალაქის ზღაპრულ დღესასწაულს!

ზევით