#GOGO!

დევნილობიდან - ოჯახურ ბიზნესამდე: ჟოლოს გემრიელობების შთამბეჭდავი ისტორია

გაზიარება:

ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყება მარტივი არასდროსაა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საკუთარ მიწაზე იძულებით გადაადგილებული ადამიანი ხდები და ქვეყნად საკუთარი თავისა და ოჯახის გარდა არაფერი გაბადია, ეს გზა ჩვენმა უფროსი თაობის წარმომადგენლებმა სამწუხაროდ რამდენჯერმე გამოიარეს, თუმცა ისიც ბევრჯერ ვიხილეთ, თუ როგორ წამოდგნენ ისინი „ფერფლიდან“ და არა ერთი შთამაგონებელი ისტორია გაგვიზიარეს.

დღეს, სწორედ ერთ-ერთ ასეთ ისტორიას გიამბობთ ჟოლოს გემრიელობებზე, რომელიც სამაჩაბლოდან დევნილი ინგა ბერუაშვილისა და მისი ოჯახის ბიზნესად და შემოსავლის წყაროდ იქცა.

ოჯახური ბიზნესის საწყისები, იდეიდან - განხორციელების გზამდე...

ვარ სამაჩაბლოდან დევნილი, გორის რაიონ სოფელ ერედვიდან, სოფელში მივდევდით კენკროვანი კულტურების მეურნეობას, მოგვყავდა დიდი რაოდენობით მარწყვი და ჟოლო და გაგვქონდა ცხინვალის ბაზრობაზე, შესაბამისად როდესაც 2008 წლის შემდეგ იძულებით გადაადგილებული პირები გავხდით, გადარჩენის მიზნით გადავწყვიტეთ ჩვენი მეურნეობა გაგვეგრძელებინა.

2016 წელს ორგანიზაცია RDFG-მ სამხარეო განვითარება „მომავალი საქართველოსთვის“ დაგვიფინანსა ჟოლოს სადემონსტრაციო ნაკვეთი. 2021 წელს კი უკვე „დანერგე მომავლის“ 18-ათას ლარიანი დაფინანსებით, ჩვენი ჟოლო ნახევარ ჰექტარზე გავაფართოეთ. ამ დაფინანსების მეშვეობით შევიძინეთ როგორც ახალი ნერგები, ასევე საყრდენი სარწყავი ბოძები.

რას ვაწარმოებთ...

ამჟამად ვაწარმოებთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტ ჟოლოს, შხამისა და ქიმიკატის გარეშე, მომხმარებელს ვთავაზობთ გემრიელ და ჯანსაღ პროდუქტს, ვიზუალური თუ გემოვნური თვისებით გამორჩეულს. გასულ ზაფხულს 1000 კვ/მ-ზე 300 კილო ჟოლო მივიღეთ და ახლა გაფართოების შემდეგ, რა თქმა უნდა, ბევრად მეტ მოსავალს ველოდებით შემოდგომაზე.

მოთხოვნა ეკოლოგიურ პროდუქტზე და მიწოდება

ჩვენს პროდუქტზე არის ძალიან დიდი მოთხოვნა, რადგან ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი გამოცდილება ჟოლოს წარმოების და თითქმის მთელმა ქვემო ქართლმა იცის, რომ ჩვენი ჟოლო არის ეკოლოგიურად სუფთა და თამამად შეუძლიათ მიირთვან სახლში და შვილებსაც თამამად აჭამონ.

ჯერჯერობით ჩვენი ჟოლო ქვემო ქართლსა და თბილისშია ხელმისაწვდომი, თბილისშიც სიახლოვის გამო ჩვენი ტრანსპორტით ჩამოგვაქვს ჟოლო. ამ დრომდე, მაღაზიებში არ შეგვქონდა ჩვენი ეკოლოგიურად სუფთა კენკრა, რადგან ამ რაოდენობის მოსავალი ფიზიკურად არ გვქონდა, თუმცა წლევანდელი გაფართოების შემდეგ ამაზეც ვფიქრობთ. აგრეთვე გვავს Facebook გვერდი, სადაც მომხმარებელს თავად შეუძლია ჩვენთან დაკავშირება.

საკმარისი რაოდენობის მიღების შემთხვევაში, ჟოლოს გატანას ექსპორტზეც ვგეგმავთ.

სამომავლო გეგმები

ჩვენი სამომავლო გეგმები უკავშირდება სათბურის გაკეთებას, მასში მარწყვის მოყვანა გვაქვს განზრახული. ასევე გვინდა მინი საწარმოს გაკეთება, სადაც ჩვენი კენკრის მეორად წარმოებაში ჩაშვებას შევძლებთ და დავამზადებთ კომპოტებსა და ჯემებს. ამ ეტაპზე ამ ყველაფერს სახლის პირობებში ვაკეთებთ და სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე წარვუდგენთ ჩვენს მომხმარებელს.

სტატია მომზადდა საქართველოს მეწარმეთა ასოციაციასა და The Diary-ს მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ანტერპრენერი ქალების მხარდაჭერას. ვებ პლატფორმა The Diary-ის პროექტი - GOGO! იმ ქალებს წარმოგიდგენთ, რომლებიც უამრავი სირთულის მიუხედავად, ახალ კომპანიებს, თუ ბრენდებს საკუთარი ძალებით ქმნიან.

ზევით