სოფიო ტუაევი: „ატელიე ერთი ნაჩუქარი საკერავი მანქანით გავხსენი“

„ჩემი ჰობი ვაქციე ბიზნესად, სრულყოფილად შევისწავლე ტექსტილის მიმართულება და ატელიე ერთი ნაჩუქარი საკერავი მანქანით გავხსენი“ - ეს ცხინვალის რეგიონიდან დევნილი გოგოს, სოფიო ტუაევის მოკლე ისტორიაა, რომელმაც ერთი საკერავი მანქანით და რამდენიმე ლარით სტარტაპი წამოიწყო და ატელიეს გახსნის დღიდან, ქართული მდგრადი მოდის განვითარებაში წვლილი ყოველდღიურად შეაქვს. სოფიოს ისტორია შთამაგონებელია, ის გვაძლევს იმის იმედს და მოტივაციას, რომ მონდომებას და შრომას ყველაფერი შეუძლია, მინიმალური სახსრებით წარმატებული ბიზნესის ჩამოყალიბებაც კი.

პირადი ისტორია

მე სოფიო ტუაევი ვარ, ამჟამად ვცხოვრობ ქალაქ გორში, 2008 წლის ომის შემდეგ გავხდი ცხინვალის რეგიონიდან დევნილი. ომამდეც და მის შემდეგაც, რაღაც პერიოდი სახელმწიფო სამსახურში ვმუშაობდი, თუმცა ერთ დღესაც ისედაც მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი, სამსახურიდან ახსნა-განმარტების გარეშე გამათავისუფლეს და მომიწია რაც შეიძლება სწრაფად მომეფიქრებინა რით დავკავდებოდი. მთავარი ორიენტირი ჩემთვის თვითდასაქმება იყო და იმის სურვილიც მქონდა, რომ სხვა ადამიანებიც დამესაქმებინა, ასე მივედი ატელიეს გახსნის იდეამდე. 

გადავწყვიტე ჩემი ჰობი საქმედ მექცია, ჩავაბარე პროფესიულ სასწავლებელში, სწავლის დასრულების შემდეგ კი სხვადასხვა მოდის სახლთან თანამშრომლობით ტექსტილთან მუშაობა ვისწავლე; ამით პროფესიული უნარებიც გავიღრმავე და ერთ დღესაც საერთაშორისო ორგანიზაციის USAID-ის კონკურსში მივიღე მონაწილეობა, სადაც გავიმარჯვე და საჩუქრად საკერავი მანქანა მივიღე. სწორედ ამ საკერავი მანქანით და რამდენიმე ლარით იწყება „ატელიე სომას“ ისტორია.

განვლილი გზა, სტარტაპთან ერთად

მე და ჩემმა სტარტაპმა ერთად უამრავი სირთულე გამოვიარეთ. „ატელიე სომა“ ჩემგან სრულ ადამიანურ რესურსს მოითხოვდა და ეს პროცესი დღემდე გრძელდება. სტარტაპის ქონა ნიშნავს გყავდეს შვილი, რომელსაც მუდმივი ზრუნვა და მოვლა სჭირდება, შენ კი მაქსიმალურად ცდილობ გაზარდო ის სრულყოფილად. ყოველი ახალი დღე არის ახალი გამოწვევა და ამას კარგად უნდა აცნობიერებდე.

თუ სტარტაპის დაწყებას დააპირებთ, კარგად უნდა გააცნობიეროთ ის ფაქტი, რომ წინ უამრავი სირთულე დაგხვდებათ, მათ შორის გათენებული ღამეები, მუდმივი ზრუნვა ფინანსებზე და სწორი სამომავლო გათვლები.

დღეს თუ მკითხავთ ღირდა თუ არა ეს ყოველივე იმ გაწეულ შრომად, რომელიც ატელიეში ჩავდე, დაუფიქრებლად გიპასუხებთ, რომ ნამდვილად ღირდა. 

„ატელიე სომა“

ჩვენი ატელიე აღჭურვილია თანამედროვე, მაღალი ხარისხის ტექნიკით. ჩვენთან დასაქმებული არიან კვალიფიციური კადრები და ისინი თავად უზრუნველყოფენ პროდუქციის სრულყოფილ ხარისხს. „ატელიე სომაში“ იკერება ნებისმიერი სირთულის სამოსი, ჩვენ ვიღებთ როგორც კორპორაციულ, ასევე ინდივიდუალურ შეკვეთებს.

2019 წელს ჩვენი ქალის სამოსის ხაზი გავიდა გერმანიაში, რაც ჩვენთვის საკმაოდ წარმატებული წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.

რჩევა მომავალი GOGO!-ებისთვის

ყველა ქალი უნდა იყოს ფინანსურად დამოუკიდებელი. გახსოვდეთ, რომ ეს მცირე ბიზნესის წამოწყებითაც შეგიძლიათ. არ შეუშინდეთ სირთულეებს, რომლებიც აუცილებლად შეგხვდებათ. ამ გამოწვევების წყალობით თქვენ დააგროვებთ უსაზღვრო ცოდნას და გამოცდილებას და ყოველი ნაბიჯით წარმატებას მიუახლოვდებით.

სამომავლო გეგმები

„ატელიე სომა“ იწყებს ჩვილი ბავშვებისთვის სამოსის წარმოებას, რომლის ანალოგი ჩვენს ქვეყანაში არ მოიძებნება. ეს იქნება მაქსიმალურად სუფთა და სწორად შერჩეული ნედლეულისგან დამზადებული სამოსი, რომელიც უსაფრთხო იქნება ბავშვებისთვის. გადავწყვიტეთ, გავაკეთოთ სპეციალური Box-ები, რომლებიც გააერთიანებს ყველაფერს, რაც პირველ თვეებში ბავშვს სჭირდება, როგორც სამოსს, ასევე ატრიბუტებს.

ვფიქრობ, ახალბედა დედებისთვის ასეთი მრავალფეროვანი და ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი Box-ი ძალიან მოსახერხებელი იქნება.

სტატია მომზადდა საქართველოს მეწარმეთა ასოციაციასა და The Diary-ს მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ანტრეპრენერი ქალების მხარდაჭერას. ვებ პლატფორმა The Diary-ის პროექტი - GOGO! იმ ქალებს წარმოგიდგენთ, რომლებიც უამრავი სირთულის მიუხედავად, ახალ კომპანიებს, თუ ბრენდებს საკუთარი ძალებით ქმნიან. 

ზევით