#საზოგადოება

106 წელი მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობა გადასწყდა

გაზიარება:

| ანა ციხელაშვილი |

"ზეიმი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა, ერთი მოზეიმე მირბის მამა დავითისკენ. ექსტაზით აყვანილი და აელვარებული უახლოვდება სალოცავს. ავარდება სამრეკლოზე და ზარების რეკვით ამცნევს სამშობლოს "აღსდგა საქართველო”, - ასე მოგვითხრობს გრიგოლ რობაქიძე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე. ადამიანი, რომელსაც მწერალი მოიხსენიებს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, ვლასა მგელაძე გახლდათ. თავად ვლასას რომ ჰკითხეს, სად იყავიო, ასე უთქვამს:

„მამადავითის ეკლესიაზე ზარს ვრეკდი, ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს, დიმიტრი ყიფიანს თავისუფლება მივულოცე“

აღსდგა საქართველო!

ამ სიტყვებშია ჩატეული ყველა ის გრძნობა, რაც ქართველების სხეულში გააზრების თანადროულად გავრცელდა და იმედით ანთებული ერი მომავლის ჰორიზონტისკენ გამოახედა. ქვეყნის მეორე ბოლოში კი, გლეხის საფლავს შვილი ჩასძახებს: "მამა, საქართველო გათავისუფლდა!".

საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები

დადგა დღე, რომელსაც ყველა ქართველი ელოდა. მზე ისეთ საქართველოში ამოვიდა, როგორიც ილია ჭავჭავაძისა თუ სოლომონ დოდაშვილის ოცნებებში ისახებოდა. საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არასრული სამი წელი იარსება. 1921 წელს ჩვენს ქვეყანას რუსეთის ოკუპანტმა ჯარმა შემოუტია და 70 წლიანი ტყვეობის ათვლა დაიწყო.

106 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა.

და რა მოხდა 70 წლიან ტოტალიტარულ რეჟიმში? წარმოსახვითი მშვიდობა დამყარდა, ავტორიტეტის მორჩილი თაობის აღზრდა დაიწყო, გაღვივდა ეთნიკური კონფლიქტები, საფრთხე დაემუქრა ჩვენს ენას, სარწმუნოებას, იდენტობას.

და კიდევ რა მოხდა 70 წლის მანძილზე? საქართველო არ დამორჩილებია ბედს, იბადებოდნენ და საბჭოთა რუსეთის რეჟიმს ეწირებოდნენ ქართველი მწერლები, ახალგაზრდები, მასწავლებლები, პოეტები, სასულიერო პირები, რომლებსაც ქართველი ერი ბნელი გვირაბისა და გისოსებს მიღმა ცხოვრებისთვის არ ემეტებოდათ.

წითელი არმია თბილისში, 1921 წლის 25 თებერვალი

ქართველი ერი სხვა ხალხს იმიტომ არ ჰგავს, რომ ხელებშეკრულიც, თვალებახვეული, პირ ამოკერებული იბრძვის იმისთვის, რაც ეკუთვნის - თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის!

საქართველოა ის, რომლის კულტურაც არავისას ჰგავს და საქართველოა ის, რომელიც არ არის მხოლოდ ეთნოგრაფიული მოვლენა, არ არის მხოლოდ მუზეუმი, არამედ ეს ადგილია, სადაც დაიბადა ილია ჭავჭავაძე, რომელმაც გვასწავლა თერგის მსგავსად გადარეული მოძრაობა. საქართველოა ის, რომელიც იმსახურებს ერქვას პოლიტიკურად აქტიური ქვეყანა, რომელსაც გააზრებულად აქვს აღებული გეზი პროგრესისკენ, დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და რეალური მშვიდობისკენ.

რეპრესირებული სასულიერო პირები

ამ ყველაფერს კი დღესაც ის მტერი ემუქრება, რომელმაც 106 წლის წინ  საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობა წაგვართვა. ის მტერი, რომელმაც მოგვიკლა სოლომონ დოდაშვილი, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, მარო მაყაშვილი, ნიკოლო მიწიშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი და მრავალი სხვა. ის მტერი, რომელმაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მოახდინა; ქვეყანა, რომელიც მცოცავ ოკუპაციას ეწევა ამ წამსაც, რომელმაც ადამიანებს სახლი შუაზე გაუყო, წინაპრების საფლავთან მისასვლელი გზა გადაუკეტა, რომელმაც დაგვბომბა, დაგვაობლა, წაგვართვა და გვატირა.

იმავე მტერს ვებრძვით, მაგრამ აღარ ვართ მარტო, ბრძოლის გზაზე ერთმანეთი ვიპოვეთ, ჟინიანი ახალგაზრდობა გავზარდეთ და ბევრი ნამდვილი მეგობარი შევიძინეთ.

დღეს ყველამ ერთად, გულზე მარჯვენა ხელი უნდა დავიდოთ და მანამ, სანამ ჩვენს ჰიმნს შევასრულებდეთ, მადლობა გადავუხადოთ წინაპრებს, რომლებმაც მტრის ჯინაზე შრომით, სიტყვითა და სისხლით გადმოგვილოცეს დამოუკიდებლობა. ისინი ახლა გვიყურებენ და იციან, არ დავთმობთ მათ მონაპოვარს, ჩვენ არ გვერქმევა თაობა, რომელმაც უღალატა საერთო მიზანს.

საქართველოს დროშა
ფოტო: Ezz Gaber, თბილისი, საქართველო

2024 წლის 26 მაისი არ არის სადღეგრძელოების დღე, რადგან ჯერ კიდევ ომში ვართ, ჯერ კიდევ გვაქვს ბოლო ბრძოლა მოსაგები და ჩვენ მას მოვიგებთ. თუ ადრე წითელი არმია შემოვიდა ხმაურით, დღეს შიგნიდან, ჰიბრიდული ომით ცდილობენ ჩვენს გატეხას, მაგრამ ფუჭია ეს მცდელობა. ეს ქვეყანა ჩვენია, სამშობლოს დაკარგვას არავინ ვაპირებთ. თავისუფლება გულიდან და გონებიდან მოდის, ჰოდა ამიტომაა რომ ქართველის პატრიოტ გულში და ქართველის პატრიოტ გონში ცოცხლობს თავისუფლების ჟინი და ჩვენ დავაგვირგვინებთ 106 წლის წინ დაწყებულ ამბავს. "საქართველოს დამოუკიდებლობა გადასწყდა", უკან დასახევი გზა ჩვენთვის არ არსებობს და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, სახელოვნად.

ზევით