არა ქალ-კლა, ანუ რა უნდა ვიცოდეთ ფემიციდის შესახებ

ქალთა უფლებები მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და პრობლემურ საკითხის წარმოადგენს, ქალთა
უფლებრივი მდგომარეობის დაცვის საჭიროება განსაკუთრებით მწვავედ დგას საქართველოში. ამ ექსტრემალურ დანაშაულთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა კი მასზე ხმამაღლა საუბარია.

დარწმუნებული ვართ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, სოციალურ ქსელში, არა ერთხელ ამოიკითხავდით ადვოკატ ანა აბაშიძის სიტყვებს: „გაფორმდა ფემიციდი“, რომელიც მან სასამართლოს მიერ ნიკოლოზ ბასილაშვილის უდანაშაულოდ ცნობის შემდეგ გააკეთა. ბოლო წლებში, საქართველოში, ფემიციდის შემთხვევების სტატისტიკა შემაშფოთებლად მზარდია, შემზარავია ის ისტორიებიც, რომლებსაც მედიისგან ან სოციალური არხებისგან ვისმენთ, მიუხედავად იმისა, რომ ფემიციდის შემთხვევები ყველაზე ხშირად სახლში ხდება, ქალებზე ძალადობის უკიდურესმა გამოვლინებამ თავი დღისით, მზისით, ჩვენ გვერდით უკვე დიდი ხანია იჩინა.

რა უნდა მოვიმოქმედოთ ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, რომელსაც ქალთა კვლა ღამის კოშმარად ექცა, იმისათვის, რომ „ფემიციდის გაფორმება“ ავირიდოთ თავიდან? - გენდერის ნიშნით მკვლელობას - ფემიციდს, ხშირად, საფუძვლად უდევს დრომოჭმული, პატრიარქალურ შეხედულებები და ქალთა მიმართ ჩადენილი ლატენტური დანაშაულები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან საზოგადოებაში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლების მიზნით განხორციელდეს ქმედითი ღონისძიებები.

მნიშვნელოვანია, ბრძოლის დაწყება საზოგადოებაში ღრმად ფესვგადგმულ სტერეოტიპებთან, რომლებიც ჯერ კიდევ დიდ გავლენას ახდენენ ჩვენი საზოგადოების ღირებულებებზე, ჩვენს პირად ურთიერთობებზე, რაც მნიშვნელოვანწილად უსაზღვრავს ქალებს, თუ როგორ იცხოვრონ.

ოჯახში ძალადობა არა მხოლოდ ცოლსა და ქმარს შორის არსებული კონფლიქტია, ის შენც და მეც გვეხება, გვეხება როგორც ვერშემდგარი საზოგადოების ნაწილს, რომელსაც სტერეოტიპების დასამსხვრევად და მახინჯი შეხედულებებიდან თავის დასაღწევად ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, სხვისი ჭირი - ღობეს ჩხირის პრინციპით ცხოვრება ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩავაბაროთ წარსულს და აპათიაში ჩავარდნის ნაცვლად, ხმა ავიმაღლოთ უსამართლობაზე.

ფოტო: UN Women

ზევით