#საზოგადოება

ერთი ქალის ისტორია, რომელმაც სამყარო უკეთესობისკენ შეცვალა

გაზიარება:

ოპრა უინფრი მედია მაგნატია, რომელმა აშშ-ს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო შოუ - The Oprah Winfrey Show შექმნა და ყოველთვის, როდესაც ამისი საშუალება აქვს, ტელევიზიას კეთილი საქმეების განსახორციელებლად და შთამაგონებელი სიტყვების წარმოსათქმელად იყენებს.

მე აქ იმისათვის ვარ, რომ ტელევიზიამ კი არ გამომიყენოს, პირიქით – მე გამოვიყენო ის!

უინფრი პირველი შავკანიანი ქალი მილიარდერი და ისტორიაში პირველი აფრო-ამერიკელი ქალია, რომელსაც ყველაზე საპატიო – სესილ ბლონ დემილის ჯილდო აქვს.  ჯილდო მას ოქროს გლობუსზე 2018 წელს გადაეცა, სადაც ოპრა საზოგადოების წინაშე მღელვარე სიტყვით წარსდგა და აუდიტორია, რომელიც ამერიკის ყველაზე გავლენიანი ადამიანებისგან შედგებოდა, ფეხზე წამოაყენა.  

შოუ, რომელმაც ოპრა ყველაზე გავლენიან ქალად აქცია, თავიდანვე იმისათვის შეიქმნა, რომ მსოფლიო უკეთესობისაკენ შეეცვალა. გადაცემაში დაუფარავად და მრავალმხრივად შუქდებოდა ისეთი პრობლემები და თემები, როგორიცაა: სიღარიბესთან ბრძოლა, აბორტი, ძალადობა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ყოფა, ნარკომანია და ყველაფერი, რაც გარშემო ხდებოდა, მაგრამ არ საჯაროვდებოდა. იმ პერიოდში არ არსებობდა სხვა ადგილი, სადაც ჩვეულებრივი ადამიანები მივიდოდნენ და ყველაზე ემოციურ და მნიშვნელოვან ამბებს მოყვებოდნენ. ასეთივე ამბებს აზიარებდნენ ცნობილი სტუმრებიც: ჰილარი კლინტონი, ბარაკ და მიშელ ობამები, ჯენეტ ჯექსონი, პოლ მაკარტნი, მაიკლ ჯორდანი, ბარბრა სტრეიზანდი, სელინ დიონი, მადონა, ბიონსე, ტომ კრუზი, ტომ ჰენქსი და უამრავი სხვა.

ოპრას იმაზე მეტი გავლენა აქვს კულტურაზე, ვიდრე რომელიმე პრეზიდენტს და პოლიტიკოსს , - წერდნენ მასზე

მიუხედავად იმისა, რომ შოუ 10 წლის წინ დაიხურა, მის ირგვლივ საუბრები დღესაც არ წყდება, იმ გავლენაზე, რაც ამ შოუმ ასი ათასობით ადამიანის ცხოვრებაზე მოახდინა. აღსანიშნავია, რომ ოპრას ბოლო გადაცემა სტადიონზე, ათასობით მაყურებლის თანდასწრებით შედგა. პროდიუსერებმა და ვარსკვლავებმა ერთობლივად გადაწყვიტეს, ოპრასთვის საკადრისი მადლობა გადაეხადათ. ოპრა მაყურებელთა შორის იჯდა, სცენაზე კი ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ბიონსე, სტივი უანდერი და სხვა ცნობილი ადამიანები, რომლებიც საყვარელ შოუს გულის ამაჩუყებელი სიტყვებით ემშვიდობებოდნენ და სამახსოვრო წარმოდგენებს მართავდნენ.

ოპრა უინფრი

ბევრი ფაქტი ადასტურებს იმას, რომ „ოპრა უინფრის შოუმ“ სამყარო უკეთესობისაკენ შეცვალა. მის მეთოდებს დღეს უამრავი ტოკ-შოუ იყენებს, წამყვანები კი ცდილობენ, ოდნავ მაინც შეძლონ ისეთი გულახდილი, ემოციური, გულწრფელი და შთამაგონებელი საუბრების წარმართვა, როგორიც მხოლოდ ოპრას შეეძლო.

უინფრი ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდ შავკანიან ქველმოქმედად არის აღიარებული. თავისი უნიკალურობისთვის კი მიღებული აქვს აშშ-ის „პრეზიდენტის თავისუფლების მედალი“. მისი თაოსნობით, 1998 წელს საზოგადოებრივი საქველმოქმედო ორგანიზაცია Angel Network დაფუძნდა, რომლის მიზანია მთელ მსოფლიოში ხალხის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. ორგანიზაციამ ქველმოქმედებას ნახევარ მილიონზე მეტი დოლარი მოახმარა, ააშენა სკოლები და სხვადასხვა სტიქიით დაზარალებულთა სახლები. ოპრას ანგელოზთა ქსელი მხარს უჭერს საქველმოქმედო პროექტებს და არაკომერციულ ორგანიზაციებზე  გრანტებს გასცემს მთელი მოსფლიოს მასშტაბით.

ნელსონ მენდელა
ნელსონ მენდელა ად ოპრა უინფრი

ადამიანს ყოველთვის შეუძლია მომავლის შეცვლა, თუ საკუთარ დამოკიდებულებას შეიცვლის

ოპრას პირადი ცხოვრება საკმაოდ ტრაგიკული მოვლენებითაა სავსე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან მაინც შეძლო დიდი სიყვარულის პოვნა და 1986 წელს ცხოვრება სტედმენ გრეჰემს დაუკავშირა. ისინი დღემდე სანიმუშო წყვილად რჩებიან და ერთმანეთს ყველაფერში უპირობოდ უჭერენ მხარს.

საკუთარი შოუს მეშვეობით, ოპრამ ასევე სამუდამო შეცვალა მაყურებლების დამოკიდებულება ჭარბი წონის მიმართ და დაამტკიცა, რომ ჭარბი წონა დიდი მიზნების მიღწევას ხელს არ უშლის. იმის დასტურად, რომ წონა სილამაზეს არ განსაზღვრავს, People-მა ის 50 ყველაზე მშვენიერ ქალს შორის დაასახელა. მათ კი, ვისაც წონაში დაკლება მაინც სურდათ, დაუმტკიცა, რომ 22 ზომიდან 8 ზომამდე ჩამოსვლაც კი შესაძლებელია, თუ ამის სურვილი გაქვს.

აპრა უინფრი
2013 წელს ოპრა უინფრი თავისუფლების საპრეზიდენტო მედალით დაჯილდოვდა

ოპრას მიღწევებზე საუბარს მინიმუმ ერთი სიცოცხლე უნდა. Forbes-ის მონაცემებით, მისი წლიური შემოსავალი 3 მილიარდს აჭარბებს, რაც უინფრის ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქალად აქცევს. ოპრა ოსკარზეც კი იყო წარდგენილი შესრულებული როლისათვის ფილმში The Color Purple. მონაწილეობდა 2014 წლის გახმაურებულ ნამუშევარში Selma და 2017 წლის სურათში The Immortal Life of Henrietta Lacks. ის უკვე აღიარებულია „მედიის დედოფლად“ და დღესაც უძღვება OWN-ს – ქსელს, რომელიც „ოპრა უინფრის შოუს“ დასრულების შემდეგ შექმნა.

ოპრა უინფი ნამდვილად არის ის, ვისგანაც მაგალითი უნდა ავიღოთ და ის, ვინც გვიჩვენებს, როგორ შეგვიძლია სამყაროს შეცვლა უკეთესობისაკენ.

ზევით