#მოდა

გურამ გვასალიას THE TIMES-ის გახმაურებული ინტერვიუ: „ახლა ჩემი დროა“

გაზიარება:

მადონასა და Vetements-ის კოლაბორაციის დაანონსების შემდეგ, რომელიც მომღერლის მუსიკალური ტურნესთვის შექმნილ კოსტიუმებს ითვალისწინებს, The New York Times-ში, Vetements-ის კრეატიული დირექტორის და დემნა გვასალიას უმცროსი ძმის, გურამ გვასალიას ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც გამოსვლის წამიდან იქცა განხილვის საგნად. როგორც ჩანს, 37 წლის დიზაინერი  ცდილობს უფროსი ძმის ჩრდილიდან გამოვიდეს, გურამი არც იმის თქმას ერიდება, რომ მოდის სამყაროში ის შემდეგია.

„ჩემი ძმა ჩემზე ექვსი წლით უფროსია. როდესაც მე მეორე კლასში ვიყავი, ის მერვეში იყო. მან ცხოვრებაში გარკვეული შესაძლებლობები ჩემზე ადრე მიიღო, მაგრამ თუ გაითვალისწინებთ იმ ფაქტს, თუ სად ვარ მე დღეს და სად იყო ჩემი ძმა ჩემს ასაკში, მგონი, რომ მე ბევრად უფრო დაწინაურებული ვარ“ - განუცხადა გვასალიამ გამოცემას.

„ვეცდები მაგალითი მოგიყვანოთ“ - განაგრძო გურამმა, „კარდაშიანები. თქვენ გყავთ კიმი - ვფიქრობ, რომ ის ფენომენალური ადამიანია - და კაილი. კაილი ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელია, რომელიც ძალიან წარმატებულია სექსის ვიდეოების გარეშე, მას არ მოუწია იმ სირთულეების გავლა, რომელიც მისმა დამ გაიარა. კიდევ ერთი მაგალითი ვენუს და სერენა უილიამსები არიან. ორივე მათგანი ფანტასტიკურია, მაგრამ იყო მომენტი, როდესაც სერენამ დას გადაუსწრო“.

„ვფიქრობ, ჩემი ძმა ძალიან ნიჭიერია, მაგრამ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, მე სრულიად განსხვავებული მიდგომების მაქვს. მას 10 წლის წარმატებული კარიერა ჰქონდა და ვფიქრობ, მისი ეპოქა ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის. ახლა ჩემი დროა“.

„როდესაც რაღაცას ვაკეთებ, ჩემი თამასა მართლაც ძალიან მაღალია განუცხადა გვასალიამ The Times-ს. „ჩვენ შევცვალეთ ინდუსტრია, რადგან შოკისმომგვრელები ვიყავით. და იმიტომაც, რომ ჩემს ძმას გავლენიანი სახელი აქვს და ძალიან ბევრი რამ გააკეთა. მისი ჩემს ცხოვრებაში ყოფნა უფრო მეტი გამოწვევის წინაშე მაყენებს. თქვენ იცით, ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ იყო კარგი. მე უნდა ვიყო ძალიან კარგი”.

დემნამ და გურამმა Vetements-ი 2014 წელს დააფუძნეს. ერთი წლის შემდეგ, დემნა გვასალია Balenciaga-ს კრეატიული დირექტორის ამპლუაში მოგვევლინა, რამდენიმე წელი დემნა, კვლავ რჩებოდა Vetements-ში, თუმცა 2019 წელს მან ბრენდი საბოლოოდ დატოვა.

დემნა გვასალიამ The Times-ის მწერალს ვანესა ფრიდმანს სტატიის მზადებისას შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი განუცხადა, რადგან სტატია არ ეხებოდა Balenciaga-ს, ის კი სხვა თემაზე საუბრისგან თავს იკავებს, „ჩემი გამოცდილება Vetements-ში საოცარი იყო, მაგრამ მე მას წარსულში ვტოვებ, როგორც სასიამოვნო მოგონებას”.

ზევით