„ქალები ენერგეტიკაში“: ენერგეტიკაში ქალთა ჩართულობის მხარდამჭერი ინიციატივა

დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციამ (GREDA) აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ენერგეტიკაში ქალთა ჩართულობის მხარდამჭერი ინიციატივა - „ქალები ენერგეტიკაში“ წარადგინა. ღონისძიების საპატიო სტუმართა შორის გახლდათ აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, რომელმაც მონაწილეებს სიტყვითაც მიმართა.

„ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, რომ იმუშაონ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ფონდებთან, რათა შემუშავდეს მარტივი, განახლებადი ენერგიის პროექტები... ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს დიდი ხანია ეხმარება ენერგო უსაფრთხოების და ენერგო დამოუკიდებლობის განვითარებისა და ეფექტურობის საკითხებში... ჩვენ ნათლად დავინახეთ ენერგო დამოუკიდებლობის მნიშვნელობა, მაშინ როდესაც რუსეთი ასე სასტიკად ესხმის თავს უკრაინას, მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი ენერგიის ინფრასტრუქტურის განადგურებაა. 

ენერგოდამოუკიდებლობდა და ენერგოუსაფრთხოება იგივეა, რაც ეროვნული უსაფრთხოება“ - აღნიშნა კელი დეგნანმა.

აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ქალთა მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფას სხვადასხვა პროექტების მეშვეობით, რომლებიც მიმართული იქნება სკოლის მოსწავლე გოგონებში ენერგეტიკის დარგის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე, პროფილური უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების მხარდაჭერასა და ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ ქალთა შორის მჭიდრო კავშირების დამყარებაზე.

ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც ენერგეტიკის დარგში მოღვაწე, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელმა 50-მდე ქალმა მიიღო მონაწილეობა. დისკუსიის მონაწილეებმა დარგში არსებულ გამოწვევებსა და ინიციატივის „ქალები ენერგეტიკაში“ ფარგლებში გადასადგმელ მომდევნო ნაბიჯებზე იმსჯელეს.

ზევით