#საზოგადოება #nankakikalia

ქალი ისახავს მიზანს

გაზიარება:

ნანკა კიკალია |

დიდი ხანია, რაც მეი მასკი და ზოგადად მისი ოჯახი ჩემში დიდ ინტერესს იწვევს და ალბათ არამხოლოდ ჩემში, არამედ როგორც მინიმუმ მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარში. საინტერესო ის ადამიანები, რომლებიც წარმატებას აღწევენ 0-დან. Self-made billionaire ახალი სიტყვათაწყობაა, რაც ნიშნავს იმ ადამიანს, რომელიც საკუთარი ოფლის ფასად ანუ ძალიან ბევრი განათლების, მუშაობისა და საინტერესო იდეების გამო გახდა ძალიან წარმატებული და ძალიან მდიდარი. მდიდარს ხაზს გავუსვამ, ვინაიდან საქართველოში დიდი წარმატება ხშირად საერთოდაც არ არის დაკავშირებული ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან, არა და ეს უკანასკნელი ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია!

მეი მასკი

მეი მასკის, იმ ილონ მოსკასის დედის, რომელმაც კოსმოსში ხომალდების ეტლი სულ ცოტა ხნის წინ გაუშვა, წიგნის „ქალი ისახავს გეგმებს“ წაკითხვის სურვილი სულ მქონდა და ინტერესი უფრო გამიღვივა მეგობარმა, რომელმაც მითხრა, რომ ეჭვი აქვს მეი მასკი დედაჩემი უნდა იყოს (იმედი მაქვს დედაჩემს ეს არ ეწყინება). წიგნის წაკითხვის დაწყებიდან რამდენიმე ათეულ წუთში, ყდის ფოტო გადავუგზავნე სრულიად ჩემს სამეგობროს, ძირითადად გოგოებს, რომ ეს წიგნი აუცილებლად წაეკითხათ და ამავდროულად საკუთარ მამასაც, რომელსაც წელს 70 წელი შეუსრულდა, ვურჩიე წაკითხვა და ისიც ვუთხარი, რომ არ არსებობს წიგნი, რომელიც მეტად ფემინური ან მასკულინურია, არც შემეწინააღმდეგა, მაგრამ მკითხა, თუ რატომ ვთვლიდი საჭიროდ, რომ „ქალი ისახავს გეგმებს“ მასაც უნდა წაეკითხა. პირველ რიგში ალბათ იმიტომ, რომ მეი მასკი, რომელსაც წელს 71 წელი შეუსრულდა, ძალიან ხშირად უსვამს ხაზს ასაკს, არა, ეიჯისტი (ესეც ახალი სიტყვაა და ნიშნავს ასაკობრივი დისკრიმინაციის მიმდევარს) სულაც არ არის, პირიქით, ამბობს, რომ ახლა, 71 წლის ასაკში იწყებს ცხოვრებას, რომ ახლა არის კარიერის პიკზე და ასაკი მხოლოდ ციფრებია.

71 წლის ასაკში, მეი მასკი მოდისა და სილამაზის ინდუსტრიებთან დაკავშირებულ ყველანაირ სტერეოტიპებს ამსხვრევს და როგორც თავად აღნიშნავს, არასდროს ყოფილა ამ ინდუსტრიაში ასეთი მოთხოვნადი, როგორც ახლა, თავისი შევერცხლილი თმებით.  71 წლის IT გოგონა დღეს მოდის ყველაზე გახმაურებული ჟურნალების გარეკანზე ჩნდება, მონაწილეობს ისეთი ბრენდების სარეკლამო კამპანიებში,  როგორიცაა Target, Joe Fresh და Virgin America, კოსმეტიკური გიგანტის CoverGirl-ის სილამაზის ელჩია, გამოდის მაღალი მოდის ჩვენებებზე და ბიონსეს მუსიკალურ კლიპშიც კი ჩნდება.

„მე ვიტყოდი, რომ დღეს ჩემი წარმატების პიკს მივაღწიე, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ მომდევნო წელს ახალ მწვერვალებს დავიპყრობ“.

maye musk

მეცნიერი მოდელი

მეი მასკმა მოდელობა თინეჯერობის ასაკში პრეტორიაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დაიწყო, როგორც თავად აღნიშნავს, უბრალოდ გასართობად, მას ხომ სურდა მეცნიერი გამოსულიყო, საბოლოოდ საწადელს მიაღწია, მეცნიერი გახდა, დოქტორის წოდებაც მიიღო და არაერთი ნაშრომი აქვს კვების მიმართულებით, თუმცა გასართობად წოდებული სამოდელო კარიერა მის ერთადერთ შემოსავლის წყაროდ იქცა, როდესაც ქმარს გაეყარა და სამი შვილის მარტოხელა დედად იქცა. მეი მასკი ძალიან ბევრს სწავლობდა, ძალიან ბევრს შრომობდა, საოცარი დედაც იყო და არც ახლის გამოცდას, ქალაქიდან ქალაქებში, ქვეყნებიდან ქვეყნებში გადაბარგებას უშინდებოდა. მეი მასკის ბოლო წიგნს - ბესცელერს ჰქვია „ქალი ისახავს მიზანს“. მეი მასკმა დაისახა მიზანი და მიაღწია კიდევაც. საკუთარ წარმატებას კი მშობლებს უმადლის. ამბობს,რომ თავგადასავლების მიმართ სიყვარული, მეწარმეობა და სამუშაო ეთიკა სწორედ მათ დაასწავლეს.

„ჩემი მშობლები შრომისმოყვარეები იყვნენ, კეთილი, ყურადღებიანი და მზრუნველები“.

მეის მშობლებს უყვარდათ თავგადასავლები და ბავშვები ყოველთვის თან მიჰყავდათ შორეულ მოგზაურობებში.

გმირი დედა

1979 წელს, განქორწინებიდან ათ წელიწადში მეი შვილებთან ერთად კანადაში გადაასახლა, სადაც ის მარტო ზრდიდა სამ შვილს და როგორც თავად იხსენებს, ხშირად სუფრასთან საჭმელი ჭირდა, ხოლო სამოსს მეტწილად მეორადებში ყიდულობდა. გაგეცინებათ, ილონ მასკის დედაზე ეს ვერ წარმოგიდგენიათ არა?! დღეს მეი მასკი ძალიან მაღალანაზღაურებადი ნუტრიციოლოგი და მოდელია, ხოლო მისი ვაჟი კოსმოსში ხომალდებს უშვებს და მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მესამე ადგილს იკავებს. ასე რომ, ნურასდროს ჩამოუშვებთ ხელებს, დაისახეთ მიზანი და მიჰყევით მას ბოლომდე! მეი მასკი ამტკიცებს, რომ იმ წინაღობებმა და სირთულეებმა, რომლებიც მას ცხოვრებაში შეხვდა და თან უხვად, საბოლოოდ გაამყარა მისი ამბიცია.

elon musk
ილონი, მეი, კიმბელი და ტოსკა - მათ ძალიან უყვართ დროის ერთად გატარება. 

პოზიტივის ძალა

მეი მასკი არის ყველაზე დიდი ოპტიმისტი, რომელიც მე აქამდე შემხვედრია, რა თქმა უნდა აქ არ ვგულისხმობ ფიზიკურ შეხვედრას, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მას ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად შევხვდები და ვეტყვი, თუ როგორ გაამყარა მან ჩემი შეხედულებები და მიზნები და თუ როგორ შეიძლება ერთი ქალის წარმატების ისტორიამ მეორე შთააგონოს დიადი მიზნებისთვის.

„დილით ბედნიერი და აღფრთოვანებული ვიღვიძებ და ვფიქრობ, რომ დღეს რაღაც კარგი აუცილებლად მოხდება. დღის ბოლოს, თუკი არაფერი საინტერესო არ მოხდა, მეორე დილით ვიღვიძებ ამავე შეგრძნებით”.

სოციალური მედიის ძალა

იყო დრო, როდესაც მეი მასკი საკუთარ წარმატებას არც ისე დიდი სიხალისით აზიარებდა სოციალურ ქსელებში, თუმცა მალევე მიხვდა, რომ სოციალურ ქსელებში აქტივობას შეეძლო მისთვის დამატებითი შემოსავალი მოეტანა. მეი მასკს, დღეს ინსტაგრამზე 462 ათასი მიმდევარი ჰყავს და იდეალურად იყენებს საკუთარი სახელის გლობალიზაციისთვის.

ჟურნალ L'Officiel-ის გადაღებაზე

ყველაზე დიდებული მომენტი

2017 წელს მასკი კოსმეტიკური გიგანტის CoverGirl-ის სახედ იქცა. ვფიქრობ ასეთი მომენტები ამსხვრევენ სტერეოტიპებს, რომ სილამაზისა და მოდის ინდუსტრიას მხოლოდ 20 წლის გოგონები არ უნდა წარმოადგენდნენ, რომ 40 წლის შემდეგ ცხოვრება არ სრულდება.

 „ეს იმედს აძლევს არა მხოლოდ 60-70 წლის ქალებს, არამედ პატარა გოგოებსაც, რადგან მათ ასაკის მატების ნაკლებად შეეშინდებათ“.

მასკი მიფრინავს კოსმოსში

და-ძმებმა მასკებმა დედას ძეგლი უნდა დაუდგან მარსზე ან დედამიწის შუაგულში. სწორედ ამ ქალის ძალისხმევითა და ცოდნით შეძლეს მათ საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება. ელონ მასკის მიღწევები ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუმცა არანაკლებად წარმატებულია მეის ქალიშვილი ტოსკა, რომელიც ცნობილი რეჟისორია, წარმატებას მიაღწია ასევე მისმა მეორე ვაჟმა, რომელიც მდგრადი კვების მოძრაობას ხელმძღვანელობს.

„ისინი მიყურებდნენ, როგორ მუხლმოუდრეკლად ვმუშაობდი და ეს კარგი მაგალითი იყო მათთვის“.

მეი მასკი მოძალადე ქმარს გამოექცა, დიახ, მას მოუწია უარი ეთქვა უზრუნველყოფილ ცხოვრებაზე და ყოველდღიურ ლუკმა-პურზე და სამ შვილზე თავად უწევდა ზრუნვა, თუმცა, როგორც ამბობს, მოძალადე ქმართან ერთად ცხოვრებას ყველაფერი სჯობს და ნურასდროს შეგეშინდებათ მათგან წამოსვლა, გამოსავალი ყოველთვის არის! 

რჩევა შენ, მე და სხვა გოგოებს

მეი მასკი გვირჩევს, დავკავდეთ იმით, რისი კეთებაც ყველაზე მეტად გვსიამოვნებს და ამ შემთხვევაში ჩვენს ძალებს არ დავიშურებთ მიზნის მისაღწევად. და რაც ასევე მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ვამცნოთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც გვაქვს ანუ წარმატების გზაზე სოციალიზაცია ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია!

„არ შეიძლება გენიოსი იყო და სარდაფში იჯდე. გამოდი გარეთ და მსოფლიოს გაუზიარე ვინ ხარ და რა შეგიძლია“.

ზევით