ლაშა ჯუხარაშვილი „დირეს“ შექმნისა და ფანტაზიის განსხვავებულ პროდუქტად გარდაქმნის შესახებ

ადამიანებთან კომუნიკაციის სრულად ახლებურ საშუალებას ლაშა ჯუხარაშვილმა 3 წლის წინ მიაკვლია. თეატრში გაჩენილი ფორმის სიყვარული, თიხაზე მუშაობის პროცესშიც გამოვლინდა და სოციალურად დისტანცირებულ პერიოდში, ლაშასთვის ფიქრებისა და აზრების გადმოცემის საუკეთესო საშუალებად იქცა. დროთა განმავლობაში, ინტერესმა, უფრო სერიოზული სახე მიიღო და ამ პროფესიის სიღრმისეულად შესწავლის სურვილიც გააჩინა, თიხამ ახალი აღმოჩენებისკენაც გაუკვალა გზა და დაგროვილი ცოდნის გასაზიარებლად დირე“ დიზაინ სტუდიოც შეიქმნა.

დირე მალევე იქცა ინტერიერისა და ექსტერიერისთვის, განსხვავებული ფერის, ფორმისა თუ ხასიათის აქსესუარების შექმნის ადგილად. კერამიკული საწარმოს ამუშავების პარალელურად, დიზაინ სტუდიომ კერამიკის შემსწავლელი კურსებიც დაამატა და ფანტაზიის განსხვავებულ პროდუქტად გარდაქმნის ხელოვნებას დღემდე ასწავლის.

კერამიკოსის პროფესია ჩემს პირად ისტორიაში

ძალიან საინტერესოდ შემომეპარა ეს საქმიანობაც, პანდემიის დაწყებამდე, ყველას ცხოვრება, ჩვეულ რიტმში მიედინებოდა თუმცა რაღაც დროს გართულდა რეგულაციები და ყველანი შევიკეტეთ სახლებში, შეიზღუდა წარმოდგენები და შესაბამისად ჩვენც, რუსთაველის ეროვნული თეატრიც, ავყევით საერთაშორისო რეგულაციებს. შემოქმედებითი ჯგუფებისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა არსებობა არა მარტო ფინანსური მხრივ.

ცოტას ვხატავდი და ეს გახდა საბაბი იმისა, რომ ტილოდან, ჩანახატებიდან დავიწყე ჩემივე დახატული ნივთების და გმირების გადმოტანა გამოყენებით ნივთებად. ბევრი მასალა მქონდა შერჩეული, ვისწავლე ბეტონთან, ხესთან მუშაობა. მაგრამ მდგომარეობა კიდევ გართულდა და ბაზრობების დაკეტვის შემდეგ, მასალების მოძიებაც გაძნელდა.

უსაქმოდ ყოფნას, ჩემი ჩვეული რეჟიმიდან გამომდინარე, რასაკვირველია, არ ვაპირებდი, სწორედ ამიტომ, შევიძინე თიხა და პირველივე ნივთის გაკეთების შემდეგ მივხვდი, რომ ის ყველაფერში მომყვებოდა. კიდევ რამდენჯერმე ვცადე, შემდეგ კი სახელოსნოებში მივაკითხე ადამიანებს და სწავლა ნულიდან დავიწყე.

დირე დიზაინ სტუდიოს შექმნის შესახებ

თიხასთან ურთიერთობის სიღრმისეულად შესწავლის შემდეგ კი ახალი ეტაპიც დადგა ჩემს ცხოვრებაში, მეუღლესთან ერთად ამ საკითხს უფრო სერიოზულად შევხედე და ამ საქმემ ბიზნესის სახეც მიიღო. ჩამოყალიბდა გარკვეული ბიზნეს კონცეფცია, გავშალეთ და მის საჭიროებაზე დავიწყეთ ფიქრი. 

მოკლე პერიოდში მოვახერხეთ სახელოსნოს გახსნა და სხვებსაც გავუზიარეთ ცოდნა, ძალიან კარგი რამეა თიხა.

თბილის სჭირდება სიფერადე და ეს ერთ-ერთი საბაბი იყო. დირე ჩემი მეგობრებისთვის და მაყურებლისთვის შეიქმნა, ადამიანებისთვის, რომლებშიც შემიძლია გარკვეული ფორმით და ფერით, ემოცია გამოვიწვიო.

სწავლება, როგორც გამეორების უწყვეტი პროცესი

პირადად ვარ ჩართული ყველა პროცესში, რა თქმა უნდა და ცოდნის გაზიარება გამეორებასთან პირდაპირ კავშირშია, ამ დროს შენც რწმუნდები ამ ცოდნის სისწორეში. მაგისტრატურა სარეჟისორო მაქვს დამთავრებული ამან ცოტა უფრო გამიადვილდა მუშაობა ნებისმიერი ასაკის ადამიანთან. ყოველ შემთხვევაში მიდგომებს ცვლი და თავად აკვირდები რა სჭირდებათ შენგან, გაზიარებაც მნიშვნელოვანია იცოდე ვის და როგორ. დირე დიზაინ სტუდიაში ბევრი რამ ტრიალებს საინტერესო და გასაზიარებელიც ბევრია.

დირე ბევრ ნიჭიერ ადამინზე დგას და ბევრი რამის სწავლა შეიძლება. მთავარი მგონია რომ თავისუფლებაა რომელსაც ვაძლევ და ვაძლევთ ჩვენს თანამშრომლებს და მოსწავლეებს. მეთოდიც სინთეზურია სამსახიობო + სახვითი ხელოვნება. ასე რომ ძალიან საინტერესო საქმიანობაა. ყველას გელით

კერამიკა -  რჩეული მასალა

კერამიკა დირე დიზაინ სტუდიოს ერთ-ერთი მასალაა, ჩემთვის კი, პროცესის თვალსაზრისით მეტად საინტერესოა, რაღაც კუთხით რეპეტიციასაც ჰგავს მასზე მუშაობა, სანამ პრემიერა შედგება ნივთი დიდ პროცესს გადის: შექმნა - გამოწვა - მოხატვა - მეორე გამოწვა - და ასე, თითქოს დაუსრულებლად...

განსხვავებული პერსონაჟების გამოძერწვის საწყისებზე

მსახიობი ვარ შესაბამისად ჩემი პროფესიიდან გამომდინარე საინტერესო სახეებს ვეძებთ ხან გამოგვდის ხან არა, მაგრამ მთავარი ძიების პროცესი მგონია. საკუთარ თავთან დიალოგი უმთავრესია, ფორმის ფერის ძიება და გადაწყვეტა. პერსონაჟებიც საკუთარი პროფესიიდან მოვიყვანე ჯერ შექსპირის პერსონაჟების კეთება დავიწყე, რიჩარდ მესამეს ვძერწავდი და ბევრჯერ გადავამოწმე ჩანახატები და თვითონ ფორმაც რუსთაველის ეროვნული თეატრის მხატვართან ბატონ მირონ შველიძესთან. დიდი გულშემატკივარი იყო ჩვენი თაობის და მითუმეტეს მხატვრობის, ნამდვილი მხატვარი იყო შესაბამისად მისი აზრი იყო უმნიშვნელოვანესი.

ჩავთვალოთ ხელი მკრა ამ მორევში ჩასახტომად

შემდეგ იყო ავთანდილ ცქვიტინიძის როგორც დიზაინერის რჩევები. რაც ყველანაირად დამეხმარა თვითდაჯერებული ვყოფილიყავი ამ საქმის კეთებისას.

ხელწერის ჩამოყალიბება, როგორც დაუსრულებელი პროცესი

ხელწერის ჩამოყალიბება, ესეც პროცესია შესაბამისად განვითარებადია. ჩემი ხელწერა არ ვიცი ზუსტად როგორია, უბრალოდ გულწრფელობა და ხასიათი უნდა ჰქონდეს ნებისმიერ პროდუქტს. გარკვეულწილად, თავად გთავაზობს ხანდახან რასაც ქმნი ის ნამუშევარი ხელწერას. შემდეგ, იმ შენს შემოქმედებით წრეში ტრიალებ, თუმცა გარღვევა შეგიძლია,მაგრამ როდესაც მომხმარებელი უკვე ცნობს შენს ნამუშევარს ეს ფაქტი რაღაცნაირად მიანიშნებს იმაზე რომ ხელწერის მსგავსი რამ უკვე გაჩნდა. 

შთაგონება გამოწვევაა, რომელიც დაკვირვებიდან მოდის

შთაგონება საკუთარი მეხსიერებიდან და გონებიდან, გენეტიკიდან ჰაერიდან, არც კი ვიცი რამდენი იდეა იბადება სამყაროში და მერე იჭერ, ამოწმებ შენია თუ არა, ეს არ ვიცი როგორ ავხსნა... ძალიან ინდივიდუალური პროცესია. მაგრამ შთაგონება ყველგანაა. თუ გამოიწვევ მოვა. ვფიქრობ, გამოწვევა კითხვით, მოსმენით და დაკვირვებით მოდის..

სამომავლო გეგმა - არ გაჩერებაა!

ცალკეულად ვერ გამოვყოფ მხატვარ-დიზაინერობას ესეც ჩემი ცხოვრების ნაწილია როგორც მსახიობობა,უბრალოდ ვცდილობ ბევრი მოვასწრო და ხარისხიანად, კიდევ შეუძლია ადამიანს სწავლა და განვითარება სიახლეების შიში არ მქონია არასდროს თუ რაღაცნაირად დავიჯერებ ხოლმე რომ გამოვა, ესეც საიდან მოდის არ ვიცი მეორე მე მკარნახობს.

სამომავლო გეგმა არ გაჩერება მაქვს, არასდროს გაჩერება...

ისე მოხდა ჩემს ცხოვრებაში ბევრ და საინტერესო თითქმის ყველა ასაკისა და პროფესიის ადამიანს ვხვდები და მათგან ვსწავლობ.

მერე გონებაში ამუშავებ ნასწავლს და შენად გახდომას იწყებ, საინტერესო პროცესია...

ბევრი გეგმა გვაქვს დირე დიზაინ სტუდიოში და მთავარი რაც არის მოტივაციას თავად ჩვენი მომხმარებელი გვაძლევს. ჩვენც ვაგრძელებთ თან საქართველოში რომ არის ეს მახარებს, თუმცა საზღვრებსაც გავცდებით.

ზევით