ტოროლა ტელეეკრანიდან - ლულუ კახიანის ცხოვრება ახალი ფურცლიდან

ლულუ ტელევიზიაში დაბრუნდა რუსთავი 2-ზე

წლების შემდეგ ტელეეკრანებს, ჩვენი წარსულიდან ერთერთი ყველაზე ციმციმა და მხიარული გოგო დაუბრუნდა. ლულუ კახიანი ახლა უკვე შემდგარი ქალია. დღეს მისი ხმა რუსთავი 2-ის დილის ეთერიდან გაისმის და ყოველ პარასკევს არა ერთი საინტერესო თემის შესახებ მოგვითხრობს. წელიწადნახევრის წინ უფროსი ქალიშვილის, ლენოს დაკარგვის შემდეგ, ლულუმ მოახერხა და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყო, ამ ფურცელზე კი ლენოს სახელი კიდევ უფრო დიდი ასოებითაა ამოტვიფრული. უფრო მეტს ლულუსა და ლენოს შესახებ ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ:

ტელეეკრანებზე დაბრუნებას გილოცავთ ლულუ, თუ შეიძლება უფრო ვრცლად მოგვიყევით თქვენი ახალი რუბრიკის შესახებ...

- ისევ დავუბრუნდი ტელევიზიას, რაც ძალიან მიხარია, რადგან წლების მანძილზე ვმუშაობდი ამ სფეროში და ვისაც ოდესმე უმუშავია ტელევიზიაში, გამიგებს ალბათ, თითქოს დამოკიდებული ხდები მასზე და ყოველთვის გენატრება.

ლულუ კახიანი რუსთავი 2-ში დილის გადაცემა

რუსთავი 2-ზე დილის გადაცემა „დილამშვიდობისა საქართველოში“ მიმყავს რუბრიკა, რომელიც ეთერში გადის ყოველ პარასკევს დილის 9-ის ნახევარზე. ეს არის რუბრიკა უსაფრთხო სილამაზე, რომელსაც მე და ჩემი თანაწამყვანი, პლასტიკური ქირურგი კონსტანტინე სულამანიძე ვუძღვებით. ვსაუბრობთ უსაფრთხო პლასტიკურ ქირურგიაზე, ასევე ესთეტიკურ პროცედურებზე, რომელიც არის მოთხოვნადი და პოპულარული და მაყურებელს ვაწვდით იფორმაციას რა, როგორ და როდის უნდა გაიკეთონ.

არასაკმარისი ინფორმაციის გამო ზოგი ადამიანი მიმართავს არც თუ ისე უსაფრთხო მეთოდებს გალამაზებისთვის. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად სწორი მიმართულება მივცეთ მათ ამ მხრივ

როგორ ახერხებთ იყო მზრუნველი დედა, წარმატებული ქალი და ამასთანავე მუდამ ფორმაში?

არც თუ ისე რთულია შეუთავსო ერთმანეთს ყველაფერი, ეს ალბათ ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე ხდება. ეს ჩემი ცხოვრების სტილია, შესაბამისად ყოველთვის ვცდილობ არ გადავუხვიო ამ გზას, ვიყო ჩართული კარიერაში, ბავშვის მოვლასა და აღზრდაში და საკუთარი სივრცის მოპოვებაშიც კი. ყოველთვის განაწილებული მაქვს დრო, რათა მოვასწრო ყველაფერი, ეს ალბათ სწორი მენეჯმენტის შედეგია.

ლულუ რუსთავი 2ში

ლულუ, თქვენი ოჯახის დანაკარგი, მთელმა საქართველომ მიიტანა გულთან, როგორ მიხვედით Leno Art-სა  და Leno Records-ის შექმნის გადაწყვეტილებამდე?

ყოველთვის ვამბობდი, რომ შვილის დაკარგვაზე რთული ადამიანის ცხოვრებაში არაფერი შეიძლება მოხდეს და ყოველთვის მეშინოდა ამის, მოხდა ისე, რომ დაახლოებით წლინახევრის წინ ჩემმა უფროსმა შვილმა ლენომ დაგვტოვა. ძალიან რთული იყო და დღემდე ძალიან რთულია ამასთან შეგუება, მიმაჩნია, რომ ამას მშობელი ვერასოდეს ვერ შეეგუება ბოლომდე და გარკვეულწილად თავსაც დაიდანაშაულებს ცხოვრების ბოლომდე.

„ხშირად ხდება, რისიც გვეშინია, სწორედ ის ხდება ხოლმე“

ყველას სხვადასხვა გზა და ფორმა აქვს ამ ტკივილის დასაძლევად, ჩემს შემთხვევაში მოხდა ისე, რომ ძალიან ბევრი ნახატი მაქვს ლენოს დატოვებული და გადავწყვიტეთ რომ რაიმე ფორმა მიგვეცა ამ ყველაფრისთვის. სურვილი გაგვიჩნდა, რომ ლენო, უფრო მეტი ადამიანისთვის ყოფილიყო ცნობილი, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა Leno Art-ი. დაახლოებით 50 ნახატი გვაქვს და მათ ვიყენებთ პრინტებად, მაისურებზე ჭიქებზე, ასევე პოსტერებად და სტიკერებად.

Leno art ლენოს ნახატები ჩანთები ლულუს შვილის ნახატები

შარშან ნოემბერში გავაკეთეთ პირველი გამოფენა სტამბაში, ეს იყო ორდღიანი გამოფენა და მას შემდეგ სოციალური ქსელის მეშვეობით ლენოარტი აგრძელებს არსებობას და უკვე 10 000-ზე მეტი გამომწერი გვყავს Facebook-ზე. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც რაიმე სახის პროდუქტი შეიძინა ლენოარტზე, რადგან მგონია, რომ რაც უფრო მეტი პროდუქტი გაიყიდება, ლენო იქნება ყველასთან, ყველას ოჯახში, ეს მავსებს სითბოთი და მეხმარება ამ ტკივილთან გამკლავებაში.

„ლენოს ძალიან უყვარდა მუსიკა და ვფიქრობ მასაც ძალიან აბედნიერებს ეს, იქ სადაც არის“

რაც შეეხება Leno Records, მას ლენოს მამა - გიორგი გვარჯალაძე ხელმძღვანელობს. ეს არის ხმის ჩამწერი სტუდია, რომელიც ტექნოლოგიურად არის ძალიან კარგად აღჭურვილი, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავე ხმის ჩამწერი სტუდიაა. ძალიან ბევრმა გამოჩენილმა ადამიანმა ჩაწერა სიმღერა Leno Records-ში, მათ შორის ქეთი მელუამ, ანიტა რაჭველიშვილმა, ლიზა ბათიაშვილმა, ნიკოლოზ რაჭველმა და ნინო ქათამაძემ.

ლულუ კახიანი რუსთავი2 დილის გადაცემაში

რა რჩევას მისცემდით ჩვენს ერთგულ მკითხველს? 

„არასოდეს დაიხიოთ უკან, გაითვალისწინეთ ახლო ადამიანების რჩევები და აუცილებლად ენდეთ  თქვენს წინათგრძნობას“

ჩვენს დროში ძალიან რთულია იყო წარმატებული იმ კონკურენციის ფონზე რაც არსებობს იმ ქვეყანაში სადაც ვცხოვრობთ, მაგრამ ყველას ვისაც აქვს დასახული მიზანი და მისკენ მიდის, მინდა ვურჩიო და ვუსურვო არ შეუშინდეს სირთულეებს რომლებიც გზაზე დახვდება. 

წარმატებას გისურვებთ ყველა გოგოს!

ზევით