#კულტურა #ცნობილები #კინო

ნინო გაჩეჩილაძე: „ჩემთვის „ჩცდ“ არის მეორე უმაღლესი სასწავლებელი, სადაც თითქმის 10 წელია ვსწავლობ“

გაზიარება:

ქართული სატირულ-იუმორისტული ჟანრის სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“, ტელეეკრანებს მე-17 სეზონით უბრუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საყვარელი მსახიობები უქმე დღეებს კვლავინდებურად გაგვილამაზებენ. თეატრისა და კინოს მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე, რომელიც მაყურებელმა ჩცდ-ს კატო კირვალიძის როლით გაიცნო და შეიყვარა, ჩვენთან საუბრისას „ჩემი ცოლის დაქალების“ განახლებული სატელევიზიო განრიგის, ერთი დიდი ოჯახის, covid 19-ის პანდემიის გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ გვიყვება.

ნინო, ჩცდ-ს გადაღებები განახლდა, როდის ვიხილავთ ახალ სერიებს?

დიახ, გადაღებები განახლდა და სულ რამდენიმე დღეში, 13 მარტიდან „ფორმულას“ ეთერში ყოველ შაბათ-კვირას იხილავთ, პარასკევი სამწუხაროდ განრიგს გამოაკლდა.

როგორ მიმდინარეობს ჩცდ-ს გადაღების პროცესი?

გადაღებები, როგორც ყოველთვის მხიარულად მიმდინარეობს, თუმცა, რა თქმა  უნდა, პირველ რიგში ყველა მობილიზებულია თავის საქმეზე, რეჟისორიდან და მსახიობებიდან დაწყებული გამნათებლებით დამთავრებული.

ყველანი დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენს სამუშაოს, რადგან ძალიან გვიყვარს ის, რასაც ამდენი წელია ერთად ვაკეთებთ.

ნინო გაჩეჩილაძე
© ზუკა ფირცხალაიშვილი

ათი წელია რაც ეს სერიალი აქტუალობას არ კარგავს, როგორ ფიქრობთ რა არის ამის მიზეზი?

პირველ რიგში, ამის მიზეზი ალბათ ის მრავალფეროვანი გარემოა, რომელშიც ვცხოვრობთ და რომელიც გვამარაგებს ახალ-ახალი მოვლენებით, იქნება ეს სოციალური თუ პოლიტიკური თემები - ამით ნამდვილად განებივრებულები ვართ. შემდეგ, რა თქმა უნდა, უნდა აღინიშნოს, ჩვენი სცენარისტის უშრეტი ფანტაზია და იუმორის გრძნობა და რასაკვირველია, ნიჭიერი შემოქმედებითი გუნდი: რეჟისორები, მსახიობები, მხატვრები, ოპერატორები და ასე შემდეგ.

ეს ყველაფერი სინთეზში ქმნის ხარისხიან და საყურებლად საინტერესო სატელევიზიო პროდუქტს.

ალბათ ჩცდ ერთი დიდი ოჯახია, ამდენმა წელმა ალბათ ძალიან დაგამეგობრათ ერთმანეთთან. მოგვიყევი ამ ოჯახზე...

დიახ, „ჩცდ“ მართლაც ერთი დიდი ოჯახია, სადაც უკვე მეათე წელია ვცხოვრობთ (ნოემბრის ბოლოს 10 წელი გვისრულდება) და რა თქმა უნდა, ამ წლების მანძილზე ერთმანეთთან ძალიან დავახლოვდით. არიან ადამიანები, რომლებიც გამოგვაკლდნენ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც მუდმივად არიან სერიალის შემადგენლობაში და მათთან ძალიან კარგი, მეგობრული დამოკიდებულება მაქვს. ისინი არა მარტო მსახიობები არიან, არამედ გრიმიორები, კოსტუმების მხატვრები, რეჟისორის ასისტენტები და ა.შ.

ნინო გაჩეჩილაძე
© ზუკა ფირცხალაიშვილი

განსაკუთრებულად რომელ მსახიობთან მეგობრობ?

ყველასთან ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა მაქვს, განსაკუთრებით ვერავის გამოვყოფ, რადგან ყველა მიყვარს, თუმცა მაკა ძაგანიასთან (თინას როლის შემსრულებელი) ალბათ ყველაზე ახლო დამოკიდებულება მაქვს, ვინაიდან ჩვენ თეატრალურშიც ჯგუფელები ვიყავით და სტუდენტობიდან ერთად მოვდივართ, მაკას 1997 წლიდან ვიცნობ.

რა არის შენთვის ჩცდ?

ჩემთვის „ჩცდ“ არის მეორე უმაღლესი სასწავლებელი, სადაც თითქმის 10 წელია ვსწავლობ

ჩვენ ხომ კინომსახიობის პროფესია არ გვისწავლია, ვსწავლობდით მხოლოდ დრამის მსახიობის ოსტატობას, ხოლო კინო სულ სხვა სპეციფიკაა, განსხვავებულ სწავლებას მოითხოვს, რაც ჩვენთვის თეატრალურში არავის უსწავლებია. 4 წლის მანძილზე კამერა თვალით არ მინახავს, რომ მასთან მუშაობა მესწავლა. ამ სერიალმა კი ამის საშუალება მომცა, საიდანაც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და რისთვისაც მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ასეთი შესაძლებლობა მომცა.

ნინო გაჩეჩილაძე
© ზუკა ფირცხალაიშვილი

როგორ ჩაიარა კარანტინის პერიოდმა და ზოგადად covid19-მა რა გავლენა იქონია შენს პირადზე და კარიერაზე?

კარანტინის პერიოდმა ვფიქრობ, ძალიან ცუდი ფსიქოლოგიური დარტყმა მოგვაყენა ყველას, ბევრი ადამიანი დეპრესიაში ჩააგდო, ბევრს ცხოვრების ხალისი დაუკარგა, ალბათ მეც მათ რიცხვს მივეკუთვნები, ვინც გარკვეულწილად ბევრი რამის ინტერესი დაკარგა: წიგნების კითხვას გული ვერ დავუდე, კონცენტრაციას ვერ ვახდენდი, რადგან სულ ამ ვირუსზე ვფიქრობდი. ჩემი მშობლები რისკ ჯგუფში არიან და სულ იმის შიში მაქვს, შემთხვევით რამე არ მივუტანო.

სულ ვფრთხილობ, პირბადეს არ ვიხსნი, სახელურებს რეზინის ხელთათმანებით ვაღებ და მარკეტში ნაყიდ პროდუქტებს საგულდაგულოდ ვრეცხავ. შეიძლება ეს გადამეტებული შიშია, მაგრამ ასე უფრო მშვიდად ვარ.

გენატრება თეატრი?

თეატრი ალბათ ყველაზე მეტად მენატრება, რადგან თეატრს უდიდესი ემოციური დატვირთვა აქვს ჩემს ცხოვრებაში. გარდა იმისა, რომ ეს ჩემი სამსახურია, თეატრი ჩემთვის არის ჯადოსნური სამყარო, რომელშიც თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ. თეატრის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია და ძალიან დიდი იმედი მაქვს, სულ მალე დავუბრუნდები მარჯანიშვილის თეატრის სცენას.

ნინო გაჩეჩილაძე
© ზუკა ფირცხალაიშვილი

თაკოზეც მოგვიყევი და დეიდობაზე, როგორც ვხედავთ გასაოცარი დეიდა ხართ.

მადლობა თუ ასე ფიქრობთ. არ ვიცი, რამდენად გასაოცარი დეიდა ვარ, მაგრამ ვცდილობ ვიყო კარგი დეიდა, ყურადღებიანი და მზრუნველი. სხვათაშორის თაკოც ძალიან კარგი დედაა, დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება თავის ფუნქციას და ცდილობს შვილებს არაფერი მოაკლოს. იგივეს თქმა შემიძლია ჩემს სიძეზე - ასევე ძალიან კარგი და მზრუნველი მამაა.

დეიდობა ჩემთვის ახალი და ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო გამოცდილებაა, რაც აქამდე მქონია. ბავშვები ხომ ყველაზე დიდი სიხარულია ცხოვრებაში და მათთან ერთად გატარებული ყოველი დღე და ყოველი წუთი უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს.

რა სიახლეები გაქვს კიდევ და რას უნდა ელოდონ შენგან შენი თაყვანისმცემლები?

ჩემი უკანასკნელი სიახლე ჯერჯერობით ისევ და ისევ „ჩემი ცოლის დაქალებს“ უკავშირდება, როგორც გითხარით გრძელდება სერიალი და მე, როგორც ამ სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირი, აქტიურად ვიქნები ჩართული გადაღებაში.

რაც შეეხება სხვა სიახლეებს, მაქვს რამდენიმე სატელევიზიო გადაცემის პროექტი, რომელსაც ალბათ პირველ რიგში „ფორმულას“ შევთავაზებ და დასტურის შემთხვევაში იმედია განვახორციელებთ თანამშრომლობას.

ზევით