ნობელის პრემიის 8 ლაურეატი, რომელმაც სამყარო უკეთესობისკენ შეცვალა

გაზიარება:

ნობელის პრემიის საუკუნეზე უფრო დიდი ისტორიის, კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი მიღწევებისთვის აკადემიურ, კულტურულ და სამეცნიერო სფეროებში მიღებული ათასზე მეტი ჯილდოს ფონზე, ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ სამყარო უკეთესობისკენ იცვლება და ამაში ნობელის პრემიის ლაურეატებს უდიდესი წვლილი მიუძღვით.

არსებობენ ისინიც, ვისი წვლილიც კაცობრიობის განვითარების საქმეში ოდნავ უფრო დიდი, დასამახსოვრებელი და წარუშლელია. დღეს რვა მათგანის შესახებ უნდა გიამბოთ.

8. ალექსანდრე ფლემინგი

ალექსანდრე ფლემინგი შოტლანდიელი მიკრობიოლოგი, ლონდონის სამეფო საზოგადოებისა და პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი გახლდათ. მისი ძირითადი შრომები ეხება იმუნოლოგიის, ზოგადი ბაქტერიოლოგიის, ქიმიოთერაპიის საკითხებს, ანტისეპტიკური და ანტიბიოტიკური ნივთიერებების შესწავლას.

1922 წელს, ალექსანდრემ საკუთარი დაუდევრობით ლიზოციმი აღმოაჩინა, დაუდევრობითვე ალექსანდრემ 1929 წელს პენიცილინი აღმოაჩინა, თუმცა მისი სუფთა სახით მიღება ძალიან გაუჭირდა, დახმარებისთვის კი ერნესტ ჩეინს და ჰოვარდ ფლორის მიმართა. პენიცილინის მასიური წარმოება მეორე მსოფლიო ომის დროს დაიწყო, 1945 წელს ფლემინგს, ფლორის და ჩეინს ნობელის პრემია გადაეცათ მედიცინის და ფიზილიოგიის დარგში.

7. ჰერმან მიულერი

ყოველ ტექნოლოგიურ წინსვლას თან ახლავს კომპრომისები და გვერდითი ეფექტები, ამაში ამერიკელმა გენეტიკოსმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა ჰერმან მიულერმა და მისმა ნაშრომებმა დაგვარწმუნეს. 

1920–1932 წლებში ჰერმანი სწავლობდა მუტაციური პროცესის კანონზომიერებებს და დროზოფილებზე ჩატარებული ცდებით დაამტკიცა რენტგენის სხივების მოქმედებით მუტაციების ხელოვნურად გამოწვევის შესაძლებლობა, რაც საფუძვლად დაედო რადიაციული გენეტიკის ჩამოყალიბებას.

ჰერმანი 20 წლის განმავლობაში ცდილობდა სამყარო თავისი ნაშრომების ჭეშმარიტებაში დაერწმუნებინა, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიის ატომური დაბომბვის შედეგების ხილვა გახდა საჭირო იმისათვის, რომ ამერიკელი გენეტიკოსის კვლევებისთვის და რენტგენის სხივებისა და ბირთვული ეფექტისთვის სათანადო ყურადღება მიექციათ.

გენთა შეჭიდულობისა და კროსინგოვერის მოვლენის შესწავლისთვის, აგრეთვე ხელოვნური მუტაგენეზის აღმოჩენისთვის 1946 წელს ჰერმან მიულერს ნობელის პრემია მიენიჭა.

6. კრიკი, უოტსონი და უილკინსი

შესაძლოა დღეს ბიოლოგიის საფუძვლების შესწავლას ჩვეულებრივ მოვლენად მივიჩნევთ და დნმ-ის აგებულების და მისი მთავარი ფუნქციის - გენეტიკური ინფორმაციის მატარებელობის შესახებ დიდი ცოდნაც გვაქვს მიღებული, თუმცა უნდა გვახსოვდეს ის ფაქტი, რომ ამ ჭეშმარიტებას სამყარო მხოლოდ საუკუნის წინ ეზიარა - ფრენსის კრიკის, ჯეიმს უოტსონისა და მორის უილკინსის წყალობით.

დნმ-ის ორმაგი სპირალის სტრუქტურის და „ჩარგაფის წესებზე“ დაყრდნობით, რომელთა თანახმადაც, დნმ-ის თითოეულ მოლეკულაში დაცულია მკაცრი ურთიერთკავშირები, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა ტიპის აზოტოვანი ფუძეების რაოდენობას, კრიკმა, უოტსონმა და უილკინსმა 1962 წელს ნობელის პრემია ფიზიოლოგიის და მედიცინის დარგში მიიღეს.

5. მარტინ ლუთერ კინგი

"I have a dream" - ეს ამერიკელი ორატორისა და სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ლიდერის, მარტინ ლუთერ კინგის სიტყვებია, რომელსაც ჰქონდა ოცნება და ცხოვრება მის რეალობად ქცევას მიუძღვნა. 

რასობრივი სეგრეგაციით, დისკრიმინაციითა და მახინჯი მემკვიდრეობით ძირგამოთხრილმა ქვეყანამ, მარტინ ლუთერ კინგის წყალობით თანასწორობა და თავისუფლება გაისიგრძეგანა და შემდეგ ათწლეულების განმავლობაში ამ მონაპოვრით მსოფლიოს მასშტაბით იწონებდა თავს. ყველაფერი კი 1955 წლის 1-ელ დეკემბერს დაიწყო, როდესაც როზა პარკსმა (მოგვიანებით ცნობილმა როგორც „თავისუფლებისთვის მებრძოლი დედა“) ავტობუსში თეთრკანიანთათვის განკუთვნილი ადგილი დაიკავა, შემდეგ კი მის დათმობაზე უარი განაცხადა. როზა ამ ინციდენტის შემდეგ რამდენიმე თვეში დააპატიმრეს, ეს შემთხვევა კი ისტორიაში სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის ათვლის წერტილადაა მიჩნეული.

კინგი მალევე გახდა მოძრაობის ლიდერი, რომლის წევრებმაც 381-დღიან ბოიკოტს მიმართეს, რომელმაც შედეგი გამოიღო და ამერიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, 1956 წლის 20 დეკემბერს, ავტობუსებში სეგრეგაცია არაკონსტიტუციურად გამოცხადდა. ეს გამარჯვება შეიძლება ჩაითვალოს კინგის არაძალადობრივი პროტესტის პირველ დიდ გამარჯვებად. გარდა ამისა, ამ ამბავმა კინგი ამერიკაში საკმაოდ ცნობილ პიროვნებად აქცია.

1964 წელს არაძალადობრივი პოლიტიკის მხედართმთავარმა ნობელის პრემია მიიღო მშვიდობის დარგში, რითაც ყველაზე ახალგაზრდა ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა, ამ დროს ის მხოლოდ 34 წლის გახლდათ.

4. ივანე პავლოვი

ივანე პავლოვი რუსი ფიზიოლოგი გახლდათ, რომლის შეხედულებებმა და კვლევებმა ახალი კარი გააღო ფსიქოლოგიასა და ბიჰევიორიზმში და სამუდამოდ შეცვალა ადამიანის აღქმა საკუთარი ქცევების მიმართ. 

პავლოვს მსოფლიო აღიარება მოუტანა კვლევებმა საჭმლის მონელების ფიზიოლოგიის, სისხლის მიმოქცევის, ცხოველებისა და ადამიანის უმაღლესი ნერვულ მოქმედების საკითხებში. ცნობილია მისი კლასიკური ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებში პავლოვი მშიერ ძაღლებს „ასწავლიდა“ ნერწყვის გამოყოფას მეტრონომის ან ზარის ხმაზე. ამ ცდების საფუძველზე პავლოვმა მეცნიერებაში პირობითი რეფლექსის ცნება შემოიტანა.

1904 წელს ივანე პავლოვს ნობელის პრემია ფიზიოლოგიის და მედიცინის დარგში გადაეცა.

3. დედა ტერეზა

როდესაც საქმე ქველმოქმედებას ან ალტრუიზმს ეხება, შეუძლებელია დედა ტერეზას სახელი არ იყოს ნახსენები და ამას საკუთარი მიზეზიც გააჩნია. დედა ტერეზა ალბანელი კათოლიკე მონაზონი გახლდათ, რომელმაც ორგანიზაცია „ქველმოქმედების მისიონერები" დააფუძნა და 40 წლის განმავლობაში თავი მიუძღვნა კალკუტის ღარიბთა, დავრდომილთა და ობოლთა მოვლას ინდოეთში.

მისიონერთა ორგანიზაციის ზრდასთან ერთად, მისმა წევრებმა სხვა ქვეყნებშიც დაიწყეს საქველმოქმედო საქმიანობა და უკვე 1970-იანი წლებისთვის, დედა ტერეზა მსოფლიოში სახელგანთქმული გახდა  ჰუმანიტარული საქმიანობითა და ღარიბთა და უმწეოთა დახმარებით.

ჰუმანიტარული საქმიანობისთვის დედა ტერეზას ნობელის პრემია 1979 წელს გადაეცა.

2. ალბერტ აინშტაინი

XX საუკუნის უდიდესმა მეცნიერმა და ფიზიკოს-თეორეტიკოსმა ალბერტ აინშტაინმა, სამუდამოდ შეცვალა სამყაროსა და კლასიკური ფიზიკის წარმოდგენები სივრცისა და დროის შესახებ. არავინ იცის, როგორი იქნებოდა ჩვენი აწმყო 1879 წლის 14 მარტს ქვეყანას ალბერტი რომ არ მოვლენოდა, ფიზიკით არ დაინტერესებულიყო და მომავალი თაობებისთვის ზღვა ცოდნა, მიგნებები და თეორიები არ დაეტოვებინა.

ის კი დანამდვილებით ვიცით, რომ სწორედ ალბერტის სახელს უკავშირდება ფარდობითობის თეორიის წამოყენება და ფასდაუდებელი წვლილი კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში.

1921 წელს, ფოტოელექტრონული ეფექტის მისეული განსაზღვრებისთვის და ასევე თეორიულ ფიზიკაში მის მიერ შეტანილი წვლილისთვის, ალბერტ აინშტაინს ნობელის პრემია გადაეცა ფიზიკის დარგში.

1. მარი კიური

დასასრულ კი, პოლონელი ფიზიკოსისა და ქიმიკოსის, მარი კიურიზე და სამყაროს განვითარებაში შეტანილი მისი წვლილის შესახებ გვსურს გიამბოთ. 1895 წელს, პარიზის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მარი ცოლად მიჰყვება პიერ კიურის და მეუღლის ლაბორატორიაში იწყებს მუშაობას. 1898 წლის ივლისში ცოლ-ქმარმა კიურებმა აღმოაჩინეს ახალი ქიმიური ელემენტი პოლონიუმი, ხოლო ამავე წლის დეკემბერში — რადიუმი. 1902 წელს, მარი კიურიმ მიიღო რადიუმის სუფთა მარილის დეციგრამი, რამაც მას საშუალება მისცა განესაზღვრა რადიუმის ატომური მასა, დაედგინა მისი ზოგიერთი ფიზიკური და ქიმიური თვისება, აგრეთვე მისი ადგილი ელემენტთა პერიოდულ სისტემაში.

1903 წელს მარიმ და პიერმა ერთად მიიღეს ნობელის პრემია ფიზიკის დარგში გამოსხივებასთან დაკავშირებულ ფენომენებზე მუშაობისთვის. პიერის გარდაცვალების შემდეგ, მარი ქმრის ადგილს იკავებს და უნივერსიტეტის პირველი პროფესორი ქალი ხდება. მარი კიურის ნობელის პრემია მეორედ 1911 წელს, უკვე ქიმიის დარგში გადაეცა, რადიუმისა და პოლონიუმის აღმოჩენებისთვის.

პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას, მარიმ გამოიყენა თავისი რადიაციული ცოდნა ბრძოლის ველზე მობილურის შესაქმნელად. ის თავად აკეთებდა რენტგენოლოგიურ სამუშაოს და ასევე ავარჯიშებდა სხვა ქალებს რენტგენის გადაღებაში, ეხმარებოდა ექიმებს დაჭრილი ჯარისკაცების სხეულებში ტყვიებისა და ნამსხვრევების პოვნაში.

იმ ეპოქაში, როდესაც ქალები მრავალი თვალსაზრისით ითვლებოდნენ კაცებთან შედარებით დაბალ საფეხურზე მდგომებად, კიურიმ დაამტკიცა თავისი ღირებულება და დატოვა სამეცნიერო მემკვიდრეობა, რომელიც დღემდე აგრძელებს ზემოქმედებას მედიცინასა და ტექნოლოგიაზე.

ზევით