პირველი ქართველი ქალი, ეროვნული გმირის წოდებით - მარო მაყაშვილი

ავტორი: ნანკა კიკალია

 

 

მარო მაყაშვილი 19 წლის გოგონას სახელია და ის თავისუფლების, პატრიოტიზმის, თანასწორობისა და კეთილშობილი იდეალისთვის თავგანწირული ადამიანების ერთგვარი სიმბოლოა.

100 წლის წინ, როდესაც საბჭოთა რუსეთის არმია საქართველოში შემოიჭრა, ახალგაზრდები სამშობლოს გადასარჩენად დაირაზმნენ, მათ კი, 19 წლის მარო მაყაშვილიც შეუერთდა. ახალგაზრდა გოგო წითელ ჯვარში მოწყალების დად ჩაეწერა და კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს შეუერთდა, სადაც ქართველები ერთიანი და დამოუკიდებელი საქართველოსთვის იბრძოდნენ.

„ოჰ, როგორ მძულან, მეტადრე ეხლა, ამ ომის დროს და მერე: ვკითხულობ ყაზბეგის წიგნს, სადაც რუსეთის მთავრობის მოქმედებაა! ეგ ერთი ერია მგონი ესეთი უღმერთო, უბედური, გაუნათლებელი და ღმერთისაგან დაწყევლილი, ღმერთო, მოგვიმართე ხელი", - მარო მაყაშვილის დღიურებიდან

როგორც მაროს მამა, კოტე მაყაშვილი წერდა, 1921 წლის თებერვალში თბილისის გარშემო ზარბაზნები ახმაურდნენ, მაგრამ მაროს გადარწმუნება ვერავინ შეძლო, ვერანაირმა მუდარამ ვერ გაჭრა. „მე იქ უნდა ვიყვე, სადაც იღვრება სისხლი და ცრემლი თანამემამულეთა", - უთქვამს მაროს. გმირის მამას, მწერალთა კავშირის ხელმძღვანელს, კოტე მაყაშვილს, ქალიშვილის სიკვდილის გაგების შემდეგ ერთ ღამეში გაუთეთრდა თმა. მაგრამ ქალიშვილის სიკვდილი განა აკმარეს, თებერვლის ამბების შემდეგ, მაროს ოჯახის წევრები არაერთხელ დაიბარეს დაკითხვაზე - „რატომ კარგი გაგიზრდიათო"...

მარო მაყაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. 1921 წლის 19 თებერვალს 19 წლის გოგოს გვერდით ყუმბარა გასკდა. გმირებს სიმბოლოები უყვართ, პირველი ქართველი ქალის ეროვნული გმირის წოდებით გარდაცვალების თარიღიც სიმბოლურ დატვირთას ატარებს.

ქართველებს, მარო მაყაშვილის დღიურები შემოგვრჩა, როგორც ეროვნული საგანძური, სადაც ის აღგვიწერს, თუ რაზე ფიქრობდა დამოუკიდებელი საქართველოს ერთი მოქალაქე, თუ როგორ სურდა მას უცხოეთში წასვლა და განათლების იქ მიღება, რათა უკან დაბრუნებულს ცოდნა სამშობლოსათვის მოეხმარა, და როგორ მიდის ასეთი ადამიანი ფრონტზე, რადგანაც დარწმუნებულია, რომ სამშობლოსათვის ღირს თავდადება!

„ღმერთო, რად დამბადე ქალად. ქალი უძლური რაღაცა საგანია, კაცების აზრით, მაგრამ ეგ ტყუილია. უმეტეს ნაწილში ქალი უფრო მაღლა დგას კაცზედ, მაგრამ ეს არა სჩანს - ის მდგომარეობის მონაა"

ეს ამონარიდი მარო მაყაშვილს ეკუთვნის, რომელიც საკუთარ დღიურში ჩაწერა. მიუხედავად ამ ფრაზისა, მარო ფემინიზმის ნამდვილი სიმბოლოა. ალბათ, 16 წლის გოგო ვერც კი წარმოიდგენდა, რომ 100 წლის შემდეგ ის დამოუკიდებელი საქართველოს ერთიან სიმბოლოდ იქცეოდა! დამეთანხმებით, მარო და მაროსნაირები თავისდაუნებურად ცვლიან და ქმნიან ახალ ისტორიას. 

ზევით